Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები ერაყის ომის მოსალოდნელი შედეგების შესახებ


ანდრო ეული, პრაღა საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები შიშობენ, რომ ერაყთან ომს უზარმაზარი მსხვერპლი მოჰყვება მშვიდობიან მოსახლეობაში. ჰუმანიტარული დახმარების საერთაშორისო ორგანიზაციები

ინტენსიურ კვლევას აწარმოებენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს ერაყთან მოსალოდნელი ომით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაცია. ამ მიმართულებით გაეროში ჩატარებული ზოგიერთი კვლევის შესახებ პრესამ ამ დღეებში შეიტყო.

როგორც გაეროს ექსპერტთა მიერ დეკემბრის დამლევს მომზადებულ საანგარიშო მოხსენებაშია ნათქვამი, 100 ათასი ერაყელი დაიჭრება პირდაპირი საომარი მოქმედებისას კოალიციის ძალებსა და ერაყის პრეზიდენტის სადამ ჰუსეინის ერთგულ მებრძოლებს შორის. მოხსენებაში ნათქვამია აგრეთვე, რომ კიდევ 400 000 ერაყელი, რომელიც ბრძოლებში უშუალოდ არ მიიღებს მონაწილეობას, შესაძლოა, ომით გამოწვეული აუტანელი პირობების მსხვერპლი გახდეს.

ხსენებული დოკუმენტი ინტერნეტში გამოქვეყნდა, თანაც გაეროს თანხმობის გარეშე, თუმცა გაეროს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა კერძო საუბარში აღიარეს, რომ ამგვარი დოკუმენტი ნამდვილად იქნა შედგენილი გაეროს ექსპერტთა მიერ.

იმ დროს, როცა გაეროს სააგენტოები არ აქვეყნებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ემზადებიან ერაყთან მოსალოდნელი ომით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციოდ, დასავლეთის რიგი საქველმოქმედო ორგანიზაციები პირიქით იქცევიან. უკანასკნელ თვეებში ისინი საჯაროდ აცხადებენ, რომ ნებისმიერ სამხედრო ოპერაციას, ერაყში, მოჰყვება ჰუმანიტარული კატასტროფა, რაც დიდ სიძნელეებს შეუქმნის საქველმოქმედო ორგანიზაციებს.

ბრიტანეთში მოქმედი საქველმოქმედო ორგანიზაციის – "გადაარჩინეთ ბავშვები" – წარმომადგენელმა ბრენდან პედიმ, ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი, აგრეთვე სხვა საქველმოქმედო ორგანიზაციათა განგაშს ის იწვევს, რომ ომმა, შესაძლოა, საბოლოოდ გაანადგუროს ერაყში მოსახლეობის სურსათითა და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის რის ვაი-ვაგლახით მოქმედი ინფრასტრუქტურა. ჩრდილოეთ ერაყში ამჟამად მოქმედი დასავლეთის არასამთავრობო ორგანიზაციებიდან "გადაარჩინეთ ბავშვები" უდიდესია.

ბრენდან პედის თქმით, სამხრეთსა და, განსაკუთრებით, ცენტრალურ ერაყში, დღემდე არ არის ლიკვიდირებული ის ზარალი, რაც სპარსეთის ყურის უკანასკნელმა ომმა მიაყენა ამ ქვეყანას. "თუ საავადმყოფოებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ, მაშინ ექიმები ვეღარ უმკურნალებენ ხალხს. სავალალო მდგომარეობაშია კანალიზაციის სისტემა. მაგალითად, ბაღდადსა და ირბილში, ზამთარში, ქუჩები დაზიანებული კანალიზაციიდან ამოსული წყლითაა დაფარული, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას" - ამბობს ბრენდან პედი.
XS
SM
MD
LG