Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი შევარდნაძე სხვადასხვა მიმართულების ქრისტიანებს ეწვია


დავით პაიჭაძე, თბილისი პარასკევს, 14 მარტს, თბილისის ბაპტისტურ ეკლესიაში სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიების წარმომადგენლებმა ერთობლივი ლოცვა აღავლინეს. ბაპტისტურ ეკლესიაში განსხვავებული მიმართულების

ქრისტიანებს ერთად ამა წლის 24 იანვარს უნდა ელოცათ, მაგრამ, რაც მაშინ მოხდა, ყველას ახსოვს: იქ ბასილ მკალავიშვილი მიიჭრა და ეკლესიაში არავინ შეუშვა. 14 მარტს ქრისტიანთა შეკრებას საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრო. ჩვენი სიუჟეტი ამ უპრეცედენტო ფაქტს ეხება.

სახელმწიფოს მეთაურის ჭკუისა და სიბრძნის, აგრეთვე, ქართველთა შემწყნარებლობის ხაზგასასმელად ჩვენში ხშირად ასახელებენ მაგალითად დავით აღმაშენებელს, რომელიც მაჰმადიანთა სალოცავ სახლში შედიოდა და თეოლოგიურ დისპუტებშიც მონაწილეობდა. მეცამეტე წელია, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, მაგრამ მისი ხელმძღვანელი, ხსენებული მაგალითის კულტივირების მიუხედავად, აქამდე არ სწვევია არათუ არაქრისტიანული რელიგიის მიმდევრებს, არამედ არამართლმადიდებელ ქრისტიანებსაც კი. ცხადია, შევარდნაძის ნაბიჯს პირწმინდად პოლიტიკური დატვირთვა აქვს და ყოველგვარი ლაპარაკი "ვიღაც სექტანტებთან", "სახელმწიფოსა და მართლმადიდებლობის მტრებთან" პრეზიდენტის მისვლის შესახებ სრული სისულელეა. ჩანს, ბოლოს შევარდნაძემაც დაინახა, რა მოიტანა რელიგიური ძალადობისთვის წაყრუებამ: დაუსჯელობის შედეგად, მოძალადეები გათავხედდნენ, ფიზიკურმა ძალადობამ ფეხი მოიკიდა არა მხოლოდ რწმენის სფეროში, არამედ პოლიტიკაში. ყოველივე ამას, ალბათ, კიდევ მოითმენდა კაცი, ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს მეთაური, მაგრამ მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით ადამიანების რეგულარულად ცემამ, დამცირებამ, მუქარამ და მათი საკუთრების განადგურებამ გვარიანად შელახა საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია. ახლა ძნელი სათქმელია, რას მოასწავებს შევარდნაძის მისვლა საქართველოში მოქმედ ქრისტიანული აღმსარებლობის სხვადასხვა ჯგუფებთან: არის ეს ნიშანი სახელმწიფოს ახალი პოლიტიკისა რელიგიურ უმცირესობათა მიმართ, ხელისუფლება მიხვდა, რომ უნდა დაიცვას მოქალაქეები, მათი რწმენის განურჩევლად, თუ შევარდნაძის გამოჩენას ბაპტისტებს, ლუთერანებს, კათოლიკეებს, ორმოცდაათიანელებსა თუ ევანგელისტებს შორის მხოლოდ ხანმოკლე პროფილაქტიკური ეფექტი ექნება? ანუ დარბევებით ცნობილი ჯგუფი ერთხანს ვერ გაბედავს საყვარელი საქმიანობის განახლებას? ამ კითხვით მივმართე საქართველოში ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსს მალხაზ სონღულაშვილს [სონღულაშვილის ხმა]: "ამ ხნის განმავლობაში, რაც ეს ლოცვა მზადდებოდა, არაერთხელ გვქონდა ურთიერთობა კანცელარიასთან. იქმნება შთაბეჭდილება, რომ აქვთ სურვილი, რაღაც გააკეთონ, გადადგან ნაბიჯები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის იმიჯის შეცვლას. მე არ ვარ დარწმუნებული, რამდენად მყარია მათი პოლიტიკური ნება, რომ ეს, მართლაც, ასე მოხდეს, მაგრამ მათთან ურთიერთობაში ასეთი შთაბეჭდილება შეიქმნა".

ყველა შემთხვევაში, მისასალმებელია, რომ პრეზიდენტმა ეს ნაბიჯი გადადგა. სახელმწიფო მინისტრის საჯარო ბოდიშს ლოგიკურად პრეზიდენტის სვლაც უნდა მოჰყოლოდა. ამიტომ ასევე მისასალმებელია ლოგიკა ხელისუფლების ქმედებაში.
XS
SM
MD
LG