Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრემიერ-მინისტრი ერაყის თაობაზე მეზობლებს ეთათბირება


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა თურქეთი შეერთებული შტატების სტრატეგიული მოკავშირეა ახლო აღმოსავლეთში და ნატოს ერთადერთი წევრი ამ რეგიონში. აქედან გამომდინარე, თითქოს თავისთავად ცხადი უნდა იყოს,

რომ ის მხარს დაუჭერს ერაყის წინააღმდეგ შეერთებული შტატების ნებისმიერ ოპერაციას. ჯერჯერობით ანკარა ფეხს ითრევს, მაგრამ ანალიტიკოსების აზრით, თუმცა თურქეთი ერაყის კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე ლაპარაკობს, მას მაინც მოუხდება ერაყის წინააღმდეგ ომში მონაწილეობა.

თურქეთის პრემიერ-მინისტრი აბდულა გული ოფიციალური ვიზიტით ეწვია სირიას, ეგვიპტესა და იორდანიას, რათა გამოერკვია, რა აზრის იქნებიან თურქეთის არაბი მეზობლები, თუ ანკარა ერაყის წინააღმდეგ ომში ჩაბმას გადაწყვეტს. მაგრამ ჟურნალისტებთან საუბარში გულს მოლაპარაკებების დეტალები არ გაუმხელია და თქვა მხოლოდ, რომ ის და არაბი ლიდერები შეთანხმდნენ, ერთიანი ძალისხმევით სცადონ კონფლიქტის თავიდან აცილება.

ანკარის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის დირექტორმა სეიფი ტაშჰანმა, ჩვენს რადიოსთან საუბარში აღნიშნა, რომ გულის რეგიონული ტურნეს მიზანი, უპირველეს ყოვლისა, ომის თავიდან აცილებაა, ომისა, რომელიც რეგიონში ეკონომიკურ და სოციალურ დესტაბილიზაციას გამოიწვევდა.

თურქეთის პრემიერ-მინისტრი საუდის არაბეთსა და ირანში გამგზავრებასაც აპირებს. გარდა ამისა, უახლოეს ხანში ბაღდადში, ერაყის ლიდერებთან რეგიონში შექმნილი სიტუაციის განსახილველად, სახელმწიფო მინისტრს კურშატ ტუზმენს მიავლენენ. თურქეთის წინა მთავრობაში ტუზმენს ერაყთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე მეთავალყურეობა ევალებოდა.

ანკარა, აცხადებს რა, რომ 1991 წლის სპარსეთის ყურის ომში მონაწილეობის შედეგად მისი შემოსავალი 40 მილიარდი დოლარით შემცირდა, უკანასკნელ წლებში, ბაღდადთან სავაჭრო კავშირების აღდგენით, ამ ზარალის ანაზღაურებას ცდილობს. ჟურნალისტებთან საუბარში ტუზმენმა თქვა, რომ ანაკარას არ სურს 12 წლის წინანდელი სიტუაციის გამეორება.

თურქეთი იმედოვნებს, რომ ვაშინგტონი მას კომპენსაციას შესთავაზებს. მაგრამ შეერთებული შტატების ადმინისტრაციის წინადადებები ზემოთ ხსენებული ციფრებისგან შორს დგას. ვაშინგტონი ანკარას დაუყოვნებლივ სთავაზობს სამ მილიარდამდე დოლარს და კიდევ 20 მილიარდს – სესხებზე გარანტიებისა და სამხედრო დახმარების სახით. ანკარა მეტს ელის.

თურქეთის ლიდერთა აზრით, რეჟიმის ნებისმიერი შეცვლა ბაღდადში გამოიწვევს მღელვარებასა და პოლიტიკურ არეულობას სამხრეთ-აღმოსავლეთი თურქეთის სეპარატისტულ რეგიონში, რომელიც, ჩრდილოეთი ერაყის მსგავსად, უმთავრესად ქურთებით არის დასახლებული.

4 იანვარს, სტამბოლის გაზეთ "აკსამისთვის" მიცემულ ინტერვიუში, გულმა ერაყი "პანდორას ყუთს" შეადარა. ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე გულმა თქვა, რომ სადამ ჰუსეინს შეუძლია ამ "არასასურველი ომის" თავიდან აცილება.

[გულის ხმა] "არსებობს გაეროს რეზოლუცია. მის საფუძველზე ექსპერტები ერაყში გამოძიებას აწარმოებენ და 27 იანვარს თავიანთი ანგარიში უნდა წარმოადგინონ. უპირველეს ყოვლისა, ერაყმა ყველაფერი უნდა მოიმოქმედოს, რათა ანგარიში სასიკეთო აღმოჩნდეს. ბაღდადი არ უნდა მერყეობდეს, მისი თანამშრომლობა ერთმნიშვნელოვანი და აშკარა უნდა იყოს."

თურქეთისგან, როგორც რეგიონში ნატოს ერთადერთი წევრისგან, მოელიან, რომ ის შეერთებულ შტატებს ლოგისტიკურ დახმარებას აღმოუჩენს. ადგილობრივი პრესის ვარაუდით, შეერთებული შტატები, ერაყში ინტერვენციის შემთხვევაში, თურქეთის ტერიტორიაზე 80 ათასი ჯარისკაცის განთავსებას მოითხოვს.

გულმა თქვა, რომ არაფერი აქვს საწინააღმდეგო, თუ ამერიკას თურქეთის სამხედრო-საჰაერო ბაზებითა და საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლება მიეცემა. პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ ამის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება თურქეთის პარლამენტის პრეროგატივაა.

ორშაბათს, თურქეთის საგრეო საქმეთა მინისტრმა იასარ იაკისმა, ყოველდღიურ გაზეთ "ჰურიეთისთვის" მიცემულ ინტერვიუში ივარაუდა, რომ პარლამენტი მხარს არ დაუჭერს თურქეთის მიწა-წყალზე შეერთებული შტატების ჯარის განთავსებას.
XS
SM
MD
LG