Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ომი ჩვენს ოჯახებში


დავით პაიჭაძე, თბილისი ერაყის ომი, მეორე დღეა, ერთადერთი საინფორმაციო ჰიტია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. ქართულ მედიაშიც ომს განუზომლად მეტი ყურადება ეთმობა, ვიდრე სხვა ახალ ამბებს.

თუმცა აშკარაა, რომ ჟურნალისტებისა და საზოგადოების ყურადღების დიდი ნაწილი მიმართულია არა საკუთრივ ომსა და სამხედრო ოპერაციებზე, არამედ ომთან დაკავშირებულ სხვა მოვლენებზე. როგორ აისახება ერაყული კამპანია მასმედიის ქართულ საშუალებებში?

ერაყის ომს საქართველოს მოქალაქეებიც ტელევიზიით უყურებენ. ორიგინალური წყარო ქართულ მედიას საომარ მოქმედებათა, რომ იტყვიან, თეატრში არ ჰყავს. ამიტომაც ხშირად სიცხადეს მოკლებულია CNN - ისა და ევრონიუსის ინფორმაციის სინქრონული თარგმანი. ომის სურათი, არასათანადო კვალიფიკაციის მთარგმნელ სინქრონისტთა წყალობით, მთლად ადეკვატური არ უნდა იყოს.

სხვაგვარად არის საქმე, როცა მასმედიის საშუალებას აქვს დრო, გაშიფროს, თარგმნოს და დალაგებით გადმოსცეს უცხოენოვანი ტექსტი. ასეთ დროს ინფორმაცია იგივეა, რაც უცხოურ არხებზე, ოღონდ უფრო გასაგები და ლაკონიური.

ზოგიერთი ქართული ტელე და რადიოკომპანიის ღირსებად უნდა ჩაითვალოს პირდაპირი ჩართვები ომში აქტიურად ჩაბმული ქვეყნებიდან, აგრეთვე, ერაყის მეზობელი სახელმწიფოებიდან. არც ერთ ქართულ მედია ორგანიზაციას არ ჰყავს საკუთარი კორესპონდენტი ამ ქვეყნებში, მაგრამ ჟურნალისტების მაგივრობას მეტ-ნაკლები წარმატებით სწევენ კერძო პირები.

ერაყის ომის საქართველოზე გავლენის თემა, შეიძლება ითქვას, თითქმის ამოწურული ან გაყინულია: ამ ეტაპზე ჩანს, რომ, თემის მაქსიმალური ექსპლუატაციის მიუხედავად, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ომის ზემოქმედება ჯერჯერობით იმდენად უმნიშვნელოა, რომ ძნელი გასაზომია. ქართული ტელეარხები საკმაო დროს უთმობენ სხვადასხვა ქვეყანაში ომის წინააღმდეგ მიმართულ დემონსტრაციებსა და აქციებს. შთაბეჭდილება, ამ დროს რომ იქმნება, უტყუარი არ არის: საპროტესტო აქციებს რომ შეხედო, შეიძლება იფიქრო, რომ კონკრეტული ქვეყნის მთავრობა თანამოქალაქეთა ნების საწინააღმდეგოდ იქცევა. ჯერ არავის უთქვამს, ჩვეულებრივ მოქალაქეთა შორის რამდენი თანაუგრძნობს და იზიარებს შეერთებული შტატების პოლიტიკას ერაყში. არადა, შესაბამისი მონაცემები, თუნდ სოციოლოგიურ გამოკითხვათა შედეგების დონეზე, ნამდვილად არსებობს.

ომის არათუ სრულ, არამედ მრავალმხრივ სურათსაც ჩვენი მოქალაქეები ვერ იხილავენ. ინფორმაცია საქართველომდე ტრანზიტული გზით მოდის. მისი გამავრცელებელი - ცნობილი მედია კომპანიები თვითონ არიან დაშორებულნი საომარ მოქმედებათა ადგილებს, ხოლო ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების დროს ყოველთვის შეინარჩუნებენ ლოიალობას სამხედროთა მიმართ, რომელთაც ჟურნალისტებს აკრედიტაცია მისცეს და რომელთა მიდგომებს ყოველთვის გაითვალისწინებენ. მეტ-ნაკლებად ადეკვატური წარმოდგენის შექმნა ომზე შეიძლება, თუ ჩვენს არხებს ექნებათ სურვილი და შესაძლებლობა, მისწვდნენ და გამოიყენონ ორი საერთო არაბული არხის - "ალ ჯაზირასა" და "ალ არაბიას" ინფორმაცია. ობიექტურობაზე ლაპარაკი ამ შემთხვევაში ზედმეტი იქნება, უბრალოდ, ინფორმაციის მიმღები მოახერხებს დასავლურ და არაბულ არხთა აქცენტების ურთიერთშეჯერებით გაიფართოოს წარმოდგენა ერაყში მიმდინარე ომზე.
XS
SM
MD
LG