Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული ეკონომიკური ისტებლიშმენტი წლების განმავლობაში უცვლელია


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ამ უკანასკნელ ხანებში საქართველოში ტრადიციად იქცა ყოველი წლის ბოლოს საზოგადოებრივ, კულტურულ თუ ეკონომიკის სფეროში, წლის შედეგების მიხედვით, საუკეთესოთა გამოვლენა და პოპულარობის რეიტინგის შედგენა.

ამგვარი რეიტინგი გამოაქვეყნა სოციოლოგიური კვლევის ცენტრმა ”რეიტინგი კავკასიამაც”, რომლის მიზანიც საქართველოში 2002 წლის საუკეთესო ბანკების, ბანკირების, კომპანიებისა და ბიზნესმენთა ათეულის დასახელება იყო.

გამოკითხვა მეორედ ჩატარდა და, ორგანიზატორების თქმით, მთელი საქართველო მოიცვა. პოპულარობის რეიტინგის დასადგენად გამოიკითხა 1000 რესპონდენტი თბილისსა და რეგიონებში, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარდა. გამოკითხულთა შორის 100 ექსპერტი იყო სხვადასხვა სფეროში.

ბანკირთაგან ხალხის რჩეულთა შორის აღმოჩნდნენ: მამუკა ხაზარაძე (”თიბისი ბანკი”), ვლადიმერ პატეიშვილი (”საქართველოს ბანკი”) და ვანო ჩხარტიშვილი (გქბ), ხოლო ექსპერტებმა უპირატესობა ვლადიმერ პატეიშვილს, ირაკლი კოვზანაძეს (გქბ) და ვახტანგ ბუცხრიკიძეს(”თიბისი ბანკი”) მიანიჭეს.

ფაქტობრივად, იდენტური აღმოჩნდა ბანკების პოპულარობის რეიტინგი, სადაც თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი და გაერთიანებული ქართული ბანკი ლიდერობს.

რაც შეეხება კომპანიებს, აქაც სავსებით პროგნოზირებადი შედეგია ნაჩვენები და საუკეთესო ქართულ კომპანიებს შორის დასახელებულია: ს/ს ”ყაზბეგი”, ”საქართველოს რკინიგზა” და ”მინისა და მინერალური წყლების კომპანია”. ბიზნესმენთა შორისაც ამ კომპანიების მესვეურები ლიდერობენ. გამოკითხულთა უმრავლესობამ რჩეულთა შორის პირველ სამეულში გოგი თოფაძე (”ყაზბეგი”), აკაკი ჩხაიძე (საქართველოს რკინიგზა) და მამუკა ხაზარაძე (”მინისა და მინერალური წყლების კომპანია”) დაასახელეს.

პოპულარობის რეიტინგში, ფაქტობრივად, ვერ ვხვდებით ახალ სახეებს, გასულ წელთან შედარებით. თავად რეიტინგის ორგანიზატორები ამას კანონზომიერად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში საუკეთესოთა შორის ერთი და იგივე პიროვნებების ფიგურირება იმის მაუწყებელია, რომ ქვეყანაში გაჩნდა სტაბილური ბანკები, კომპანიები და ფირმები და ჩამოყალიბდა მყარი საფინანსო-ეკონომიკური ისტებლიშმენტი. ანუ ორგანიზატორებს ეს ტენდენცია სტაბილურობის მომასწავებლად მიაჩნიათ. შესაძლოა, ამ მოსაზრებას ჰქონდეს საფუძველი, თუმცა ის, რომ საუკეთესო ბიზნესმენთა და კომპანიათა ათეული, ფაქტობრივად, წლობით არ იცვლება, ჩვენი აზრით, უფრო იმის მომასწავებელი უნდა იყოს, რომ სახელმწიფოში ლეგალური ბიზნესის კეთების გარემო უკიდურესად გაუარესებულია. ახალ კაპიტალს, ახალ იდეებსა და სამეწარმეო უნარს უფრო და უფრო უჭირს ადგილის დამკვიდრება და ეკონომიკურ ელიტას კვლავინდებურად ის ადამიანები შეადგენენ, რომელთაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ლეგალური თუ არცთუ კანონიერი გზით სოლიდური ქონების დაგროვება შეძლეს.

დღეს, ზოგადად, სამეწარმეო გარემო, წინა წლებთან შედარებით, კიდევ უფრო გაუარესებულია. ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ქვეყანაში ინვესტიციების რაოდენობამ კატასტროფულად იკლო, თუმცა რა ინვესტიციებზე შეიძლება ლაპარაკი, როდესაც ნებისმიერ უცხოელს ან მეტ-ნაკლებად შეძლებულ ადამიანს საქართველოში არათუ კაპიტალის, ელემენტარულად, სიცოცხლის უსაფრთხოების არანაირი გარანტია არა აქვს.

ხელისუფლების თავმომწონე განცხადებები ქვეყანაში კრიმინალთა თარეშის ალაგმვისა და სტაბილურობის დამყარების შესახებ უკვე კარგა ხანია ცინიკურ ელფერს ატარებს. ეკონომიკის კრიმინალიზაციამ უკვე იმ მასშტაბებს მიაღწია, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორებისა და დონორების დაუფარავ შეშფოთებას იწვევს. დასავლეთი, რომელიც პოლიტიკური მოტივებით ყოველთვის შედარებით ლიბერალური და შემწყნარებლური იყო ქართული ხელისუფლებისადმი, არცთუ იშვიათად უკვე ულტიმატური ხასიათის განცხადებებს აკეთებს.

დღევანდელი მოჩვენებითი სტაბილურობა ბევრ ექსპერტს იმ საბჭოთა პერიოდს აგონებს, რომელიც ”უძრაობის წლებად” მოინათლა. ალბათ, შეუძლებელია რომელიმე ქვეყანაში რამდენიმე წლის განმავლობაში მთავარ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მოვლენად ერთი და იგივე, თუნდაც მნიშვნელოვანი, მაგრამ ჯერ განუხორციელებელი პროექტი სახელდებოდეს. შეუძლებელია ქვეყნის ბედი ერთ მილზე იყოს დამოკიდებული და ხელისუფლება ამ მილის იმედად ათასგვარი დაპირებებით კვებავდეს საკუთარ მოსახლეობას. შეუძლებელია, ნახევარ მილიარდიანი ინვესტიციებისა და კრედიტების მიუხედავად, ჰიდრორესურსებით უმდიდრესი სახელმწიფო ოცდამეერთე საუკუნეში ისევ უკუნში იყოს ჩაფლული და ენერგოკრიზისმა ანეგდოტური ხასიათი შეიძინოს. გასაოცარია, ხელისუფლება ყოველ წელს კორუფციის დამარცხების წლად აცხადებდეს, კორუფციის მასშტაბი კი პერმანენტულად იზრდებოდეს. გასაკვირია, მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის სოციალურად ორიენტირებულობას იკვეხნიდეს და ამ დროს საკუთარი, ყველაზე დაუცველი, მოსახლეობის მიმართ დავალიანებებს ყოველწლიურად რამდენიმე მილიონით ზრდიდეს.

ყოველივე ეს გასაოცარი და შეუძლებელია სხვაგან, ნორმალურ სახელმწიფოში, ჩვენთან კი, საქართველოში, სამწუხაროდ, - ფაქტია. ამ შემთხვევაში ხელისუფლების უუნარობასა და ტოტალურ უპასუხისმგებლობაზე მეტად შემაშფოთებელი, ჩვენი აზრით, საზოგადოებრივი ნიჰილიზმია, რომელიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ”სიკეთეს” ყოველწლიურად გაფურჩქვნის საშუალებას აძლევს.
XS
SM
MD
LG