Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად უსაფრთხოა ჟურნალისტების მუშაობა


გიორგი კაკაბაძე, თბილისი ელენე ლორთქიფანიძის მასალა ეძღვნებოდა წლიურ ანგარიშს პრესის თავისუფლებაზე მეთვალყურე ჯგუფისა – “რეპორტიორები უსაზღვრებოდ”.მინდა ამ თემის გარშემო საუბარი გავაგრძელო და

თან საქართველოს პრობლემატიკასაც შევეხო.

შარშან ორგანიზაციამ “რეპორტიორები უსაზღვრებოდ” რეაგირება მოახდინა საქართველოში მომხდარი დარბევის ფაქტზე. შეგასხენებთ, რომ 2002 წლის 10 ივლისს რამდენიმე ბოროტმოქმედმა თბილისში დაარბია არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფლების ინსტიტუტისა” და თბილისის პრესკლუბის ოფისი და 5 ადამიანს ხელკეტებითა და კასტეტებით სცემა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, გენერალურმა მდივანმა ორგანიზაციისა “რეპორტიორები უსაზღვრებოდ”, რობერ მენარმა, 12 ივლისს წერილით მიმართა საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს და გამოთქვა იმედი, რომ ქვეყნის პრეზიდენტი შეძლებს ის დაარწმუნოს, რომ დამნაშავეებს დააპატიმრებენ და საკადრისად დასჯიან. რობერ მენარის თქმით, დამნაშავეების დასჯა დააშინებს იმათ, ვინც მომავალში ძალადობრივი ქმედების განხორციელებას დააპირებს.
საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა ისღა მოახერხეს, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილი ერთადერთი პირი დააკავეს. სასამართლომ მას აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა არ შეუფარდა. ამდენად, დანაშაულის ჩადენიდან ნახევარი წლის შემდეგაც საქმე რეალურად გახსნილი არ არის.

რა მდგომარეობაა ჟურნალისტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მსოფლიო მასშტაბით? ორგანიზაციის “რეპორტიორები უსაზღვრებოდ” წლიური მოხსენების მიხედვით, 2002 წელს მთელ მსოფლიოში 25 ჟურნალისტი მოკლეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ან მათი რეპორტაჟებით უკმაყოფილების გამო. ამ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის ინტერნეტგაზეთ “უტროს” 8 იანვრის გამოშვება. მოხსენების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ შარშანწინ 31 ჟურნალისტი დაიღუპა, ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებმა აშკარად იმატა. შარშან ოფიციალურად დაფიქსირდა 1 420 შემთხვევა, როდესაც რეპორტიორებს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ და სცემდენენ. შედარებისთვის: 2001 წელს ასეთი შემთხვევა 700 არ აღემატებოდა. თითქმის ორჯერ გაიზარდა დაპატიმრებულ ჟურნალისტთა რიცხვი: შარშან, სულ მცირე, 692 ჟურნალისტი მოხვდა ციხეში.

საინტერესოა, რომ ორგანიზაციის მოხსენების თანახმად, შარშან ჟურნალისტების უფლებები მეტად აქტიურად ილახებოდა იტალიასა და აშშ-ში, სადაც რამდენიმე რეპორტიორი ციხეში მოხვდა.

ინტერნეტგაზეთი “უტრო” აღნიშნავს, რომ ამ მონაცემებისგან განსხვავებულია კიდევ ერთი მსგავსი ორგანიზაციის - “ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის” ინფორმაცია. ამ ინფორმაციით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას შარშან 48 რეპორტიორი დაიღუპა. ორგანიზაციამ ჟურნალისტებისთვის ყველაზე სახიფათო ქვეყნებად რუსეთი, კოლუმბია და პაკისტანი დაასახელა.

ახლა კი საქართველოს დავუბრუნდეთ. საინფორმაციო სააგენტო “კავკასპრესის” 6 იანვრის ცნობით, წინა დღეს ენგურის ხიდთან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გაზეთ “ახალი ვერსიის” კორესპონდენტ ლაშა ღვინჯილიას. სააგენტოს ინფორმაციით, ჟურნალისტის ცემის მიზეზი მის მიერ გაზეთში გამოქვეყნებული მამხილებელი მასალაა, ფიზიკურ ანგარიშსწორებაში კი ფიგურირებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების თანამშრომელი ჩანგელია და, აგრეთვე, პარტიზანები.
XS
SM
MD
LG