Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

28 იანვარს პრეზიდენტი ბუში მეორედ მიმართავს ამერიკელ ხალხს სიტყვით ''ქვეყნის მდგომარეობის შესახებ''


ანდრო ეული, პრაღა სამშაბათს, 28 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში მეორედ გამოვა კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე ტრადიციული მიმართვით ამერიკელი ხალხისადმი "ქვეყნის მდგომარეობის შესახებ" და,

როგორც მოელიან, საზოგადოებრივი აზრის მიმხრობას შეეცდება ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების საკითხში. შარშან, თავის პირველ მიმართვაში ამერიკელი ხალხისადმი, ჯორჯ ბუშმა მთელი მსოფლიო გააოცა, როცა "ბოროტების ღერძს" მიაკუთვნა ერაყი, ირანი და ჩრდილოეთი კორეა.

ჩვენი რადიოს ვაშინგტონელმა კორესპონდენტმა თხოვნით მიმართა სამ ცნობილ ამერიკელ მიმომხილველს, ერთი წლის გადასახედიდან შეეფასებინათ მოვლენათა განვითარება ერაყში, ირანსა და ჩრდილოეთ კორეაში მას შემდეგ, რაც ამერიკელი ხალხისადმი თავისი პირველი მიმართვისას, ჯორჯ ბუშმა ეს ქვეყნები "ბოროტების ღერძს" მიაკუთვნა.

როგორც ვაშინგტონში მოქმედი ბრუკინგსის ინსტიტუტის პოლიტიკური მიმომხილველი ჯეიმს ლინდსი მიიჩნევს, მართალია ევროპელმა მოკავშირეებმა ზერელე და დაუსაბუთებელი უწოდეს ბუშის გამოსვლას, როცა მან "ბოროტების ღერძს" მიაკუთვნა ერაყი, ირანი და ჩრდილოეთი კორეა, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ფაქტობრივად დაანახა ევროპელებს, რაოდენ პირფერობენ ისინი, როცა საერთაშორისო კანონისა და გაეროს უზენაესობაზე ლაპარაკობენ.

ლინდსის თქმით, ერაყში გაეროს განიარაღების ექსპერტთა საქმიანობის განახლება ჯორჯ ბუშის დამსახურებაა, რომელიც დაიმუქრა, რომ გაეროს თანხმობის გარეშე განახორციელებს სამხედრო ოპერაციას ბაღდადის წინააღმდეგ: [ჯეიმს ლინდსის ხმა] "მხოლოდ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა "გაეროს გარეშე მოვიმოქმედებ რაიმეს სადამ ჰუსეინის წინააღმდეგო", ვაშინგტონის მოკავშირეებმა სრულიად მოულოდნელად შეიგნეს, რომ თუ კანონის უზენაესობაზე აპირებთ ლაპარაკს, ამ კანონის შესრულებაზეც გმართებთ ლაპარაკი."

ყოფილი მაღალჩინოსანი ამერიკელი დიპლომატი ჯოულ ვიტი მთავარი ინიციატორი იყო ჩრდილოეთ კორეასთან 1994 წელს დადებული შეთანხმებისა, რამაც დროებით მოაგვარა ფხენიანთან ბირთვული კრიზისი.

თეთრი სახლის ადმინისტრაციის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ამერიკელი ხალხისადმი ჯორჯ ბუშის პირველი მიმართვა ქვეყნის მდგომარეობის შესახებ იმდენად საგანგაშო იყო, რომ ფხენიანი იძულებული შეიქნა, გადაედგა რამდენიმე სასოწარკვეთილი ნაბიჯი, სახელდობრ გაეუქმებინა 94 წლის შეთანხმება, კვლავ აემოქმედებინა ბირთვული რეაქტორი, დაბოლოს, გასულიყო ხელშეკრულებიდან ბირთვული გაუვრცელებლობის შესახებ.

თუმცა, ჯოულ ვიტის აზრით, ფხენიანის ამგვარი რეაქცია უწინარესად იმით იყო გამოწვეული, რომ ჩრდილოეთი კორეის ლიდერებმა დაინახეს, რომ ბუშის ადმინისტრაციას ხელს არ აძლევს მათთან დიალოგისა და საქმიანი ურთიერთობის გაგრძელება, რასაც პრეზიდენტ კლინტონის ადმინისტრაცია აკეთებდა.

ირანში დაბადებული შერინ ჰანტერი ვაშინგტონში მოქმედი, სტრატეგიულ და საერთაშორისო კვლევათა ცენტრის თანამშრომელია. მისი აზრით, ჯორჯ ბუშის ერთი წლის წინანდელ გამოსვლაში "ბოროტების ღერძის" ხსენებამ, დადებითი კი არა, უარყოფითი გავლენა იქონია ირანში მოვლენათა განვითარებაზე.

როგორც ჰანტერი აღნიშნავს, კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე ბუშის გამოსვლამდე რამდენიმე თვით ადრე ირანმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა ვაშინგტონთან ურთიერთობათა გაუმჯობესების მიმართულებით, სახელდობრ, თეირანმა თანაგრძნობა გამოუთქვა ამერიკელ ხალხს 11 სექტემბრის ტრაგედიასთან დაკავშირებით. შემდეგ გაკეთდა ოფიციალური განცხადება, რომ ავღანეთთან ომის დროს ირანი თავის ტერიტორიაზე დახმარებას აღმოუჩენდა ნებისმიერ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს. გარდა ამისა, ირანმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ბონის კონფერენციის მოწყობაში, რასაც ავღანეთის გარდამავალი მთავრობის შექმნა მოჰყვა შედეგად.

ყოველივე ეს, ამბობს შერინ ჰანტერი, ქებით მოიხსენიეს მაშინ თეთრი სახლის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, მათ შორის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმაც. და პირველად, 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ, თეირანში, აშშ-თან ურთიერთობის ჭეშმარიტ გაუმჯობესებაზე ალაპარაკდნენ.

"და ყოველივე ამის შემდეგ, ირანს, "ბოროტების ღერძმა" მიაყენა დარტყმა. ვფიქრობ ამან ნამდვილად გააოგნა ირანელები" – უთხრა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს შერინ ჰანტერმა.
XS
SM
MD
LG