Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა საფრთხე ემუქრება საქართველოს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 15 თებერვალს მთავრობის გაფართოებული სხდომა ქვეყანაში არსებულ კრიმინალურ მდგომარეობას დაეთმო. ძალოვანი მინისტრები და გენერალური პროკურორი არა მხოლოდ დანაშაულის

სტატისტიკაზე საუბრობდნენ, არამედ იმ შესაძლო დესტაბილიზაციაზეც, რაც, მათი პროგნოზით, ქვეყანაში მზადდება. რა საფრთხე ემუქრება საქართველოს?

მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე გაკეთებული მოხსენებებით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოს, ზოგადად, ორი საფრთხე ემუქრება. პირველი საფრთხე ისევ და ისევ ქვეყნის გარედან იქმნება- ზოგიერთი სახელმწიფო კვლავ მაქსიმალურად ცდილობს იმ საერთაშორისო ენერგეტიკული პროექტების ჩაშლას, რომელთა განხორციელება უკვე დაწყებულია. მეორე საფრთხე კი თავად ქვეყანაში არსებობს და წინა საარჩევნო პერიოდში პარტიების მიერ, პარტიული ინტერესების გამო, სიტუაციის დაძაბვაში გამოიხატება. ამის თაობაზე განცხადებები გააკეთეს: კონტროლის პალატის თავმჯდომარემ, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ქვემო ქართლში და სამეგრელოში პრეზიდენტის რწმუნებულებმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა.
სხდომა პრეზიდენტ შევარდნაძის გამოსვლით დასრულდა. გამოსვლა საინტერესო გახლდათ, უპირველესად, იმით, რომ, როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მხარდაჭერის მიღების შემდეგ პრეზიდენტმა იმ რეკომენდაციების გათვალისწინება გადაწყვიტა, აქამდე რომ უყურადღებოდ ჰქონდა დატოვებული. ალბათ, ამით უნდა აიხსნას პრეზიდენტის აღშფოთება ბასილ მკალავიშვილის მიმართ სამართალდამცავი ორგანოების რბილი დამოკიდებულების გამო.
[ედუარდ შევარდნაძის ხმა] " ვინ არის მკალავიაშვილი თუ მკლავიშვილი? მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი. ამერიკის კონგრესში რომ შეხვიდეთ, შევარდნაძეს კი არ გეტყვიან, თავიდან ამ კაცს დაასახელებენ. რა გაგვიხდა ამისთანა? ან სად არის პროკურორი ან შინაგან საქმეთა მინისტრი ან უშიშროება?"
როგორც გახსოვთ, დაახლოებით ერთი წლის წინათ რამდენიმე ამერიკელმა კონგრესმენმა - მათ შორის, ჰილარი კლინტონმა - პრეზიდენტ შევარდნაძეს ბასილ მკალავიშვილის რელიგიური ექსტრემიზმის აღკვეთის თხოვნით მიმართა. მაშინ პრეზიდენტს ამ თხოვნაზე რეაგირება არ მოუხდენია. ყოველ შემთხვევაში, განკვეთილი მკალავიშვილი წარმატებით აგრძელებდა სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელთა დაწიოკებას. პრეზიდენტის ამ განცხადების შემდეგ, იმედია, პროკურორიც გამოჩნდება, შინაგან საქმეთა მინისტრიც და უშიშროებაც.
და კიდევ ერთი: მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ საზოგადოებას, პირველ რიგში კი, აფხაზეთიდან დევნილებს ცოტა ხნის წინათ პრეზიდენტ ბუშისგან მიღებული წერილის ფრაგმენტი შეახსენა:
[ედუარდ შევარდნაძის ხმა] " ცოტა ხანი მოითმინეთ, ცოტა ხანი დაიცადეთ და ჩვენ, ყველანი, მოვიცლით აფხაზეთის პრობლემისთვის."
შესაბამისად, პრეზიდენტმა შევარდნაძემ გადაწყვიტა კიდევ 5 თვე მოიცადოს და აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებულ რუსეთის სამშვიდობო ნაწილებს მანდატი გაუგრძელოს.
XS
SM
MD
LG