Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის მოვლენების გამო, გადაიდო ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ერაყის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო, დაუდგენელი ვადით გადაიდო საქართველოში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ქამალ ხარაზის ვიზიტი, რომელიც 17 მარტს უნდა დაწყებულიყო.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტმა ბუშმა ე.წ. ბოროტების ღერძის ქვეყნების ჩამონათვალში ირანს "საპატიო" ადგილი მიუჩინა, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში, თუნდაც გადადებული, ვიზიტის მიმართ ინტერესი დიდია.

ოფიციალური ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ქამალ ხარაზის ვიზიტისას რაიმე ხელშეკრულების გაფორმება დაგეგმილი არ ყოფილა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხარაზის საქართველოში ვიზიტის მიზანი ირანის პრეზიდენტის მიწვევით საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ოფიციალური ვიზიტის დეტალების შეთანხმება გახლდათ. თუმცა ახლა, როცა ერაყის ირგვლივ ვითარება სულ უფრო მწვავდება, ძნელი სათქმელია, როდის შედგება ეს ვიზიტი.
მართლია, საქართველო-ირანის ურთიერთობა ბოლო პერიოდში დინამიკურად ვითარდება, მაგრამ ახლა, როცა ერაყთან დამოკიდებულებაში აზრი ორად გაიყო, საქართველოსა და ირანის ხელმძღვანელობა განსხვავებულ პოზიციებზე აღმოჩნდნენ: საქართველოს პრეზიდენტმა პირველი წუთებიდანვე მხარი დაუჭირა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ერაყის წინააღმდეგ ძალის გამოყენების გადაწყვეტილებას, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კი ერაყისა და ირანის პოზიციების დაახლოება გამოიწვია. შარშან ნოემბერში, პირველად ირან-ერაყის 8 წლიანი ომის შემდეგ, ირანისა და ერაყის ვაჭრობის მინისტრებმა ბაღდადში ხელი მოაწერეს შეთანხმებას თანამშომლობის შესახებ. შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობას ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, ნავთობისა და ენერგეტიკის სფეროებში. თუმცა აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თანამშრომლის, ირანისტ ნიკო ნახუცრიშვილის თქმით, - იგი რამდენიმე წლის განმავლობაში ირანში საქართველოს საელჩოს თანამშრომელი იყო, - ირანი და ერაყი გარკვეულ სფეროებში მანამდეც თანამშრომლობდნენ:
[ნიკო ნახუცრიშვილის ხმა] " ერაყს წარმომადგენლობა აქვს ირანში. ყოველ შემთხვევაში, 1994 წელს რომ ჩვედით ირანში, ეს წარმომადგენლობა ფუნქციონირებდა. თანამშრომლობდნენ ტყვეების გაცვლა-გამოცვლის საკითხებში, ირანელი მლოცველები მიდიოდნენ ქერბალაში და ნაჯაფში, რომელიც ერაყის ტერიტორიაზეა და იქ შეეძლოთ წმინდა ადგილების მონახულება. კონტაქტები იყო გარკვეულ დონეებზე."
სხვათა შორის, ირანი, რომელიც მახლობელი აღმოსავლეთის რეგიონში გარეშე ძალების ჩარევის წინააღმდეგია, დაახლოებით 2 თვის წინათ გამოვიდა ერაყში რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით, რომელსაც ერაყელი ხალხის ნება უნდა გამოევლინა სადამ ჰუსეინის ხელისუფლების მიმართ. პარალელურად, არაბულ სახელმწიფოთა ლიგის წევრი სახელმწიფოები სერიოზულად განიხილავდნენ სადამ ჰუსეინის ხელისუფლებიდან საკუთარი ნებით წასვლის შესაძლებლობასაც - ეს, მათი აზრით, ერთადერთი გზა იყო ამერიკის მხრიდან სამხედრო ოპერაციის თავიდან ასაცილებლად. თუმცა, დასავლური პრესის ცნობით, საფრანგეთის და რუსეთის პოზიციამ ჰუსეინი განამტკიცა და მან არაბული ქვეყნების ლიგის დელეგაციის მიღებაზე უარი განაცხადა.
რაც შეეხება ირანს: აშშ დიდი ხანია აპროტესტებს ირანის ატომურ პროგრამას, მიუხედავად თეირანის განცხადებებისა, რომ ამ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებით იყენებს. ამავე თემაზე ვაშინგტონი რუსეთსაც აკრიტიკებს ირანთან თანამშრომლობისთვის. საქართველოს ხელისუფლებაც მოხვდა იმ სახელმწიფოთა რიცხვში, ვინც ამერიკელების უკმაყოფილება გამოიწვია ირანთან თანამშრომლობის გამო: თბილავიამშენსა და ირანს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, ქართველ სპეციალისტებს ირანის სამხედრო თვითმფრინავების შეკეთებაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა. ვაშინგტონის კრიტიკის შემდეგ თანამშრომლობა მშვიდობიანი გახდა და წყლის გამაცხელებლების ერთობლივ წარმოებაში გამოიხატება.
XS
SM
MD
LG