Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საკრებულო კორუფციაში ეჭვმიტანილ გამგებელთა წინააღმდეგ


დავით პაიჭაძე, თბილისი პოლიტიკურ პოპულიზმზე ლაპარაკის დროს ხშირად ახსენებენ თბილისის საკრებულოს. ამ ორგანოსა და, განსაკუთრებით, მისი თავმჯდომარის ინიციატივებს, ძირითადად,

განმარტავენ როგორც პოპულისტურს - იქნება ეს რაიმე დაპირება მოსახლეობისათვის თუ რომელიმე მოხელის მიმართ გამოთქმული მკვახე შეფასება. პარასკევს, 31 იანვარს, თბილისის საკრებულო ვაკე-საბურთალოს გამგებლისათვის უნდობლობის გამოცხადებაზე მსჯელობდა. მსჯელობას წინ უძღოდა გამგებელ დავით სულაძის მიწვევა და მძაფრი კრიტიკა საკრებულოში, ხოლო უფრო ადრე - საკრებულოს თავმჯდომარის რეიდი რაიონში და სარევიზიო კომისიის მუშაობა სულაძის საქმიანობის შესასწავლად. რაც უნდა მოხდეს, საკრებულოს არ შეუძლია გამგებლის გათავისუფლება. რა შეუძლია თბილისის საკანონმდებლო ორგანოს?

საკრებულოში 31 იანვარს ირწმუნებოდნენ, სახელმწიფო კანცელარია ყველაფერს იღონებს საიმისოდ, რომ დავით სულაძეს უნდობლობა ვერ გამოვუცხადოთო. შეგახსენებთ, ამას საკრებულოს წევრთა უბრალო უმრავლესობა სჭირდება - 25 ხმა. რაიონის გამგებელი საკრებულოს მხრიდან თითქოს შეუვალია - როგორც არ უნდა ენდობოდნენ, ამ შემთხვევაში, დავით სულაძეს, ის პოსტიდან არ წავა. მისი გათავისუფლება შეუძლია პრეზიდენტს, საკრებულოს წარდგინებით. პრეზიდენტი შევარდნაძე კი, ამთავითვე ნათელია, რომ საკრებულოს წარდგინებით არავის გაათავისუფლებს. საკრებულო კი იძულებული იქნება, ბიუჯეტი დაუმტკიცოს იმას, ვისაც არ ენდობა.

უნდობლობის გამოცხადება, კრიტიკა, სარევიზიო კომისიის დასკვნები საბიუჯეტო თანხის არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ ცარიელ სიტყვებად რომ არ დარჩეს, საკრებულოში ასეთ ალგორითმს მიაგნეს: ცნობილია, რომ საკრებულოს კომპეტენციაში შედის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელთა მოხსნა-დანიშვნა. საქალაქო სამსახურების ფუნქციები დუბლირებულია რაიონის შესაბამის სამსახურებში. საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის წევრმა გიორგი არველაძემ აღწერა სვლა, რომელსაც საკრებულო დაუპირისპირებს თავის მიერ უნდობლობაგამოცხადებულ გამგებლებს [არველაძის ხმა]: "ჩვენ გავზრდით საქალაქო სამსახურების წილს იმის ხარჯზე, რომ არ დავაფინანსებთ გამგებლებს, რომელთაც უნდობლობა გამოვუცხადეთ. ანუ გამგეობები იმოქმედებენ, მაგრამ რეალურად ყველა საქმეს საქალაქო სამსახურები გააკეთებენ. გამგეობებს არ ექნებათ უფლება, განკარგონ იმდენი ფული, რამდენსაც განკარგავდნენ. მოკლედ, იმ გამგებლებს, რომელთაც ვუცხადებთ უნდობლობას, ძალიან შევუზღუდავთ დაფინანსებას".

პირველი ნაბიჯი საკრებულომ ამ მიმართულებით პარასკევს გადადგა, როცა ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგებელს 27 ხმით 3-ის წინააღმდეგ უნდობლობა გამოუცხადა.

შეიძლება გახსოვდეთ, ვიცე-პრემიერების დანიშვნის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ 2003 წელს დაიწყებდა 9 და მეტსართულიანი სახლების სახურავებისა და ლიფტების შეკეთებას თბილისში. ოფიციოზურ მედიაში ეს განცხადება მალევე შეფასდა პოპულიზმად. კაცმა რომ თქვას, სანამ დაპირება არ განხორციელებულა, ასეთ შეფასებას აქვს საფუძველი. დაპირების განხორციელება კი შეუძლებელია ქალაქის ახალი ბიუჯეტის მიღებამდე. დღეს თბილისი მუშაობს შარშანდელი ბიუჯეტით, რომელიც არ ითვალისწინებს თანხას სააკაშვილის წინადადებისათვის. ასევე, არ ითვალისწინებს თანხას, რომელიც რაიონების შერისხულ გამგებლებს უნდა ჩამოაჭრან.
XS
SM
MD
LG