Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რით დასრულდა პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი რუსეთში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 23 იანვარს დასრულდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ვიზიტი რუსეთში. მოსკოვიდან მოსული ცნობებით, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებმა საკმაოდ

დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა. კვლავ ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება უმნიშვნელოვანესი პრობლემის თაობაზე, რაც აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით რუსეთის ორმაგ პოლიტიკას გულისხმობს. თუმცა, ნინო ბურჯანაძის ვიზიტის პარალელურად, რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.

23 იანვარს რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებდნენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებას: მან გაზპრომის ხელმძღვანელს ალექსეი მილერს დაავალა ერთი დღე-ღამის განმავლობაში აღადგინოს საქართველოსთვის გაზის მიწოდება.
მეორე მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, რუსეთმა აფხაზეთის მოსახლეობის პასპორტიზაცია შეაჩერა, უკვე საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესი” ავრცელებს. როგორც “ინტერპრესს” განუცხადა აფხაზური პარლამენტის დეპუტატმა ნიკიტჩენკომ, რუსეთის მიერ აფხაზეთში მცხოვრებთათვის პასპორტების გაცემის შეჩერების გამო სოხუმი თავს მოტყუებულად გრძნობს. იგი იმედს გამოთქვამს, რომ პასპორტიზაციის შეჩერება დროებით ხასიათს ატარებს და უახლოეს ხანში გაგრძელდება. ამავე დროს, განმარტავს, რომ ”ისინი, ვისაც მიღებული აქვს საბჭოთა ტიპის პასპორტი, ჩანართით, უკვე რუსეთის მოქალაქეები არიან და მათთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა ინდივიდუალური წესით მხოლოდ რუსეთის სასამართლოებს შეუძლიათ.”
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას, თითქოს რუსეთის საგარეო საქმეთა უწყებამ შეწყვიტა აფხაზეთში მცხოვრებთათვის პასპორტების გაცემა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის კახა სიხარულიძის თქმით, ნიკიტჩენკოს ინფორმაცია, სამწუხაროდ, სიმართლეს არ შეესაბამება.
რაც შეეხება ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტის შედეგებს, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვნად უნდა ჩაითვალოს ის, რომ, თუ აქამდე საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები პერიოდულად იშველიებდნენ თეზისს ორი რუსეთის არსებობის შესახებ და აცხადებდნენ, რომ ხშირად დემოკრატიული რუსეთის წარმომადგენლებმა არ იციან, რას სჩადიან რეაქციული რუსეთის წარმომადგენლები, პარლამენტის თავმჯდომარის მოსკოვური შეხვედრების შემდეგ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კრემლმა არა მხოლოდ კარგად უწყის, ვინ რას აკეთებს, არამედ ის, რაც კეთდება, მხოლოდ მისი ნებართვით ხდება. მეორე მხრივ, ძნელი განსასაზღვრია, თუ როგორი იქნება საქართველოს ხელისუფლების რეაქცია ამ “აღმოჩენაზე”. მართალია, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ქართული მხარე აღარ გაუგრძელებს მანდატს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მყოფ რუსეთის სამშვიდობო ნაწილებს, მაგრამ, საეჭვოა, საქართველოს ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მიიღოს. მომავალი არჩევნების წინ კონფლიქტის გაღვივების თუნდაც თეორიული შესაძლებლობა კიდევ უფრო მძიმე ვითარებაში ჩააგდებს დღევანდელ ხელისუფლებას, რომლისადმი ნდობაც ისედაც საკმაოდ დაბალია.
XS
SM
MD
LG