Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უშიშროების საგანგებო ზომები აშშ-სა და ბრიტანეთში


ანდრო ეული, პრაღა ტერორისტული აქტების საფრთხესთან დაკავშირებით აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში უშიშროების საგანგებო ზომებია მიღებული. ვაშინგტონის ირგვლივ საზენიტო რაკეტებია განთავსებული.

ქალაქის თავზე ავიაგამანადგურებლები პატრულირებენ. ლონდონის აეროპორტ "ჰითროუში" 1500-დე პოლიციელი და სამხედრო მოსამსახურეა მობილიზებული.


უშიშროების საგანგებო ზომებია მიღებული ბრიტანეთის სხვა დიდი ქალაქების, მათ შორის ლივერპულისა და მანჩესტერის აეროპორტებშიც. ხოლო ვაშინგტონის ირგვლივ და ქალაქშიც, განსაკუთრებით პენტაგონის შენობის მახლობლად, სტინგერის კლასის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტებია განთავსებული.

ოფიციალური პირები ლონდონსა და ვაშინგტონში აცხადებენ, რომ საგანგებო ზომების მიღება კონკრეტულ სადაზვერვო ინფორმაციასთანაა დაკავშირებული.

ბრიტანეთის რამდენიმე გაზეთმა ამ დღეებში გამოაქვეყნა ცნობა იმის შესახებ, რომ პოლიცია დაეძებს "ალ-ყაიდის" წევრებს, რომლებიც რაკეტებით არიან შეიარაღებული და ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან აფრენილი, ან დასაშვებად მოახლოებული თვითმფრინავის ჩამოგდება აქვთ განზრახული.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა ხუთშაბათს კვლავ განაცხადა, რომ მის ქვეყანას ტერორისტული თავდასხმის საფრთხე ემუქრება, მაგრამ არაფერი უთქვამს იმის შესახებ, თუ როდის და ვისგან არის მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმა. ბლერმა მოუწოდა კორესპონდენტებს ანგარიში გაუწიონ იმას, რომ მთავრობას არ შეუძლია იმის გამჟღავნება, რაც მისთვის, ტერორისტული საქმიანობის შესახებაა ცნობილი [ტონი ბლერის ხმა]: "ახლა, თქვენ გამიგებთ, რატომ არ შეგვიძლია და არც გვმართებს გამჟღავნება ყველა იმ დეტალისა, რაც ჩვენ ვიცით, ან შესაძლოა ვიცოდეთ, ხოლო ახლა მნიშვნელოვანი ისაა, ყველა საჭირო ზომა მივიღოთ ხალხის უსაფრთხოებისთვის".

როგორც ტერორიზმის საკითხებში ცნობილი ბრიტანელი ექსპერტი, ლონდონის სტრატეგიულ კვლევათა საერთაშორისო ინსტიტუტის თანამშრომელი ჯონოთან სტივენსონი აღნიშნავს, სადაზვერვო უწყებებისთვის ცნობილი გახდა, რომ ამ ბოლო დროს არნახულად გახშირდა კომუნიკაცია სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედ "ალ-ყაიდის" უჯრედებს შორის, რაც თავის მხრივ იმაზე მიანიშნებს, ტერორისტული თავდასხმისთვის სამზადისი, ალბათ, დასკვნით ფაზაშია შესული. სტივენსონი აღნიშნავს ამასთანავე, რომ სადაზვერვო უწყებებს ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ ახლა, როცა ერაყთან ომის შესაძლებლობა სულ უფრო რეალური ხდება, ისლამისტთა ექსტრემისტული დაჯგუფებები სიამოვნებით განახორციელებდნენ ტერორისტულ თავდასხმას აშშ-ისა და ბრიტანეთის ობიექტებზე.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ შეერთებულ შტატებში უშიშროების საგანგებო ზომები იქნა მიღებული, რის გამოც "ალ-ყაიდას" გაუძნელდება, ამჯერად, ამერიკაში ახალი ტერაქტის განხორციელება. ამდენად, უნდა მოველოდეთ, რომ ტერორისტები ევროპაში შეარჩევენ თავიანთ ახალ სამიზნეებს.
XS
SM
MD
LG