Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგრადის ცენტრში მოკლეს სერბიის პრემიერ-მინისტრი


ბელგრადის ცენტრში მოკლეს სერბიის პრემიერ-მინისტრი ზორან ჯინჯიჩი.

ბელგრადის ცენტრში მოკლეს სერბიის პრემიერ-მინისტრი ზორან ჯინჯიჩი.
როგორც სერბიის ვიცე-პრემიერმა ნებოიშა ჩოვიჩმა განაცხადა, ჯინჯიჩი საავადმყოფოში გარდაიცვალა მასზე განხორციელებული თავდასხმის დროს მიღებული ჭრილობებისგან. სნაიპერული შაშხანიდან ნასროლი ორი ტყვია ჯინჯიჩს მკერდსა და ზურგში მოხვდა. პოლიციამ ორი ეჭვმიტანილი დააკავა. სერბიის მთავრობა რიგგარეშე სხდომისთვის შეიკრიბა. მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ჩოვიჩი დაინიშნა. მიმომხილველთა აზრით, სერბიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა მის პროდასავლურ პოლიტიკასთან არის დაკავშირებული. სწორედ ჯინჯიჩი მოითხოვდა ჰააგის ტრიბუნალისთვის იუგოსლავიის ექს-პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის გადაცემას, რასაც სერბი ნაციონალისტების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. სერბიაში საგანგებო მდგომარება და სამდღიანი გლოვა შემოიღეს.

ჯინჯიჩის მკვლელობის ფაქტმა შეძრა მსოფლიო თანამეგობრობა. შოკი და აღშფოთება გამოხატეს ევროპის კავშირის, გაეროს, ნატოს კავშირის, შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, რუსეთისა და მრავალი სხვა ქვეყნის ლიდერებმა. ჯინჯიჩის მკვლელობა იმის დასტურია, რომ სერბიაში განაგრძობენ მოქმედებას ანტიდემოკრატიული, ექსტრემისტული ძალები, განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა. ჯინჯიჩის მკვლელობას ჯოჯოხეთური ბოროტმოქმედება უწოდა იუგოსლავიის ყოფილმა პრეზიდენტმა ვოისლავ კოშტუნიცამ.
XS
SM
MD
LG