Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ვადებში გაიყვანს რუსეთი საქართველოს ტერიტორიიდან თავის სამხედრო ბაზებს -


თამარ ჩიქოვანი, თბილისი რა ვადებში გაიყვანს რუსეთი საქართველოს ტერიტორიიდან თავის სამხედრო ბაზებს - ამ საკითხის გარკვევაში სიცხადე უნდა შეეტანა გასულ კვირას მოსკოვში გამართულ რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებას,

რომელშიც მონაწილეობის მისაღებად მოსკოვს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი სტუმრობდა. ქართული პრესის ერთსულოვანი შეფასებით, მოლაპარაკება კვლავ უშედეგოდ დასრულდა. 21- 27 თებერვლის გაზეთი "ახალი ეპოქა" წერს, რომ, ერთი მხრივ, მოსკოვი კმაყოფილია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით,გაუგრძელოს მანდატი აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებულ რუსეთის სამშვიდობო ნაწილებს, მაგრამ, მეორე მხრივ, თავად საპასუხოდ კომპრომისული ნაბიჯის გადადგმას არც ფიქრობს. შედეგად - საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზების საკითხი კვლავ გაურკვეველი დარჩა. გაზეთი წერს:



"ერთადერთი, რაზეც მხარეები თითქოს შეთანხმდნენ, ის არის, რომ რუსეთი საქართველოს გუდაუთის ბაზის დახურვის დამადასტურებელ დოკუმენტაციას გადასცემს და იქ საერთაშორისო ინსპექციის ჩატარებასაც უზრუნველყოფს. კრემლის მესვეურები ამას, უკვე მეორე წელიწადია, გაიძახიან, შედეგი კი ჯერჯერობით მაინც არ ჩანს: გუდაუთის ბაზა დახურულად არ ითვლება.
თუ გუდაუთის ბაზასთან დაკავშირებით მოსკოვის დამოკიდებულება გარკვეულია, სრული ბურუსით არის მოცული ახალქალაქისა და ბათუმის სამხედრო ბაზების საკითხი. რუსეთი ამ ბაზების გაუქმებისთვის კვლავ 11-წლიან ვადას მოითხოვს, საქართველოს ხელისუფლება კი თანახმაა მხოლოდ 3 წლის განმავლობაში მოითმინოს რუსი სამხედროების "იძულებითი სტუმრობა."
ფაქტია, რუსეთი არ ასრულებს სტამბულის ეუთოს სამიტის გადაწყვეტილებას და მიზეზებს ეძებს თავისი პოზიციის გასამართლებლად. მიზეზი კი არ დაელევა - დაწყებული ბაზებში მომუშავე ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვით, დამთავრებული ტექნიკურ-ფინანსური პრობლემებით.
საქართველოს ხელისუფლებამ არ იცის, როგორ მოუაროს კრემლის "სტრატეგიულ სიჯიუტეს". ამაზე მეტყველებს შემდეგი ფაქტიც: ირაკლი მენაღარიშვილის მოსკოვური ვიზიტის დღეს ქართულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თედო ჯაფარიძის განცხადება, რომელშიც ის პანკისის ხეობაში იარაღის შეტანაში რუსულ ბაზებს ადანაშაულებს. თედო ჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ რუსული ბაზებიდან იარაღის მიწოდება მომავალშიც გახდეს პანკისში დაძაბულობის მიზეზი. თუ ეს განცხადება მოლაპარაკებაზე რუსეთის დაყოლიებას ითვალისწინებდა, ალბათ, ჯობდა, უკეთესად გაფორმებულიყო: რუსული ბაზები ხომ პანკისში არ არის განლაგებული - ხეობამდე იარაღის მიტანა ქართველი სამართალდამცავების პირდაპირი თუ ირიბი თანხმობის გარეშე ვერაფრით მოხერხდებოდა."



21 თებერვლის გაზეთ " ტრიბუნასთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძე აცხადებს, რომ ოფიციალური თბილისის გადაწყვეტილება აფხაზეთის კონფლიქტში მყოფი რუსეთის სამშვიდობო ნაწილებისთვის მანდატის გაგრძელების შესახებ არ უნდა იყოს აღქმული, როგორც მანდატის მორიგი გაგრძელება. " თუ რაიმე არ შეიცვალა, საქართველოს ძალიან მძაფრი რეაქცია ექნება. საქართველო კომპრომისებზე არავითარ შემთხვევაში არ წავა," - განუცხადა გაზეთს თედო ჯაფარიძემ. ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ შეეწირება საქართველოს ინტერესები ერაყის საკითხთან დაკავშირებით რუსეთ-ამერიკის თანამშრომლობას, თედო ჯაფარიძემ განაცხადა:



"არ მინდა, კატეგორიული ვიყო, მაგრამ ამერიკულ მხარესთან ჩემი კონტაქტების და ინფორმაციის საფუძველზე შემიძლია განვაცხადო - გამორიცხულია ყოველგვარი გარიგება საქართველოსთან დაკავშირებით. გამორიცხულია, რომ საქართველო ერაყზე და რუსულ ინტერესებზე გაიცვალოს. საუბრები იმასთან დაკავშირებით, თითქოს, ერაყში ამერიკისთვის გაწეული დახმარების სანაცვლოდ, რუსეთს საქარველოში კარტ-ბლანში გაეხსნება, სიცრუე და დეზინფორმაციაა.
ჩვენ ღიად ვაფიქსირებთ, რომ საქართველო არის ანტიტერორისტული კოალიციის წევრი ქვეყანა. ამ მხრივ, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, ამერიკას, შესაძლებლობების ფარგლებში, სათანადო დახმარება აღმოვუჩინოთ. პრეზიდენტმა უკვე გააკეთა პოლიტიკური განცხადება და ამან აშშ-ში საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია. ანუ პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენგან უკვე დაფიქსირდა. რაც შეეხება ავიაბაზების გამოყენებას, ამერიკას ამასთან დაკავშირებით ჩვენთვის თხოვნით ჯერჯერობით არ მოუმართავს. თუკი ასეთი თხოვნა იქნება, ალბათ, ჩვენი ხელისუფლება - საკანონმდებლოც და აღმასრულებელიც - ამ საკითხს განიხილავს და, სათანადო პროცედურების დაცვით, გადაწყვეტილებასაც მიიღებს."

19 თებერვლის გაზეთი "24 საათი" მკითხველს ინფორმაციას იმ პროცესებზე აწვდის, რომელიც საქართველოს კიდევ ერთ ამბოხებულ რეგიონში - ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში - მიმდინარეობს. გაზეთის ცნობით, რუსეთის ხელისუფლების ორგანოები ბოლო დროს დიდ ყურადღებას უთმობენ რუსეთის მოსაზღვრე რეგიონების ინფრასტრუქტურის განვითარებას. 22 იანვარს კრემლში შედგა სახელმწიფო საბჭოს პლენარული სხდომა, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების ამ ტენდენციას კანონიერი სახე მისცა - ერთმანეთს დაუკავშირა სახელმწიფოს შიდა და საგარეო პოლიტიკური პრობლემების გადაჭრა, რაც ახლად შექმნილი სახელმწიფო საბჭოს ფუნქციებში მოაქცია. კრემლმა ეს ნაბიჯი საკუთარი დიპლომატიის გამარჯვებად მიიჩნია და რუსეთის საზღვრისპირა რესპუბლიკებთან რუსეთის რეგიონების თანამშრომლობის პრეზიდენტის მიერ მხარდაჭეილი პოლიტიკის გატარებას შეუდგა. პირველ შედეგსაც არ დაუხანებია - ამას მოჰყვა სოჭი-სოხუმის მიმართულებით პირველი ელექტრომატარებლის გაშვება და ჩრდილოეთ ოსეთის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის სერიოზული ინტეგრაციის დაწყება. გაზეთ " 24 საათს" ამ საკითხთან დაკავშირებით ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ძასოხოვმა განუცხადა:



"90-იან წლებში საბჭოთა კავშირში შეიქმნა საზღვრისპირა რესპუბლიკებთან კავშირების კარგი ფონი, მაგრამ ცენტრმა მაშინ ამას ყურადღება არ მიაქცია. დღეს არის საზღვრისპირა რეგიონებთან თანამშრომლობის კონცეფცია, მაგრამ არ არის მისი შესრულების მექანიზმი. ამიტომ ჩვენ უნდა შევქმნათ "რუსეთის მეგობარი რესპუბლიკების სარტყელი", რაც რუსეთის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი გახდება. მარტში მოსკოვში შეიკრიბება ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის საბჭო, რომელსაც ნურსულთან ნაზარბაევი უხელმძღვანელებს, ხოლო აპრილში რუსეთის 46 მოსაზღვრე სუბიექტთან ეკონომიკური თანამშრომლობის პროექტები ამუშავდება. რაც შეეხება ვითარებას სამხრეთ ოსეთში, რუსეთ-საქართველოს შეთანხმებებში არის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კომისიის მიერ მიღებული მდგომარეობა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსული ბიზნესის მოსვლაზე. დღეს უკვე არიან კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეში დაინტერესებული ბიზნესმენები, რომლებიც სამხრეთ ოსეთის ბუნებრივი რესურსებისადმი დიდ დაინტერესებას იჩენენ."
XS
SM
MD
LG