Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უშიშროების სამინისტრო აღიარებს, რომ 2002 წლამდე პანკისში ”ალ-ქაიდას” ხელმძღვანელობასთან დაახლოებული პირები იმყოფებოდნენ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ბრიტანული გაზეთის ”სანდი თაიმსის” პუბლიკაციის შემდეგ პანკისის ხეობა კვლავ საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურებზე დაყრდნობით, გაზეთი იუწყებოდა,

რომ რამდენიმე დღის წინათ ლონდონში დაკავებული ტერორისტები კავშირში იყვნენ პანკისში მოქმედ ”ტერორისტულ აკადემიასთან.” შეგახსენებთ: ლონდონში დაკავებულებს მომწამვლელი ნივთიერება რიცინი აღმოუჩინეს. როგორია საქართველოს სპეცსამსახურების რეაქცია ამ ინფორმაციაზე?

საქართველოს სპეცსამსახურების თავდაპირველი რეაქცია ბრიტანული გაზეთის პუბლიკაციაზე ტრადიციული იყო: ქართველი სპეცსამსახურები კატეგორიულად უარყოფდნენ პანკისის ხეობაში მომწამვლელი ნივთიერების, რიცინის, დამზადების შესაძლებლობას. 14 იანვარს ქართული მხარის პოზიცია მოულოდნელად შეიცვალა - უშიშროების სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის ნიკოლოზ ლალიაშვილის განმარტებით, 2002 წლამდე პანკისის ხეობაში იმყოფებოდნენ არა მხოლოდ არაბი მებრძოლები, არამედ “ალ-ქაიდას” ხელმძღვანელობასთან დაახლოებული პირებიც. კერძოდ:
[ნიკოლოზ ლალიაშვილის ხმა]”უშუალოდ ”ალ-ქაიდას” არხებიდან ფინანსდებოდა პანკისის ხეობაში სამხედრო ჰოსპიტალის ”ასსალამის” მშენებლობა და აღჭურვა. ხეობაში შეღწეული საკმაოდ სოლიდური თანხების განკარგვა ხორციელდებოდა იმ პირთა მიერ, რომლებიც წარმოადგენდნენ ოსამა ბინ-ლადენის უახლოეს გარემოცვას.”
გარდა ამისა, უშიშროების სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი კატეგორიულად არ უარყოფს, რომ პანკისის ხეობაში მზადდებოდა მომწამვლელი ნივთიერებები:
[ ნიკოლოზ ლალიაშვილის ხმა] ”გამომდინარე იქიდან, რომ ძლიერი ტოქსიკური ნივთიერება რიცინი მიიღება მცენარეული ნედლეულისგან და მისი მცირე ოდენობით დამზადება საკმაოდ იოლია, არ არის გამორიცხული, რომ პანკისის ხეობაში სახელდახელოდ მოწყობილ ე.წ. ბაზებზე ხდებოდა ტერორისტთა მომზადება რიცინის გამოყენებაშიც.”
“სანდი თაიმსის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტების გეგმების შესახებ, რაც რამდენიმე ევროპულ ქალაქში ქიმიური შეტევის განხორციელებას ითვალისწინებს, ბრიტანულმა სადაზვერვო სამსახურებმა გუანტანამოს ბაზაზე მყოფი პატიმრებისგან შეიტყვეს. სხვათა შორის, რამდენიმე თვის წინათ უკვე ამერიკული მედია წერდა, რომ ქართულმა მხარემ ამერიკელებს პანკისის ხეობაში დაკავებული “ალ-ქაიდას” წევრები გადასცა. უშიშროების სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის კომენტარი ამ საკითხზე ასეთია:
[ ნიკოლოზ ლალიაშვილის ხმა] ” სამწუხაროდ, ეს ის საკითხია, რომელზეც კომენტარს არ ვაკეთებთ.”
სამაგიეროდ, იგი სიამოვნებით აკეთებს კომენტარს პანკისის ხეობაში დღეს არსებული სიტუაციის შესახებ. ნიკოლოზ ლალიაშვილის განცხადებით:
[ ნიკოლოზ ლალიაშვილის ხმა] ” პანკისის სრული პერიმეტრი არის სრულად კონტროლირებადი ქართველი სამართალდამცავების მიერ”.
XS
SM
MD
LG