Accessibility links

პრეზიდენტის დაბადების დღე ციხის ბუნტის ფონზე


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ციხეებში მოსალოდნელი არეულობის შესახებ ბოლო დღეების განმავლობაში რამდენჯერმე გაკეთდა განცხადება, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სასჯელთაღსრულების მეხუთე საპყრობილეში

არეულობა მაინცდამაინც პრეზდენტ შევარდნაძის დაბადების დღეს დაემთხვეოდა. შეგახსენებთ: მეხუთე საპყრობილის შენობა პრეზიდენტის კრწანისის რეზიდენციის მახლობლად მდებარეობს. როგორ ჩაიარა პრეზიდენტის დაბადების დღემ ციხის ბუნტის ფონზე?

პრეზიდენტმა შევარდნაძემ თადარიგი ადრე დაიჭირა და ჯერ კიდევ ორი კვირის წინათ განაცხადა, რომ, საიუბილეო თარიღის მიუხედავად, - ედუარდ შევარდნაძეს 75 წელი შეუსრულდა, - არ აპირებს დაბადების დღის აღნიშვნას, რადგან ქვეყანაში არსებული მდგომარეობა დღესასწაულების გამართვის პირობებს არ ქმნის. და მართლაც, 25 იანვარს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ვითარება მძიმეა არა მხოლოდ სრულიად საქართველოში, არამედ სასჯელთაღსრულების ადგილებშიც, სადაც პატიმრებმა 25 იანვარს დილიდან ბუნტი დაიწყეს.
ის, რომ ციხეებში მთლად მშვიდი ვითარება არ არის, გასულ კვირას იუსტიციის მინისტრმა როლანდ გილიგაშვილმა განაცხადა, თუმცა იმ კონკრეტულ შემთხვევაში მინისტრის წუხილის საგანი პატიმრების კვებისთვის აუცილებელი თანხების არარსებობა იყო. 25 იანვარს კი გაირკვა, რომ თურმე პატიმრები ციხეებში ლამის კბილებამდე შეიარაღებულები არიან. დებოშის მიზეზად მეხუთე იზოლატორის ჩხრეკა გახდა. ჩხრეკისას პატიმრებისგან ამოღებულია ხელყუმბარები, ავტომატები, ასაფეთქებელი მოწყობილობები, ცივი იარაღი და ა.შ. არეულობა ჩხრეკის დაწყებიდან 2 საათის შემდეგ დაიწყო. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაშავებულები არიან როგორც პატიმართა, ისე იუსტიციის სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელთა შორის.
როგორ შეაღწია სოლიდური რაოდენობის იარაღმა ციხეებში - ამას, იმედია, გამოძიება დაადგენს. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ სპეცრაზმის ჩარევის შედეგად, ბუნტს ფართო მასშტაბი არ მიუღია. იმის გათვალისწინებით, რა მდგომარეობაშია მე-18 საუკუნეში აშენებული ორთაჭალის ციხის შენობა, არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ პატიმრებს - აქ სასჯელს 1000-მდე პატიმარი იხდის - კედლები გამოენგრიათ. მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში შედეგი გაცილებით მძიმე იქნებოდა.
მაშინ, როცა სასწრაფო დახმარების მანქანებს ბუნტისას დაშავებულები ციხის საავადმყოფოში გადაჰყავდათ, კანცელარიის შენობაში მიბრძანებულმა საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ თავის ნათლულს - პრეზიდენტ შევარდნაძეს - წმინდა გიორგის სახელობის ორდენი გადასცა. იუბილარს შორიდან წერილებით მიულოცეს დაბადების დღე მოქმედმა და უკვე პოლიტიკას ჩამოშორებულმა პოლიტიკოსებმა, მათ შორის, ვლადიმირ პუტინმა, ხავიერ სოლანამ, ჰანს დიტრიხ გენშერმა, ჰეიდარ ალიევმა და ა.შ. პრეზიდენტს იუბილე საქართველოს ოპოზიციურმა პარტიებმაც მიულოცეს. 25 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ეროვნულ ძალთა გაერთიანების თავმჯდომარემ ზვიად ძიძიგურმა პრეზიდენტ შევარდნაძეს, ჯანმრთელობასა და სიცოცოხლის ხანგძლივობასთან ერთად, 2003 წელს პრეზიდენტის თანამდებობის დატოვება უსურვა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG