Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგადასახადო კოდექსს მორიგი ცვლილებები ელის


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ახალი წლიდან საგადასახადო კოდექსში შეტანილი რამდენიმე ცვლილება ამოქმედდა, თუმცა უფრო სერიოზულ ცვლილებათა პაკეტი ჯერ კიდევ განხილვის სტადიაშია და საკანონმდებლო ხელისუფლება

მას მოგვიანებით მიუბრუნდება. გესაუბრებით ფისკალურ სფეროში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ.

მრავალჯერ შესწორებულ საგადასახადო კოდექსში 1 იანვრიდან რამდენიმე ცვლილება შევიდა ძალაში. ქართული ლუდის მაგნატმა გოგი თოფაძემ, ბოლოს და ბოლოს, მოახერხა და ალაოს იმპორტის დღგ-საგან გათავისუფლებას მიაღწია. ნაკლებად გაუმართლათ მთიანი რეგიონების ლობისტებს, რომელთაც, მართალია, გასულ წელს პარლამენტს მიაღებინეს საშეღავათო რეჟიმი, მაგრამ, საბიუჯეტო პრობლემების გამო, წელს მაღალმთიანი რაიონების მცხოვრებლები შეღავათიანი საშემოსავლო გადასახადით ვერ ისარგებლებენ და ვერც ამ რეგიონის საწარმოები შეძლებენ მოგების გადასახადის სპეციალური ტარიფით სარგებლობას. ეს შეღავათები მხოლოდ 2004 წელს შევა ძალაში.

წელს ასევე ძალაში დარჩა ნავთობპროდუქტებსა და თამბაქოზე ფიქსირებული გადასახადის რეჟიმი. რკინიგზა ასევე ცენტრალიზებულად გადაიხდის დღგ-ს და საწარმოები, რომლებიც სასმელი წყლისა და კანალიზაციის მეურნეობებს ემსახურებიან, ისევ შეღავათიანი დაბეგვრით ისარგებლებენ.

ინდივიდუალური მეწარმეებისათვის ისევ ძალაშია პრეზუმპციული გადასახადი, რომელიც, 24 ათას ლარამდე წლიური ამონაგების პირობებში, 10-დან 150 ლარამდე თვიურ გადასახადს მოიცავს.

შარშან მიღებული ცვლილებებიდან 1 აგვისტოდან უკვე ძალაში შევიდა ის, რომელიც პურის და პურფუნთუშეულის წარმოებას შეეხო და რომელმაც საკმაო ხმაური გამოიწვია მეწარმეებს შორის. 1 იანვრიდან, ამ მხრივ, ძალაში შევიდა შემდეგი დაბეგვრის რეჟიმი: იმ საცხობებს, რომელთა ჯამური ფართობი 20კვ.მეტრს აღემატება, გადასახადი 270 ლარით განესაზღვრათ, ხოლო ნაკლებ ფართზე საცხობებს 200 ლარის გადახდა მოუწევთ.

აღნიშნული ცვლილება საწყისი ეტაპი გახლდათ იმ მომავალი საკანონმდებლო შესწორებების წინ, რომლის მიღებას პარლამენტი მოგვიანებით აპირებს. მომზადებული კანონპროექტი, მისი ავტორების თქმით, საგადასახდელო ადმინისტრირების გაუმჯობესებას გულისხმობს. პროექტით გათვალისწინებულია საგადასახდელო რეჟიმის გამარტივება. კერძოდ, გათვალისწინებულია 6, ჩვენს პირობებში ნაკლებად ეფექტური, გადასახადის გაუქმება. ამგვარ გადასახადთა რიცხვს მიეკუთვნება გადასახადები: კურორტების, რეკლამის, სასტუმროსა და ადგილობრივი სიმბოლიკის გამოყენებისათვის. მეორე ცვლილება აქციზური გადასახადების ნუსხის შემცირებას მოიცავს. ამჟამად არსებული 6 აქციზური საქონლიდან უნდა დარჩეს 4: თამბაქოს ნაწარმი, ნავთობპროდუქტები, ალკოჰოლური სასმელები და ავტომანქანები.

ამასთან, მცირე მეწარმეთათვის წესდება ფიქსირებული გადასახადი, რომელიც მოგების, დღგ-ს, სოციალურ და ეკონომიკური საქმიანობისათვის გადასახადებს შეცვლის. ფინანსთა სამინისტროს კანონპროექტით, ეს ტარიფი 7 პროცენტის დონეზე ფიქსირდება, თუმცა მეწარმეები ფიქსირებული გადასახადის 3 პროცენტამდე შემცირებას მოითხოვენ.

პროექტით გათვალისწინებულია დღგ-ს გადასახადისათვის ბრუნვის მაქსიმალური ზღვარის 24 ათასიდან 75 ათასამდე გაზრდა.

აღნიშნულ ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში უკვე წარდგენილია, თუმცა კანონმდებლები მის განხილვას, ტრადიციისამებრ, არ ჩქარობენ.
XS
SM
MD
LG