Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უშიშროების საბჭოს წევრები ვერ შეთანხმებულან ერაყის საკითხში


ანდრო ეული, პრაღა გაეროს უშიშროების საბჭოს წამყვან წევრებს ეჭვი ეპარებათ, რომ საბჭო ერთიანი ფრონტით შეეცდება ერაყის განიარაღებას. ორშაბათის საგანგებო სხდომაზე, რომელსაც უშიშროების საბჭოს წევრი

ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ, ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ძალის შესაძლო გამოყენების საკითხში კვლავ უთანხმოებამ იჩინა თავი. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, კოლინ პაუელის აზრით, საბჭოს წევრები ვალდებული არიან, ერაყის განიარაღება უზრუნველყონ, ხოლო საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ სამხედრო ძალის გამოყენება ძირს გამოუთხრის ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარე უფრო მნიშვნელოვან გლობალურ ბრძოლას.

უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, ორშაბათს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტრომ ერაყი გაეროს განიარაღების ექსპერტებთან არასათანადო თანამშრომლობისთვის გააკრიტიკეს. მათივე თქმით, ძალზე ცოტა დრო რჩება სამხედრო ძალის გამოყენებამდე.

ხოლო საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დომინიკ დე ვილპენმა და იოშკა ფიშერმა მხარი არ დაუჭირეს ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას. კოლინ პაუელმა უშიშროების საბჭოს მოუწოდა, არ აარიდოს თავი პასუხისმგებლობას ერაყის განიარაღების საკითხში. მოგვიანებით მან კორესპონდენტებს უთხრა, რომ ერაყი არასერიოზულად ეკიდება საბჭოს უკანასკნელ რეზოლუციას: [კოლინ პაუელის ხმა] "ეჭვგარეშეა, რომ ერაყს ჯერაც არა აქვს შეგნებული, რაოდენ სერიოზულ მდგომარეობაში აღმოჩნდა; და დროა მიხვდეს, რომ არ მივცემთ ერაყს იმის უფლებას, იმედი გაუცრუოს გაეროს, საერთაშორისო თანამეგობრობას."

შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ერაყის განიარაღების მიზნით მზად არის, უშიშროების საბჭოს თანხმობის გარეშე უმეთაუროს კოალიციურ ძალებს სამხედრო ოპერაციაში ბაღდადის წინააღმდეგ. ჯეკ სტრომ განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს უკანასკნელი, 1441-ე რეზოლუცია სამხედრო ძალის გამოყენებას ითვალისწინებს ერაყის განიარაღების მიზნით.

მაგრამ უშიშროების საბჭოს სხვა წევრები აცხადებენ, რომ გაეროს განიარაღების ექსპერტებს მეტი დრო უნდა მიეცეს ერაყში თავიანთი მისიის დასასრულებლად.

ორშაბათის საგანგებო სხდომაზე, გაეროში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ერაყის კრიზისის პოლიტიკური გზით მოგვარებას ანიჭებს უპირატესობას. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტან ძია სუანმა კი თქვა, რომ მას შემდეგ, რაც 27 იანვარს, განიარაღების საერთაშორისო კომისიის თავმჯდომარე ჰანს ბლიქსი და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი მოჰამედ ელ-ბარადეი საანგარიშო მოხსენებით წარდგებიან უშიშროების საბჭოს წინაშე, გაეროს განიარაღების ექსპერტებმა ერაყში თავიანთი საქმიანობა უნდა განაგრძონ.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშკა ფიშერმა, რომლის ქვეყანა ამ თვეში გახდა უშიშროების საბჭოს დროებითი წევრი, ქებით მოიხსენია განიარაღების ექსპერტთა საქმიანობა. უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ფიშერმა კვლავ განაცხადა, რომ გერმანია წინააღმდეგია ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებისა.

მანამდე, სხდომაზე გამოსვლისას, ფიშერმა განაცხადა, რომ გერმანიისთვის პრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლას და თან დასძინა, რომ ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყება ძირს გამოუთხრის საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლას, რაც უზარმაზარ რისკთან არის დაკავშირებული.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ დე ვილპენმა, უშიშროების საბჭოს სხდომაზე ხმამაღალი განცხადება გააკეთა განიარაღების ექპერტებთან ერაყის თანამშრომლობის აუცილებლობაზე, ხოლო მოგვიანებით პრესკონფერენციაზე თქვა, რომ სამხედრო აქციას არავითარი გამართლება არ აქვს.
XS
SM
MD
LG