Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უთანხმოება ვაშინგტონსა და ანკარას შორის


ანდრო ეული, პრაღა ჯერაც გაურკვეველია, ერაყთან ომის შემთხვევაში დაუთმობს თუ არა თურქეთი აშშ-ს თავის სამხედრო ბაზებს. იმის სანაცვლოდ, რომ ამერიკის ჯარი თურქეთის სამხედრო ბაზებითა და ნავსადგურებით

ისარგებლებს ერაყთან ომის შემთხვევაში, ვაშინგტონმა 26 მილიარდი დოლარის ეკონომიკური დახმარება აღუთქვა ანკარას, რაც თურქეთის მთავრობას საკმარისად არ მიაჩნია. ამასობაში, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა განაცხადა, რომ ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია თურქეთის ბაზების გამოუყენებლადაც შეიძლება განხორციელდეს.

თეთრი სახლის პრესმდივანმა არი ფლაიშერმა კორესპონდენტებს უთხრა, რომ აშშ-ს რეგიონის სხვა ნაწილებშიც შეუძლია თავისი ჯარის განთავსება, თუ თურქეთი უარყოფს ვაშინგტონის "საბოლოო წინადადებას", რაც კომპენსაციის სახით 26 მილიარდი დოლარის დახმარებას ითვალისწინებს.

სპარსეთის ყურის ომმა 1991 წელს უზარმაზარი ზარალი მიაყენა თურქეთის ეკონომიკას. ამასთანავე, თურქეთის მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტი ერაყთან ომის წინააღმდეგია, თანაც ამასწინანდელ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ხელისუფლებას სათავეში მოექცა ზომიერი ისლამისტური, სამართლიანობისა და განვითარების პარტია. ალბათ, ამ ფაქტორებითაც უნდა აიხსნას, რომ თავის ტრადიციულ მოკავშირე თურქეთთან ესოდენ გაურთულდა დღეს შეერთებულ შტატებს შეთანხმების მიღწევა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი ოთხშაბათს ტელეფონით დაუკავშირდა თურქეთის პრემიერ-მინისტრს აბდულა გიულს და კვლავ წამოჭრა შესაძლებლობა, რომ ამერიკის ჯარმა, ერაყთან ომის შემთხვევაში, თურქეთის სამხედრო ბაზებით ისარგებლოს. მაგრამ ანკარა კვლავინდებურად მოითხოვს, რომ შეერთებულმა შტატებმა 4 მილიარდით გაზარდოს დაპირებული თანხა და 30 მილიარდი დოლარის ეკონომიკური დახმარება მიაწოდოს თურქეთს.

ოთხშაბათს, ანკარაში, თურქეთის მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ლიდერმა რეჯეპ ერდოანმა განაცხადა, რომ ქვეყნის პარლამენტი ამ კვირაში არ განიხილავს თურქეთის ტერიტორიაზე ამერიკის ჯარის განთავსების საკითხს.

მართალია, ოფიციალური პირები ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ერაყთან ომის დაწყება თურქეთის გარეშეც შეუძლიათ, მაგრამ სამხედრო სტრატეგები შიშობენ, რომ ანკარის დაკარგვა მძიმე დარტყმას მიაყენებს ამერიკის სამხედრო თვითმფრინავებს.

მიმომხილველები სულ უფრო ხშირად გამოთქვამენ ვარაუდს, რომ მიუხედავად ომის მოწინააღმდეგეთა ხალხმრავალი გამოსვლებისა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ერაყში შეიარაღებულ ინტერვენციამდე ალბათ რამდენიმე კვირაღაა დარჩენილი.
XS
SM
MD
LG