Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგაზრდული პროგრამის დღევანდელ გადაცემაში


ეკა წამალაშვილი და დავით პაიჭაძე, თბილისი ახალგაზრდული პროგრამის დღევანდელ გადაცემაში

ერთ სიახლეს წარმოგიდგენთ, თუ შეიძლება სიახლე ეწოდოს ადგილს, სადაც მხოლოდ წიგნი იყიდება. მაგრამ თუ გავიხსენებთ, რომ დამოუკიდებელ საქართველოში აგერ უკვე მე-11 წელია არ გახსნილა წიგნის მაღაზია, ხოლო რაც იყო, ან დაიხურა, ან, ასე ვთქვათ, პროფილი გაუფართოვდა – მაღაზიის გაჩენა, რომელშიც მხოლოდ წიგნით ვაჭრობენ, შეიძლება, მართლაც, მოვლენა იყოს. ბოლო ათი წლის მანძილზე დაიმსხვრა მითი, რომ ქართველები, ლამის მასობრივად, წიგნის დამფასებელი და მკითხველი ხალხია. ასეთი ხალხის ხელში წიგნის მაღაზიებს არ აქცევენ ტექნიკური წვრილმანების, საიუველირო თუ ფარმაკოლოგიური ნაწარმის გასაყიდ ადგილად, ვალუტის გადახურდავების პუნქტებად, კაფეებად, მინი-მარკეტებად და ხორცის მაღაზიებად. წიგნის მაღაზიებს დამოუკიდებელ საქართველოში სწორედ ეს ბედი ეწია. უკეთეს შემთხვევაში, ისინი შეავიწროეს. და აი, რამდენიმე დღის წინ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, გაიხსნა “პარნასი”, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან თითმერია ამბობს, რომ წიგნის გარდა თუ რაიმეს გაყიდის, ეს მხოლოდ საკანცელარიო ნივთები იქნება. მე და ჩემი კოლეგა ეკა წამალაშვილი ვესტუმრეთ “პარნასს” და გადაცემაში შემოგთავაზებთ ინტერვიუს ლევან თითმერიასთან. მანამდე კი ეკა წამალაშვილი წიგნის ბიზნესზე ესაუბრა გია დარსალიას, მაღაზიის დირექტორს. საგულისხმოა, რომ ჩვენი ორივე რესპონდენტი ახალგაზრდაა. ეგებ, ეს არის ნიშანი იმისა, რომ წიგნის გამოცემას და კითხვას საქართველოში მომავალი აქვს.



2002 წელს თუ რამემ გაახარა და გაახალისა ჩვენი საზოგადოება, ერთ-ერთი მათგანი “წიგნის საერთაშორისო ფესტივალი” იყო. ის, როგორც გვახსოვს, ფილარმონიის ფოიეში გაიხსნა. “წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის” ამ შარშანდელმა ღონისძიებამ უამრავი ადამიანი დააინტერესა. ფილარმონიის ფოიეში გამოფენილი წიგნები, საქართველოში და არა მარტო საქართველოში გამოცემული, ხალისიან გარემოში გაიყიდა. შარშანდელი “თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი” წიგნის ზეიმი იყო და ამ ზეიმმა აჩვენა, რომ, უამრავი ყოფითი სირთულეების მიუხედავად, საქართველოში საგამომცემლო საქმე ვითარდება, წიგნს კი მკითხველი ჰყავს. ამის კიდევ ერთი დადასტურებაა ის ინიციატივა, რომელზეც დღევანდელ გადაცემაში გვაქვს საუბარი.

გამომცემლობა “საარის” დამფუძნებლის ლევან თითმერიას მიერ ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, რამდენიმე დღის წინ გახსნილი წიგნის მაღაზია მყიდველის დეფიციტს არ უჩივის. პირიქით, ამ პატარა მაღაზიას ამ დღეებში ბევრმა მიაკითხა. იქ დაინტერესებულ პირს შეუძლია შეიძინოს ყველაფერი, დაწყებული მხატვრული ლიტერატურით, საბავშვო ლიტერატურით, დამთავრებული სახალისო-საცნობარო, სასწავლო თუ სამეცნიერო გამოცემებით. “პარნასში” ახალი წლის წინა დღეებში ბევრი წიგნი გაიყიდა, ამდენად, სულ რაღაც ერთი კვირის პრაქტიკამ მაღაზიის დამფუძნებელს აჩვენა, რომ თბილისში წიგნის ბიზნესმა უნდა გაამართლოს.

პირველ დღეებში განსაკუთრებული მოთხოვნილება იყო საბავშვო ლიტერატურაზე. ამ სახის წიგნები საახალწლო საჩუქრების სახით გაიყიდა. კარგად გაიყიდა მხატვრული ლიტერატურაც, როგორც საქართველოში, ისე რუსეთში გამოცემული. შედარებით ნაკლები იყო მოთხოვნილება სერიოზულ, სპეციალურ ლიტერატურაზე, თუმცა “პარნასის” დირექტორმა გია დარსალიამ ჩვენთან საუბრისას ივარაუდა, რომ სპეციალურ ლიტერატურაზე მოთხოვნილების დეფიციტი საახალწლო განწყობილებამ განაპირობა და არა ასეთ წიგნებზე მოთხოვნილებისუქონლობამ. წიგნის ახალ მაღაზიაში ყოფნისას მე პირადად შევამჩნიე, რომ განსაკუთრებული მსყიდველობითი უნარით თბილისშიც “ჰარი პოტერი” გამოირჩევა. აი, რა გვითხრა ამასთან დაკავშირებით “პარნასის” დირექტორმა გია დარსალიამ:

[გია დარსალიას ხმა] “ ჰარი პოტერი გაიყიდა, ალბათ, ყველაზე მეტი, მიუხედავდ იმისა, რომ არ გვქონდა. როგორც კი მოდიოდა, მაშინვე იყიდებოდა. ეს, სხვათა შორის, კარგი მაგალითია იმის, რომ თუ წიგნს გაუკეთდება კარგი რეკლამა გამომცემლის მხრიდან, წიგნის მყიდველი საქართველოში არის.”

თავად “პარნასს” რეკლამა არ ჰქონია, თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმას, რომ ამ მაღაზიის გახსნის ფაქტმა ჟურნალისტების აქტიური დაინტერესება გამოიწვია. და მაინც, დღეში დაახლოებით რამდენი ადამიანი აკითხავს “პარნასს,” მაღაზიის თანამშრომლებმა არ იციან, რადგან ამ საინტერესო მონაცემის დასადგენად დრო არ დარჩენიათ.

[გია დარსალიას ხმა] “რეკლამა, პირდაპირი მნიშვნელობით, არ გვქონია. ჩვენი რეკლამა იყო ის, რომ ძალიან ბევრი სიუჟეტი გადაიცა, ბევრი დაიწერა. ბევრი გულშემატკივარი გვყავდა. ამით ჯერჯერობით ფონს გავედით და მერე ვნახოთ. “

რა იქნება მერე, ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით იმის თქმა შეიძლება, რომ “პარნასი” თავის საქმიანობას წიგნის გაყიდვით არ ამოწურავს და ქართველ მკითხველს გამომცემლებთან და მწერლებთან შეხვედრებზეც მიიწვევს. აქვე შევნიშავთ, რომ “პარნასის” თაროებზე იოლად აღმოაჩენთ თანამედროვე ქართველი ავტორების წიგნებს. ამ მხრივ, დეფიციტი იქ არ არსებობს. ამას გარდა, იყიდება ძველი და, თანაც, საკმაოდ საინტერესო გამოცემებიც. თუმცა მაღაზიის დირექტორი ამბობს, რომ ბუკინისტური განყოფილება “პარნასში” დროებითი მოვლენა იქნება. რომ არა ფაქტი იმისა, რომ არ არსებობს შოთა რუსთაველის ან გალაკტიონის ახალი გამოცემები, “პარნასი,” მთლიანად, ახალი გამოცემების მაღაზია იქნებოდა. ეს არის, რომ წიგნის ბიზნესის წამომწყებებს ეჩოთირათ საკუთარ მაღაზიაში ქართული ლიტერატურა დიდი ქართველი მწერლებისა და პოეტების გვერდის
ავლით წარმოედგინათ.

“პარნასი” საქართველოში მოქმედ ყველა გამომცემლობასთან თანამშრომლობს, მას პარტნიორების ფართო ქსელის შერჩევა მოუხდა რუსეთშიც. უფრო გაუიოლდა კავშირის დამყარება უცხოურ გამომცემლობებთან, რადგან ამ შემთხვევაში ერთ დისტრიბუტორთან პარტნიორობაც საკმარისია სხვადასხვა გამომცემლობების გამოცემებზე მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. საუბრის დასასრულს აღვნიშნავ, რომ “პარნასის” მფლობელებმა თავისი ბიზნესი სხვისი გამოცდილების გაუთვალისწინებლად დაიწყეს, რადგან მსგავსი გამოცდილება არ არსებობდა. როგორც გია დარსალიამ გვითხრა, მათ არც წიგნის ბაზარზე მოთხოვნილება შეუსწავლიათ. ასეა თუ ისე, დასაწყისმა გაამართლა, თანაც, ერთი საინტერესო ტენდენციის გამოკვეთით:

[გია დარსალიას ხმა] “ხალხი წიგნებს ყიდულობდა, მაგრამ ეს ხდებოდა ქუჩაში ან ძველმოდურ მაღაზიებში. ამდენად, სხვის მაგალითზე ვერ გავთვლიდით იმას, თუ რომელ წიგნებზეა მოთხოვნა. სხვათა შორის, ერთი საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა ამ 5 დღის განმავლობაში. ის წიგნები, რომლებიც ქუჩაში იყიდება, აქ არ იყიდება, ხოლო რაც აქ იყიდება, ქუჩაში არ იყიდება, ანუ ჩვენ მოვიზიდეთ არა ის მყიდველი, რომელიც ქუჩაში ყიდულობდა წიგნებს, არამედ ის მყიდველი, რომელიც საერთოდ არ ყიდულობდა წიგნებს იმიტომ, რომ არ უნდოდა ქუჩაში ეყიდა წიგნი. ეს ძალიან გასახარია.”

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG