Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უშიშროების საბჭომ საანგარიშო მოხსენება მოისმინა ერაყში განიარაღების ექსპერტთა საქმიანობის შესახებ


ანდრო ეული, პრაღა ორშაბათს, საგანგებო სხდომაზე ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭომ საანგარიშო მოხსენება მოისმინა ერაყში განიარაღების საერთაშორისო ექსპერტთა ორთვიანი საქმიანობის შესახებ.

სამსაათიან სხდომაზე ვრცელი მოხსენებებით გამოვიდნენ განიარაღების საერთაშორისო კომისიის თავმჯდომარე ჰანს ბლიქსი და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი მოჰამედ ელ-ბარადეი.



როგორც ჰანს ბლიქსმა აღნიშნა თავის გამოსვლაში, 60-მა დღემ განვლო მას შემდეგ, რაც განიარაღების კომისიამ განაახლა თავისი საქმიანობა ერაყში, და მაინც უპასუხო რჩება არაერთი საკვანძო შეკითხვა, სახელდობრ, რა ბედი ეწია ერაყში ანტრაქსისა და ნერვული გაზის "ვი-ექსის" მარაგს, ან კიდევ, სად გაქრა 30 000-მდე ქიმიური და ბიოლოგიური ქობინა, რომელსაც წარსულში ფლობდა ბაღდადი, და რომელიც, გაეროს უშიშროების საბჭოსადმი დეკემბერში წარდგენილ დეკლარაციაში მოხსენიებული არ არის.

ბლიქსს არ უთქვამს, რომ ერაყი, დღეს, მასობრივი განადგურების იარაღს აწარმოებს, თუმცა აღნიშნა, რომ ბაღდადს არ წარმოუდგენია სარწმუნო საბუთი იმისა, რომ ქვეყანაში ლიკვიდირებულია მთლიანად, მასობრივი განადგურების იარაღი.

ჰანს ბლიქსის თქმით, განიარაღების ექსპერტებმა დაადგინეს, რომ განვლილი ოთხი წლის მანძილზე, მას შემდეგ, რაც ბაღდადმა გაეროს განიარაღების პირველი კომისია გააძევა ქვეყნიდან, ერაყმა შექმნა ორი ტიპის რაკეტა, რომელთა მოქმედების რადიუსი გაეროს მიერ ნებადართულ 150 კილომეტრს აღემატება.

ბლიქსმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ერაყის ხელისუფლება განიარაღების ექსპერტებს საშუალებას არ აძლევს, ოფიციალურ პირთა თანდასწრების გარეშე გაესაუბრონ იმ ერაყელ მეცნიერებს, ვინც შეიარაღების სფეროში მოღვაწეობდა. ბაღდადმა ბიოლოგიური და ქიმიური შეიარაღების სფეროში ნამუშევარი 400-მდე ექსპერტის სია წარუდგინა განიარაღების ექსპერტებს. ხოლო ჰანს ბლიქსი აცხადებს, რომ იმ საანგარიშო მოხსენების თანახმად, რომელიც გაეროს განიარაღების პირველმა კომისიამ წარმოადგინა თავის დროზე, ერაყის შეიარაღების სფეროში 3500-ზე მეტი მეცნიერი იყო დასაქმებული.

მოჰამედ ელ-ბარადეიმ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ განიარაღების ექსპერტებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეამოწმონ ერაყში ნებისმიერი ობიექტი, მაგრამ ერაყის ხელისუფლებამ ყველა საჭირო დოკუმენტაცია უნდა მიაწოდოს განიარაღების ექსპერტებს, რაც ბევრად გაუადვილებდა მათ ერაყში საქმიანობას: [მოჰამედ ელ-ბარადეის ხმა] "არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ერაყმა თავად წარმოადგინოს დამატებითი ინფორმაცია, რაც მისიის შესრულებას გაუადვილებდა განიარაღების ექსპერტებს. ამგვარი აქტიური თანამშრომლობა, როგორც ადრე აღვნიშნეთ, თავად ერაყის ინტერესებს მოემსახურება, და ამგვარი შანსი არ უნდა იქნეს ხელიდან გაშვებული."

ჰანს ბლიქსს თავის გამოსვლაში არ უთხოვია, რომ განიარაღების ექსპერტებს, სამხედრო ობიექტების შესამოწმებლად ერაყში, მეტი დრო მიეცეს. ხოლო მოჰამედ ელ-ბარადეის მიაჩნია, რომ კიდევ რამდენიმე თვეა საჭირო იმისთვის, რათა განიარაღების ექსპერტებმა დაასრულონ თავიანთი მისია ერაყში.

ელ-ბარადეის წინადადებას გაეროში საფრანგეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ჟან-მარკ დე ლა საბლიემ აუბა მხარი: [ჟან მარკ დე ლა საბლიეს ხმა] "ახლა ჩვენ უფრო აქტიური თანამშრომლობა გვესაჭიროება ერაყის მხრიდან, რისთვისაც მეტი დროა საჭირო. მე მგონი, ამ დილით გამართული დისკუსიების დროს მრავალმა დელეგაციამაც ის განაცხადა, რომ მეტი დრო გვესაჭიროება."

რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი სერგეი ლავროვი არ დაეთანხმა აშშ-ისა და ბრიტანეთის პოზიციას, რომ ერაყისთვის დრო იწურება და თან დასძინა, განიარაღების ექსპერტებმა ერაყში საქმიანობა უნდა განაგრძონო.

14 თებერვალს ჰანს ბლიქსი და მოჰამედ ელ-ბარადეი კვლავ წარდგებიან გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე. მოელიან, რომ საბჭოს წევრები შეთანხმდებიან, ხანმოკლე პერიოდით გაუხანგრძლივონ ერაყში ყოფნა გაეროს განიარაღების ექსპერტებს.
XS
SM
MD
LG