Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასულ კვირას ქართული პრესის ყურადღება აფხაზეთის კოფნლიქტის მიმართ არ განელებულა.


თამარ ჩიქოვანი, თბილისი გასულ კვირას ქართული პრესის ყურადღება აფხაზეთის კოფნლიქტის მიმართ არ განელებულა. ამის მიზეზი გახლდათ პრეზიდენტ შევარდნაძის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან.

როგორც ცნობილია, შეხვედრის ძირითადი საკითხი გახლდათ სწორედ აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში შექმნილი სიტუაცია, აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების მიმდინარეობის პროცესის განხილვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის მიერ კვლავ აფხაზეთის საკითხის განხილვა. 31 იანვრის გაზეთ "ახალი ეპოქის" აზრით, კიევში ჩატარებულმა დსთ-ს მეთაურთა არაფორმალურმა სამიტმა ვერ გაფანტა ბურუსი, რომელშიც გახვეულია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის სამშვიდობო პროცესი. შევარდნაძე-პუტინის პირისპირ შეხვედრაზე მხოლოდ ის გადაწყდა, რომ შეიქმნება ორმხრივი მუშა ჯგუფი, რომელიც სადავო საკითხებში გარკვევას შეეცდება. სანამ ეს მცდელობა ქართული მხარისთვის მისაღებად არ დამთავრდება, ედუარდ შევარდნაძე არ აპირებს რუსი სამშვიდობოებისთვის მანდატის გაგრძელებას.
გაზეთი წერს:

"საქართველოს პრეზიდენტი მანამდე არ აპირებს რუსეთის სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის გაგრძელებას, სანამ ორმხრივი მუშა ჯგუფი არ გაარკვევს აფხაზეთში დევნილთა უსაფრთხო დაბრუნების საკითხს. საქართველო ამ ეტაპზე აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რკინიგზის ამოქმედებასაც არ ეწინააღმდეგება, ოღონდ რუსეთმა ქმედითი ნაბიჯები გადადგას აფხაზეთში ქართული მოსახლეობის დასაბრუნებლად.
თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მოთხოვნებს რუსეთი კონტრმოთხოვნებს უყენებს. ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთი არ აპირებს უსასრულოდ დატოვოს მანდატგაუგრძელებელი ცისფერჩაფხუტიანები აფხაზეთში. თუ საქართველოს თანხმობა არ იქნება, რუსეთი გაიყვანს თავის სამშვიდობო ჯარებს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონიდან, მაგრამ ამის შემდეგ მთელი პასუხისმგებლობა იქ განვითარებულ მოვლენებზე ოფიციალურ თბილისს დაეკისრება - ასეთია რუსეთის პრეზიდენტის მუქარანარევი გაფრთხილების არსი.
ძნელი სავარაუდოა, რომ ქართულ-რუსული მუშა ჯგუფი ორ კვირაში ან თუნდაც ერთ თვეში მოაგვარებს ყველა იმ სადავო საკითხს, რომელთა გადაჭრა, აგერ უკვე მეცხრე წელიწადია, ვერ მოხერხდა მანდატებით აღჭურვილი რუსი ცისფერჩაფხუტიანების "სამშვიდობო თავგანწირვის პირობებშიც" კი.
როგორც ჩანს, ოფიციალურ თბილისს ამ ეტაპზე მხოლოდ ის შეუძლია, რომ ორი კვირით ან ერთი თვით დააყოვნოს თავისი თანხმობა რუს ცისფერჩაფხუტიანთა მანდატის გაგრძელებაზე."



29 იანვრის "დილის გაზეთის" ვარაუდით, შევარდნაძეს პუტინის იმედი ჯერ არ დაუკარგავს. კიევში გამართულ შეხვედრაზე ედუარდ შევარდნაძემ აფხაზეთში სოჭი-სოხუმის სარკინიგზო ხაზის აღდგენის თაობაზე გაამახვილა ყურადღება და რუსი სამშვიდობოების მანდატის არგაგრძელების შესაძლებლობაზეც ისაუბრა, თუმცა, როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, კონკრეტულად მათი გაყვანის საკითხის დაყენებისგან თავი შეიკავა. 29 იანვრის გაზეთში "24 საათი" კი ციტირებულია რუსეთის პრეზიდენტის სიტყვები, რომ დახურულ შეხვედრაზე "საკმაოდ მწვავე საკითხები განიხილეს." გაზეთის აზრით, შევარდნაძე, როგორც ჩანს, დათანხმდა სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის გაგრძელებაზე, რადგან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მანდატის შეწყვეტა ნაადრევი ნაბიჯი იქნება. თუმცა სამშვიდობო მანდატის გაგრძელების საკითხი საბოლოოდ დსთ-ს მეთაურთა სხდომაზე გაირკვევა.

"პარლამენტი აფხაზეთის პრობლემაზე მსჯელობისთვის მზად არ არის," წერს 31 იანვრის გაზეთი "რეზონანსი", რომლის ცნობითაც, დეპუტატებმა რიგგარეშე სხდომაზე აფხაზეთთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება ვერ მოახერხეს.

"პარლამენტარების გადაწყვეტილებით, სოჭი-სოხუმის სარკინიგზო მაგისტრალისა და პასპორტიზაციის შესახებ მსჯელობა მთავრობის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შემდეგ გაგრძელდება.
პარლამენტის წევრები მთელი დღის განმავლობაში უსმენდნენ კიევის სამიტიდან დაბრუნებულ საგარეო საქმეთა მინისტრს ირაკლი მენაღარიშვილს. პარლამენტარები მინისტრის გამოსვლით აშკარად უკმაყოფილონი დარჩნენ.
აფხაზეთის საკითხის განხილვა პარლამენტში თითქმის ცარიელ დარბაზში მიმდინარეობდა. სახელისუფლებო ფრაქციათაგან დარბაზში თითქმის არავინ იყო. მიუხედავად ამისა, სხდომას სრულად ესწრებოდა ფრაქცია "აფხაზეთი." მენაღარიშვილისთვის არ მოუსმენია არც "აღორძინებას". ისინი პარლამენტში მთელი დღის განმავლობაში არ გამოჩენილან, რადგან ფრაქციის ლიდერის ჯემალ გოგიტიძის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.
სამაგიეროდ, სხდომას თითქმის მთელი შემადგენლობით ესწრებოდნენ "დემოკრატები" და "ახალი მემარჯვენეები." მათ დღის ბოლოს განცხადების საკუთარი პროექტიც წარმოადგინეს, რამაც ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირის" ლიდერის ვიტალი ხაზარაძის გაღიზიანება გამოიწვია. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ბოლოდროინდელი მოვლენები აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა შეაფასოს როგორც საქართველოს ტერიტორიის ანექსია და ერთი კვირის განმავლობაში პარლამენტში კონკრეტული წინადადებით წარდგეს. პარლამენტის თავმჯდომარის წინადადებით კი, საკანონმდებლო ორგანო უნდა დაელოდოს გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას და აფხაზეთის პრობლემატიკაზე მსჯელობა ერთი კვირით გადადოს. საბოლოოდ, პარლამენტართა უმრავლესობამ ეს წინადადება გაიზიარა."


ქართული პრესის ცნობით, გაეროს უშიშროების საბჭომ 30 იანვარს გამართულ სხდომაზე თავის მეთვალყურეებს 31 ივლისამდე გაუგრძელა აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში ყოფნის მანდატი. 1 თებერვლის "დილის გაზეთი" აქვეყნებს გაეროში საქართველოს წარმომადგენლის რევაზ ადამიას წერილს გაეროს უშიშროების საბჭოსადმი. გაგაცნობთ მცირე ფრაგმენტს ამ წერილიდან:


"მაშინ, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა მტკიცედ ცხადდება ოფიციალურ განცხადებებში, რეალობაში რუსეთი აგრძელებს საქართველოს დანაწილების პროცესს, მისი ისტორიული ნაწილის - აფხაზეთის ანექსიას. ამიტომ არავის უნდა ეწყინოს, როდესაც ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა: აფხაზეთში მიმდინარე პროცესი არის მეგობრულად განწყობილი მეზობელი ქვეყნის ანექსია.
საქართველო მადლიერია გაეროსი აფხაზეთში სამშვიდობო პროცესის წარმართვისთვის. განსხვავებით დსთ-გან, რომლის ავტორიტეტი, საკუთარი არაეფექტურობის გამო, პრაქტიკულად, ნულს გაუტოლდა, საქართველოში დიდი პატივისცემითა და იმედით უყურებენ გაეროს.
ამავე დროს, ვალდებული ვარ მოგახსენოთ, რომ ჩემს ქვეყანაში სჯეროდათ, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს შესწევს უნარი, შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და რომ იგი არ დაიშურებს ძალისხმევას აფხაზეთში მშვიდობის მისაღწევად. სამწუხაროდ, ახლა ჩვენ ამ რწმენის დაკარგვის სერიოზული საშიშროების წინაშე ვდგავართ.
დადგა დრო, უშიშროების საბჭო აქტიურად წარუძღვეს სამშვიდობო პროცესს და არ გახდეს ცივი ომისდროინდელი აზროვნების მსხვერპლი. დროა, დღის წესრიგში დადგეს გაეროს ნამდვილი, ეფექტური სამშვიდობო პროცესის დაწყება, კონსტიტუციური უფლებამოსილების გადანაწილების დოკუმენტის საფუძველზე პოლიტიკური მოლაპარაკებების დაწყების პარალელურად, და რეალურად განხორციელდეს ლტოლვილთა თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების პროცესი. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი დავიცვათ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ფუნდამენტური პრინციპები, დავიცვათ ადამიანის ძირითადი უფლება, იცხოვროს უსაფრთხოდ და არ დავუშვათ ადამიანების მასობრივი მსხვერპლი და ტერორი. ეს არის ის ძირეული პრინციპები, რისთვისაც შეიქმნა გაერო."




1 თებერვლის "მთავარი გაზეთის" ცნობით, ნიუ-იორკში ასობით ქართველი ემიგრანტის საპროტესტო აქცი გაიმართა. ცუდი ამინდის მიუხედავად, გაერო-ს შტაბბინასთან ისინი სამი საათის განმავლობაში იდგნენ. რამდენიმე მათგანი ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი მივიდა. აქციის მონაწილეებს შორის სხვადასხვა ასაკის ადამიანები იყვნენ, მათ შორის, ბავშვებიც. ქართული და ამერიკული დროშებით ხელდამშვენებულმა აქციის მონაწილეებმა მშვიდობიანი მსვლელობა მოაწყვეს გაეროს შტაბბინის წინ სწორედ იმ დროს, როცა რეზო ადამია გაეროში აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენციას მართავდა. ქართულ და ინგლისურ ენებზე შედგენილ პლაკატებზე ეწერა: "დაიცავით საქართველო რუსი სამშვიდობოებისგან." გაზეთში ციტირებულია აქციაზე წაკითხული "მსოფლიოს ქართველების მიმართვიდან" პასაჟი, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამია:



"ჩვენ, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველები, პროტესტს გამოვთქვამთ რუსეთის მიერ საქართველოს ხელახალი ანექსიის მცდელობის გამო. აღშფოთებულნი ვართ იმის გამო, რომ რუსეთის ე.წ. სამშვიდობო ძალები, სარგებლობენ რა საერთაშორისო საზოგადოების ნდობით, უკანასკნელი ათი წლის მანძილზე დაუფარავად ეხმარებიან აფხაზ სეპარატისტებს. ხოლო აფხაზი სეპარატისტები და სხვა ადგილობრივი უმცირესობები, რომელთა რაოდენობა ძირძველ ქართულ მიწაზე 150 ათასსაც ვერ აღწევს, თავიანთ სასარგებლოდ შორს გამოზნულ, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ. რუსი ჯარისკაცი კი "მტკიცედ " დგას ამ ფარსის "საგუშაგოზე." ვფიქრობთ, აშკარაა რუსეთის ზრახვები და მისი ნამდვილი სახე. სახე იმ ქვეყნისა, რომელიც აქამდე თითქოს ცალსახად უჭერდა მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას."
"მთავარი გაზეთი" აქციაზე მყოფ ჩვენს თანამემამულეებს დაუკავშირდა. სატელეფონო საუბრებისას მათ თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს.
შოთა ვაშაკიძე:" ძალიან ცუდი ამინდია, ხალხს უჭირს ქუჩაში გაჩერება. აქ არიან სხვადასხვა შტატიდან ჩამოსული ქართველები. ვაშინგტონიდან მამა მიხეილიც ჩამოვიდა. შემოგვიერთდნენ ებრაული საზოგადეობის წარმომადგენლებიც.
ჩვენ გვესმის, რომ ერაყის პრობლემა მწვავედ დგას, მაგრამ საქართველო ამის გამო ჩრდილში არ უნდა მოექცეს. აქციის მონაწილეები ითხოვენ, აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში გაერომ აქტიურობა გამოიჩინოს. მჯერა, რომ ქართველების გაერთიანება შესაძლებელია, მაგრამ ამას რატომღაც არ ვცდილობთ, ქართველები ერთნი ვართ და ერთდ უნდა დავდგეთ."
XS
SM
MD
LG