Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰაჯი - მუსულმანთა წმინდა მოვალეობა


მექაში სალოცავად წასვლა, ანუ ჰაჯის შესრულება, მუსულმანთა ერთ-ერთი უწმინდესი მოვალეობაა. იგი ისლამის ე.წ. ხუთი სვეტიდან ერთ-ერთია. სასუფეველში ადგილის დასამკვიდრებლად მუსულმანი

ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩავიდეს მექაში სალოცავად. წელს დაახლოებით 2-მა მილინმა მლოცველმა შეასრულა ჰაჯი. მათ შორის რამდენიმე ათასმა ყოფილი საბჭოთა კავშირიდან. ბიძინა რამიშვილი გესაუბრებათ ამ თემაზე.

როგორც საუდის არაბეთის ხელისუფლება იტყობინება, წელს დაახლოებით მილიონ 400 ათასი მლოცველი ჩავიდა მექაში 170 ქვეყნიდან. ადგილობრივ მლოცველთა რიცხვმა კი 800 ათასს მიაღწია. ისლამის თანახმად, ჰაჯით, ანუ მექაში ყოველწლიური მოგზაურობით, მორწმუნე სულს განიწმენდს და სრულყოფას აღწევს.

ისლამში მთვარის კალენდარი მოქმედებს და არა მზისა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჰაჯი ხან ზაფხულზე მოდის, ხან ზამთარზე. მლოცველებს აცვიათ სპეციალური თეთრი სამოსი, რომელიც შლის სოციალურ კლასებსა და კულტურებს შორის განსხვავებებს.

ჰაჯის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია მექაში, წმინდა ქააბის ქვისთვის შვიდჯერ შემოვლა და საფასა და მარვას მთებს შორის შვიდჯერ გავლა. შემდეგ მლოცველები მექიდან ოცი კილომეტრით დაშორებულ არაფატის მთაზე მიდიან და ლოცულობენ. გადმოცემით ამ მთაზე იქადაგა უკანასკნელად წინასწარმეტყველმა მუჰამედმა.

ჰაჯი სრულდება ტრადიციული ეიდ ალ-ადჰას დღესასწაულით (იგი ყურბან ბაირამის სახელითაც არის ცნობილი). ამ დღესასწაულზე დაკლული შინაური ცხოველის ხორცს ღატაკებს ურიგებენ. ეიდ ალ-ადჰა მუსულმანური კალენდრის მთავარი დღესასწაულია ეიდ ალ-ფითრთან ერთად, რომლითაც აღინიშნება რამადანის დასასრული.

უკანასკნელი თორმეტი წლის მანძილზე ყოველწლიურად იზრდება მლოცველთა რიცხვი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან. ჰაჯთან საქართველოს მიმართებაზე ვესაუბრეთ საქართველოს აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორ გიორგი სანიკიძეს.

[სანიკიძის ხმა] იხ. აუდიოვერსია.

საუდის არაბეთში წლევანდელი ჰაჯისთვის განსაკუთრებით მოემზადნენ. იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინათ შესაძლო გამოსვლები ამერიკა-ერაყის დაპირისპირებასთან დაკავშირებით, შეიქმნა უშიშროების საგანგებო ჯგუფები. მით უმეტეს, რომ მუსულმანთა სულიერმა ლიდერებმა ჰაჯის დროს არაორაზროვანი ანტიამერიკული განცხადებები გააკეთეს.

უშიშროების ჯგუფების ამოცანა იყო აგრეთვე იმის უზრუნველყოფა, რომ ხალხმრავალი რელიგიური დღესასწაულის დროს არავინ გაჭყლეტილიყო. მიუხედავად ამისა წლევანდელ ჰაჯს 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისინი ძირითადად ინფრაქტით ან სისხლის ჩაქცევით გარდაიცვალნენ ე.წ. ეშმაკის ჩაქოლვის რიტუალის დროს. ამ მხრივ ყველაზე ტრაგიკული იყო 1990 წელი, როცა მლოცველებმა 1400 მორწმუნე გადაქელეს.
XS
SM
MD
LG