Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრიმინალთან ბრძოლა ადამიანთა წამების თანხლებით


დავით პაიჭაძე, თბილისი ბოლო დროს გამწვავებულ კრიმინოგენურ ვითარებას ქვეყანაში სხვადასხვაგვარად ეხმაურებიან: პრეზიდენტი ჩივის კანონიერი ქურდების მოძალების გამო, თბილისის საკრებულო მოქალაქეებისთვის

ცხელ სატელეფონო ხაზს ხსნის სამართალდარღვევათა შესატყობინებლად, ხოლო სამართალდამცავებმა პრეზიდენტის წუხილი უფრო აქტიური მოქმედების სიგნალად აღიქვეს. პოლიციის გააქტიურებას, როგორც წესი, თან სდევს ადამიანის უფლებათა დარღვევა, კონკრეტულად - წინასწარი დაკავების საკნებში მყოფი ადამიანების წამება, ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა. რამდენიმე დაზარალებულზე ადვოკატი ეკა ბესელია მესაუბრა.

რამდენიმე დღის წინ წინასწარი დაკავების საკანში გარდაცვლილი გიორგი ბაბუნაშვილი იპოვეს. ეს არის ყველაზე გახმაურებული ფაქტი მოქალაქეზე პოლიციის ძალადობისა, რომელსაც ლეტალური შედეგი მოჰყვა. გვამის სამედიცინო ექსპერტიზა უკვე ადასტურებს, რომ ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით დაკავებული ბაბუნაშვილი სასტიკად იყო ნაწამები და გარდაიცვალა მანამ, სანამ ვითომდაც თავს ჩამოიხრჩობდა. პოლიციელებს ის წამებისას შემოაკვდათ ხელში და შემდეგ ჩამოხრჩობის ინსცენირება მოახდინეს. ხანგრძლივი ფიზიკური ზემოქმედების შედეგად სიკვდილამდე ბაბუნაშვილს პარალიზებული ჰქონდა მარჯვენა ხელი, მკვეთრად დაუქვეითდა კონტაქტის უნარი.

ადვოკატმა ეკა ბესელიამ განმიცხადა, რომ უმძიმეს დღეში აღმოჩნდა დაკავებული ბაჩუკი ბერუჩაშვილი, რომელიც ბაბუნაშვილის ჯალათებმა აწამეს. ბერუჩაშვილისგან ისინი ბაბუნაშვილისთვის წაყენებული ბრალის დადასტურებას მოითხოვდნენ. ბესელიას თქმით, ბაბუნაშვილისათვის პოლიციას სურდა ზესტაფონში ამას წინათ გატაცებული და შემდეგ შინ დაბრუნებული 12 წლის გიორგი სარდანაძის საქმის ინკრიმინირება. ადვოკატი ირაკლი მახარაძე, რომელიც გარდაცვლილი ბაბუნაშვილის ოჯახის ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ ქუთაისის პოლიციის უფროსი თემურ ნოზაძე, რომელმაც დააპატიმრა ბაბუნაშვილი, მას, ადვოკატს, მოკვლით ემუქრება.

ეკა ბესელია ჩამოთვლის 5 ბრალდებულს - მინდია აფციაურს, ზურაბ სადაღაშვილს, გოჩა ბითაძეს, ოლეგ კანბეგოვს, გოჩა სამსიანს, რომლებიც ასევე აწამეს წინასწარი დაკავების საკანში ყოფნისას. სამ მათგანს სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად არ შეუფარდა წინასწარი პატიმრობა. ადვოკატი ამბობს, რომ ხუთივემ, წამების შედეგად, აღიარებითი ჩვენება მისცა პოლიციას. ხუთივეს მდგომარეობაზე არსებობს სამედიცინო ექსპერტის დასკვნა, რომელიც ადასტურებს ფიზიკური ზემოქმედების კვალს. გარდა ამისა, [ბესელიას ხმა] "ისინი კონკრეტულად ასახელებენ წამების ახალ მეთოდს - ელექტროდენის მიერთებას სასქესო ორგანოებზე და პირის ღრუში. დენს წამებისას აქამდეც იყენებდნენ, მაგრამ არა ამ ადგილებზე. ახლა ამას დაემატა აირწინაღიც. ანუ პატიმარს თან გუდავენ, თან დენს უერთებენ".

ეკა ბესელია ამბობს, რომ არსებული ფაქტები, დასკვნები და მტკიცებულებები მან გადაუგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას და მიმართა პროკურატურას, აღძრას სისხლის სამართლის საქმე თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსის ლევან მაისურაძისა და საპყრობილის უფროსის შოთა კოპაძის წინააღმდეგ, რომლის თანდასწრებითაც, აცხადებს ბესელია, აწამეს გიორგი ბაბუნაშვილი. კონკრეტული ჯალათების მიკვლევა ძიებას შეუძლია, დღეს კი სრულიად ცხადია ჩამოთვლილ პირთა პასუხისმგებლობა, რადგან პატიმართა მაწამებელი პირები მათი ხელქვეითები არიან და დანაშაული მათდამი რწმუნებულ უწყებებში ჩაიდინეს.
XS
SM
MD
LG