Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში, ბუნებრივია, ერაყის ომი რჩება

და მიმომხილველები კვლავინდებურად არაერთგვაროვან შეფასებას აძლევენ სპარსეთის ყურის რეგიონში მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტს. როგორც გაზეთი "ნიუ-იორკ ტაიმსი" აღნიშნავს სარედაქციო სტატიაში, ახლა, როცა კოალიციური ძალები ბაღდადს მიუახლოვდნენ, განახლდა იმედი, რომ ომი ერაყში, სულ მალე დამთავრდება. გაზეთი წერს:

"დაიძრნენ რა ბაღდადისკენ ამერიკელი საზღვაო ფეხოსნები, მათ შეეგება უამრავი ხალხი, ვინც ბრძოლების დაწყებამდე დატოვა ქალაქი. ბევრი მათგანი მადლობას უხდიდა ჯარისკაცებს და შეძახილებითაც ამხნევებდა. ქალაქ ბასრის შემოგარენში, მაჰმადიანთა ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ სადამ ჰუსეინის მომხრეები, ქალაქს რომ აკონტროლებენ, მზად არიან შეწყვიტონ წინააღმდეგობა, თუკი მათ არ დახოცავენ. ხოლო ქალაქ ნაჯაფში, შიიტ მაჰმადიანთა თვალსაჩინო ლიდერმა თანამორწმუნეებს მოუწოდა - არ გაუწიონ კოალიციურ ძალებს წინააღმდეგობა."

ახლო აღმოსავლეთის საკითხების ექსპერტი, პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორი ბერნარდ ლუისი, ცდილობს განმარტოს, რით არის გამოწვეული ის უნდობლობა, მრავალი ერაყელი რომ უცხადებს დღეს სადამ ჰუსეინის დიქტატორული რეჟიმის დასამხობად დარაზმულ ამერიკელ და ბრიტანელ სამხედროებს. სტატიაში, რომელიც გაზეთმა "უოლ სტრიტ ჯორნალმა" გამოაქვეყნა, პროფესორი ლუისი წერს:

"ამგვარი უნდობლობის მიზეზი 1991 წლის მოვლენებში უნდა ვეძიოთ. როცა იმ წელს სპარსეთის ყურის ომი დაიწყო, ამერიკის მთავრობამ აჯანყებისა და სადამის რეპრესიული რეჟიმის დამხობისკენ მოუწოდა ერაყელ ხალხს. ერაყელებმა მყისვე აუბეს მხარი ამ მოწოდებას, და ქვეყნის არაერთ რეგიონში ამბოხებები დაიწყო. ამასობაში, ომში გამარვებული შეერთებული შტატები დაზავებაზე შეუთანხმდა ერაყის დამარცხებულ ლიდერს. მომდევნო დღეებში, სადამ ჰუსეინმა სისხლში ჩაახშო ამბოხება და ათეული ათასობით ქურთი, ჩრდილოეთში, ხოლო სამხრეთში შიიტი, ბარბაროსულად, ქიმიური იარაღის გამოყენებით გამოასალმა სიცოცხლეს".

გაზეთი "ვაშინგტონ ტაიმსი" აღშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ვაშინგტონის მოკავშირედ აღიარებულმა რუსეთმა, უკანასკნელ თვეებში, თანამედროვე შეიარაღება მიჰყიდა ერაყს.
გაზეთი, სარედაქციო სტატიაში წერს:

"და ეს, არც უნდა იყოს გასაკვირი. მართალია ვლადიმირ პუტინის რუსეთი დღეს ამერიკის მთავარ მოკავშირედ გვევლინება, იგი ადრეც და 11 სექტემბრის შემდეგაც, შენიღბულად, მაგრამ სისტემატურად, აშშ-ის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდა როგორც ახლო აღმოსავლეთში, ასევე ცენტრალურსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაშიც."

საფრანგეთის გაზეთ "მონდში" გამოქვეყნებულია კინორეჟისორ კლოდ ლანზმანის სტატია, რომელშიც მძაფრად არის გაკრიტიკებული ომი ერაყში. სტატიაში ვკითხულობთ:

"კვლავ ვსვამ ჩემთვის კითხვას - ნუთუ აქვს ვინმეს უფლება ქვეყანა დაანგრიოს დიქტატურის სალიკვიდაციოდ; დიქტატურისა, რომელიც თავის არნახულ სისასტიკესთან ერთად აშკარა საფრთხეს არ უქმნიდა მსოფლიოს. და ეს ომი გაუთვალისწინებელი გლობალური პრობლემების საფრთხესთანაა დაკავშირებული. თუმცა, სახიფათოა მშვიდობის მომხრეთა დემონსტრაციებიც, როცა ისრაელის დროშებს წვავენ და ანტისემიტურ ლოზუნგებს გაჰყვირიან. ისრაელმა, არანაირად რომ არაა ჯერჯერობით დაკავშირებული ერაყის ომთან, კვლავაც განტევების ვაცის ხვედრი გაიზიარა".

"არა, ეს არაა ვიეტნამი - მოკავშირეები ახლოს არიან გამარჯვებასთან" - წერს ბრიტანეთის გაზეთი "დეილი ტელეგრაფი" და გამოთქვამს იმედს, რომ ერაყში სულ მალე დამხობა სადამ ჰუსეინის დიქტატორული რეჟიმი.
XS
SM
MD
LG