Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი მერყეობს მის ტერიტორიაზე ამერიკელი ჯარისკაცების განთავსების საკითხში


ანდრო ეული, პრაღა სამშაბათს, თურქეთის პარლამენტმა კვლავ გადადო კენჭისყრა მის ტერიტორიაზე ამერიკელი ჯარისკაცების განთავსებაზე იმ შემთხვევისთვის, თუ ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყება.



6 თებერვალს, თურქეთის პარლამენტმა დახურულ სხდომაზე მოიწონა მთავრობის წინადადება და ნება დართო ამერიკელ სამხედრო ინჟინრებს თურქეთის იმ ნავსადგურებისა და სამხედრო-საჰაერო ბაზების მოდერნიზაცია, რომლებიც ერაყთან ომის შემთხვევაში იქნება გამოყენებული. ამასთან დაკავშირებით, ამერიკელმა კონგრესმენებმა წერილობით მიმართვაში მადლობა გადაუხადეს თურქეთის პრემიერ-მინისტრს აბდულა გიულს.

ხოლო სამშაბათს, თურქეთის მმართველი, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ლიდერმა რეჯეპ ერდოანმა განაცხადა, რომ ქვეყნის პარლამენტის მიერ 6 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილება სულაც არ ავალდებულებს თურქეთს უპირობოთ დაუჭიროს მხარი ვაშინგტონს ერაყის წინააღმდეგ მოსალოდნელ ომში. მიმართა რა პარლამენტში თავის თანაპატიელ დეპუტატებს ერდოანმა თქვა, რომ შეერთებულ შტატებს არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ გარანტირებული აქვს თურქეთის მხარდაჭერა [რეჯეპ ერდოანის ხმა]: "ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა არ უნდა ჩათვალონ ისე, თითქოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, სამხედრო ბაზებისა და ნავსადგურების მოდერნიზაციის შესახებ, ჩვენ მათ, უპირობო მხარდაჭერის გარანტია მივეცით".

როგორც რეჯეპ ერდოანმა მიანიშნა კორესპონდენტებს, მისი თანაპარტიელი დეპუტატები პარლამენტში წინააღმდეგი არიან იმისა, რომ აშშ-მა ბაზად გამოიყენოს თურქეთი ერაყზე თავდასხმის დროს. "კიდევაც რომ წარედგინოს ეს საკითხი პარლამენტს განსახილველად, შედეგი ვაშინგტონისთვის, არასასურველი იქნება" - დასძინა ერდოანმა.

თურქეთი აცხადებს, რომ სპარსეთის ყურის ომმა 1991 წელს, 40 მილიარდი დოლარით დაზარალა მისი ეკონომიკა, და ამდენად არ სურს 12 წლის წინანდელი ამბის განმეორება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის დახმარების წყალობით თურქეთი ნელ-ნელა გამოდის მეტად ძიმე ეკონომიკური რეცესიიდან, და ორივე საფინანსო უწყებამ უკვე გამოთქვა ის საგანგაშო პროგნოზი, თურქეთის ეკონომიკას რომ მოელის ქვეყნის სამხრეთ საზღვართან ომის შემთხვევაში.

შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ მზადაა 26 მილიარდი დოლარის დახმარება მიაწოდოს თურქეთს, თუ ანკარა თანახმა იქნება მის ტერიტორიაზე ამერიკელი ჯარისკაცების განთავსებაზე იმ შემთხვევისთვის, თუ ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყება. როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, თურქეთი მეტ დახმარებას მოითხოვს შეერთებული შტატებისაგან.

ამასობაში, თურქეთის პრეზიდენტმა აჰმედ სეზერმა განაცხადა, რომ ამერიკელი ჯარისკაცების განთავსება თურქეთის ტერიტორიაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ გაერო მწვანე შუქს მისცემს ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებას.
XS
SM
MD
LG