Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი მოჰამედ ელბარადეი "საკმაოდ დამაკმაყოფილებელ" შეფასებას მისცემს ერაყს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი მოჰამედ ელბარადეი "საკმაოდ დამაკმაყოფილებელ" შეფასებას მისცემს ერაყს
გაეროს განიარაღების ექსპერტებთან თანამშრომლობის მხრივ. ამის შესახებ განაცხადა სააგენტოს პრესმდივანმა, მარკ გვოზდეცკიმ. მისი თქმით, მომავალ კვირაში გაეროს უშიშროების საბჭოში ელბარადეის გამოსვლის მთავარი მესიჯი იქნება მოწოდება, მეტი დრო მისცენ გაეროს განიარაღების ექსპერტებს ერაყში სამუშაოდ. უშიშროების საბჭოს ანგარიშს ჩააბარებენ ელბარადეი და განიარაღების ექსპერტების მეთაური ჰანს ბლიქსი. გვოზდეცკის თქმით, ერაყი თანამშრომლობისათვის მზადყოფნას ამჟღავნებს და ხელს უწყობს ინსპექტორების მიერ ობიექტების შემოწმებას. თუმცა, როგორც პრეს-მდივანმა აღნიშნა, ელბარადეი იმის თქმასაც აპირებს, რომ ბაღდადი მდგომარეობას გაიუმჯობესებს, თუ თავადვე წარადგენს სამხილებს და არ დაელოდება, როდის იპოვიან მათ განიარაღების ექსპერტები. პარასკევს, უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის კანცლერი გერჰარდ შრიოდერი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ტელეფონით საუბრის დროს შეთანხმდნენ, რომ შეეცდებიან, მიაღწიონ ერაყის კრიზისის პოლიტიკური გზით მოგვარებას. ხოლო ნატოს გენერალურმა მდივანმა ჯორჯ რობერტსონმა ლონდონში განაცხადა, რომ გაერო დამაჯერებლობას დაკარგავს, თუ არაფერს მოიმოქმედებს ერაყის განიარაღების მისაღწევად და თუ რადიკალურად არ შეიცვლება სადამ ჰუსეინის პოლიტიკური კურსი.
XS
SM
MD
LG