Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სკეპტიკური დამოკიდებულება საქართველოსთან ურთიერთობის მიმართ


გიორგი კაკაბაძე, თბილისი რუსეთის ინტერნეტგაზეთი “სტრანა” არ იზიარებს საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომ “საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაში დათბობის პროცესი შეინიშნება” და რომ “ორი ქვეყნის

ურთიერთობა თანდათან ნორმალურ კალაპოტს უბრუნდება”. გაზეთის თქმით, ფაქტები იმას მოწმობს, რომ მოსკოვისა და თბილისის ურთიერთობას დათბობამდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია. გაგაცნობთ 17 დეკემბრის “სტრანაში” გამოქვეყნებული წერილის შინაარსს.

გაზეთი წერს, რომ ამ დღეებში საქართველოს პრეზიდენტს ნდობის სიგელები გადასცა რუსეთის ახალმა ელჩმა ვლადიმირ ჩხიკვიშვილმა. ეს მოვლენა ედუარდ შევარდნაძემ იმისთვის გამოიყენა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობაში პოზიტიური ტენდენციები აღენიშნა. მაგრამ, “სტრანას” თქმით, ამ შეფასების კონკრეტული დამადასტურებელი ფაქტები მას ძალიან მარტივი მიზეზის გამო არ დაუსახელებია: ასეთი ფაქტები, უბრალოდ, არ არსებობს.

გაზეთის მიხედვით, “უკანასკნელ დღეებში საქართველოს მხარემ ნერვიული რეაგირება მოახდინა ბათუმიდან და ახალქალაქიდან რუსეთის ბაზების გატანის შესაძლო ვადებთან დაკავშირებით. ამ პროცესის დასრულების რეალურ ვადად მოსკოვი 11 წელს ასახელებს, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრეი ნიკოლაევმა ეს ვადა 6-7 წლამდეც კი შეამცირა, მაგრამ რუსეთში არავინ საუბრობს იმ 2-3 წლიან ვადაზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ითხოვს”. “სტრანა” აღნიშნავს, რომ მთავარი სიძნელე ახალი დისლოკაციის ადგილებში სამხედრო მოსამსახურეთათვის მუშაობისა და ცხოვრების პირობების შექმნას უკავშირდება.

გაზეთის თქმით, “გარდა ამისა, საქართველო აპირებს 700 მილიონი დოლარის ტოლი ანგარიში წარუდგინოს რუსეთს იმ შემთხვევაში, თუ მომავალი წლის ივნისისთვის ბაზების გატანასთან დაკავშირებული ვადების საკითხი მოუგვარებელი დარჩება”.

შემდეგ წერილში ნათქვამია, რომ “შევარდნაძე ცდილობს შეარბილოს შექმნილი მწვავე ვითარება და აცხადებს, რომ თბილისის პოზიცია ვადებთან დაკავშირებით “შეიძლება უფრო ლოიალური და მოქნილი გახდეს”. ამასთან, იგი არ ამბობს, თუ კონკრეტულად რაზეა დამოკიდებული პოზიციის შეცვლა, მაგრამ რუსეთ-საქართველოს მომავალ ჩარჩოხელშეკრულებაზე მიანიშნებს და სურს, რომ საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანის პროცესს აშშ მიუერთდეს”. “სტრანას” აზრით, ეს უკანასკნელი შეიძლება შეფასდეს, როგორც თბილისის სურვილი გამოიყენოს ვაშინგტონის ავტორიტეტი მოსკოვზე დამატებითი ზემოქმედების განსახორციელებლად.

გაზეთის მიხედვით, თუ ეკონომიკაზე ვისაუბრებთ, საქართველოს პრეზიდენტი აქაც ცდილობს, რომ რუსეთზე ნაკლებად დამოკიდებული იყოს. ამას მოწმობს მისი ძალისხმევა, რომელიც ბაქო- თბილისი-ერზერუმის გაზსადენისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტების განხორციელებას უკავშირდება. ამასთან, როგორც “სტრანა” აღნიშნავს, “შევარდნაძე ისევ თავისი ტაქტიკის ერთგული რჩება და სიტუაციის შესარბილებლად იმასაც ამბობს, რომ “რუსეთი მნიშვნელოვან ენერგოპარტნიორად რჩება საქართველოსთვის”.

გაზეთი წერს, რომ, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, “რუსეთის ზოგიერთი პოლიტოლოგი მარგინალურად აფასებს საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას რუსეთისთვის. ასე ფიქრობს, მაგალითად, ფონდ “პოლიტიკის” პრეზიდენტი ვიაჩესლავ ნიკონოვი. მისი აზრით, შევარდნაძე ისევ ისე იქცევა, როგორც ერთ-ერთი სუპერსახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბიპოლარული მსოფლიოსთვის დამახასიათებელი ურთიერთდაპირისპირების ეპოქაში”. “სტრანას” თქმით, “ამ აზრს რუსეთის ბევრი სხვა დამკვირვებელიც იზიარებს”.
XS
SM
MD
LG