Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კუნძულ კვიპროსის გაერთიანების პერსპექტივა


ანდრო ეული, პრაღა ჩვენმა მსმენელმა იცის, რომ კვირას, კვიპროსში ჩატარებულ არჩევნებში, ბევრისთვის მოულოდნელად გაიმარჯვა ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ტასოს პაპადოპულოსმა.

მან ხმების თითქმის 52 პროცენტი მოაგროვა და დამაჯერებლად დაამარცხა ამჟამინდელი პრეზიდენტი გლაფკოს კლერიდისი. რა ზეგავლენას იქონიებს 16 თებერვალს ჩატარებული არჩევნების შედეგი ორად გაყოფილი კუნძულის გაერთიანების პერსპექტივაზე?

მიმდინარე თვის მიწურულს გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი ანკარას, ათენსა და კვიპროსს ეწვევა, რათა ჩიხიდან გამოიყვანოს მოლაპარაკება კუნძულის გაერთიანების მიზნით.

მოგეხსენებათ, კვიპროსი თურქულ და ბერძნულ ნაწილებადაა გაყოფილი 1974 წლის ივლისიდან მოყოლებული, როცა მეზობელმა თურქეთმა თავისი ჯარი შეიყვანა ჩრდილოეთ კვიპროსში და კუნძულის ტერიტორიის მესამედი დაიკავა. ამას, თავის მხრივ, წინ უძღოდა საბერძნეთთან მიერთების მიზნით განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელი ცდა.

დეკემბერში, კოპენჰაგენში გამართულ სამიტზე ევროპის კავშირმა, ცხრა სხვა სახელმწიფოსთან ერთად, კვიპროსსაც შესთავაზა, ოფიციალურად, ამ 15-წევრიან კავშირში შესვლა 2004 წელს.

გაერო მოუწოდებს კვიპროსის ბერძნულსა და თურქულ მოსახლეობას, 28 თებერვლისათვის მოიწონონ სამშვიდობო გეგმის პროექტი და რეფერენდუმები მოაწყონ 30 მარტს, ანუ ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეკრულების ხელმოწერამდე ორი კვირით ადრე.

ნიქოზიაში მოქმედი კვლევითი ცენტრის, "სივილიტას რისერჩის" აღმასრულებელ დირექტორის ჯეიმს კერ-ლინდსეის აზრით, კვირას ჩატარებული არჩევნების შედეგი სერიოზულ ზეგავლენას იქონიებს სამშვიდობო მოლაპარაკებზე კვიპროსის გაერთიანების მიზნით, ვინაიდან ძალზე ცოტა დროა დარჩენილი 28 თებერვლამდე, როცა მხარეებმა გაეროს სამშვიდობო გეგმა უნდა მოიწონონ. ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში ჯეიმს კერ-ლინდსეიმ განაცხადა [ჯეიმს კერ-ლინდსეის ხმა]: "ხელისუფლების სათავეში პაპადოპულოსი მაშინ მოვიდა, როცა 28 თებერვლამდე ათიოდე დღეღა რჩება. იგი მოდის ახალ გუნდთან ერთად და უნდა გაეცნოს გაეროს სამშვიდობო გეგმას. მან ზუსტად უნდა ჩამოაყალიბოს თავისი პოზიცია. ყოველივე ამის გათვალისწინებით დიდი, მეტად დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა, რამდენად მზად იქნება ამისთვის პაპადოპულოსი."

მოელიან, რომ პაპადოპულოსი ცვლილებების შეტანას შეეცდება კოფი ანანის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმის იმ ნაწილში, რომელიც კვიპროსელ თურქებთან ძალაუფლების განაწილებას ეხება. მას სურს, ამასთანავე, რომ რაც შეიძლება მეტი ბერძენი ლტოლვილი დაბრუნდეს თურქების მიერ დაკავებულ ჩრდილოეთ კვიპროსში და მინიმუმადე იქნეს დაყვანილი კუნძულზე დასახლებული თურქების რიცხვი მას შემდეგ, რაც მხარეები სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერენ ხელს.

გაეროს სამშვიდობო გეგმის თანახმად, თურქების მიერ დაკავებული ტერიტორია კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილში ამჟამინდელი 36-დან 28,5 პროცენტამდე უნდა შემცირდეს. ამავე გეგმით, საკუთარ სახლებში უნდა დაბრუნდეს თითქმის ნახევარი იმ 160 000 ბერძნისა, ვინც 1974 წელს გაიქცა ჩრდილოეთი კვიპროსიდან. ამას გადაჭრით ეწინააღმდეგებიან ჩრდილოეთი კვიპროსის თურქული რესპუბლიკის ლიდერები.

რაც შეეხება კუნძულის პოლიტიკურ მოწყობას, კოფი ანანის გეგმის თანახმად, კვიპროსი გახდება ერთიანი სახელმწიფო მასში შემავალი ორი ფედერაციითა და ცალკეული მმართველი სტრუქტურებით. პრეზიდენტის პოსტზე მორიგეობით, ათ-ათი თვის ვადით შეენაცვლებიან ერთმანეთს ბერძნული და თურქული ფედერაციების წარმომადგენლები.

სამხრეთი კვიპროსის პრეზიდენტად არჩეულმა ტასოს პაპადოპულოსმა თავის პირველ გამოსვლაში განაცხადა, რომ მზად არის, ითანამშრომლოს ჩრდილოეთი კვიპროსის თურქული რესპუბლიკის ლიდერ რაუფ დენქთაშთან, რათა "სამართლიანად და მიზანმიმართულად მოგვარდეს" კუნძულის ეთნიკური გაყოფის პრობლემა.

ჩრდილოეთი კვიპროსის თურქული რესპუბლიკის ლიდერები არცთუ დიდი ენთუზიაზმით მიესალმნენ სამხრეთ კვიპროსში კვირას ჩატარებული არჩევნების შედეგს. რაუფ დენქთაშის უახლოესმა მრჩეველმა მუმთაზ სოიზალმა განაცხადა, რომ 16 თებერვალს ჩატარებული არჩევნების შედეგი აუცილებლად იქონიებს გავლენას სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესზე. ხოლო თავად დენქთაშმა თქვა: თუ კოფი ანანის გეგმა განხორციელდა, კვიპროსი, არსებითად, ბერძნულ კუნძულად იქცევაო.
XS
SM
MD
LG