Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა წვლილის შეტანა შეუძლია საქართველოს ერაყის აღდგენის პროცესში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ერაყში საომარი მოქმედებების პარალელურად, იგეგმება ომის შემდგომი ერაყის აღდგენითი სამუშაოები. სხვადასხვა მონაცემით, ერაყის აღდგენით სამუშაოებში ლომის წილი ამერიკულ და ბრიტანულ კომპანიებზე მოვა,

თუმცა უკვე სხვა სახელმწიფოებიც გამოხატავენ მზადყოფნას ერაყის აღდგენის პროცესში მონაწილეობისთვის. რა წვლილის შეტანა შეუძლია საქართველოს ამ საქმეში?

თუ რუსეთს არ ჩავთვლით, დსთ-ს წევრი სახელმწიფოებიდან ერაყის ეკონომიკის აღდგენაში მონაწილეობის მიღების სურვილი პირველმა აზერბაიჯანმა გამოთქვა, რომლის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, აზერბაიჯანელ სპეციალისტებს შეუძლიათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ საომარი მოქმედებებით დაზიანებული სანავთობო ინფრაქსტრუქტურის აღდგენაში. ამ კვირას კი უკვე პრეზიდენტმა შევარდნაძემაც განაცხადა, რომ ქართველი სპეციალისტებიც მზად არიან, თავიანთი წვლილი შეიტანონ ერაყის ეკონომიკის აღდგენაში. ედუარდ შევარდნაძის განცხადებით:
[ედუარდ შევარდნაძის ხმა] " ახლა მთავარია ერაყის აღდგენის პერიოდზეც ვიფიქროთ. და, სხვათა შორის, ამ პროცესში საქართველოსაც შეუძლია გარკვეული წვლილი შეიტანოს, ვინაიდან ასეულობით ქართველი სპეციალისტი, ინჟინერი, მშენებელი, ექიმი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან იცნობს შესანიშნავად ამ ქვეყანას. და, უნდა გითხრათ, სამხედროებშიც არის ასეთი განწყობილება, რომ საქართველო გვერდზე არ უნდა დარჩეს, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, რა თხოვნას გადმოგვცემენ ამერიკელები."
მისივე განმარტებით, გადაწყვეტილება სპეციალისტთა გაგზავნის შესახებ საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს. მართალია, პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ ერაყში ქართველ სპეციალისტთა გაგზავნის საკითხი პარლამენტში მწვავე დებატებს გამოიწვევს, მაგრამ იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტარები გაგებით მოეკიდებიან ამ საკითხს.
საქართველოს დასაქმების სამსახურის უფროსს ჯემალ მებუკეს ერაყის აღსადგენად ქართველი სპეციალისტების გაგზავნის გადაწყვეტილების თაობაზე ჯერჯერობით არაფერი სმენია. მისივე ვარაუდით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასეთი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, ერაყში სამუშაოდ გასაგზავნთა შემადგენლობის განსაზღვრა დასაქმების სამსახურის გვერდის ავლით მოხდება. ასეთი პესიმისტური პროგნოზის საფუძველს იძლევა თუნდაც ის ფაქტი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ნავთობსადენების მშენებლობისთვის აუცილებელი მუშახელის შერჩევის პროცესი, ასე ვთქვათ, ალტერნატიული გზებით წარიმართა.
პარლამენტარი ვახტანგ ხმალაძე კი პრეზიდენტის მოსაზრების კომენტირებისას შენიშნავს, რომ თუ ერაყში სპეციალისთა გაგზავნა ნებაყოფლობით მოხდა, ამისთვის პარლამენტის თანხმობა სულაც არ იქნება აუცილებელი. სხვა საკითხია, თუ ერაყში გასაგზავნად გარკვეული მობილიზაცია გამოცხადდა, როგორც, მაგალითად, საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩერნობილის ატომურ სადგურზე მომხდარი ავარიისას. ასეთ შემთხვევაში, აუცილებელი იქნება ქვეყნის გარეთ მობილიზაციის პრინციპით გაგზავნისათვის სამართლებრივი ბაზის შექმნა, რადგან დღეს საქართველოში ასეთ ქმედებას არც ერთი კანონი არ განსაზღვრავს. კანონის მიღების შემთხვევაშიც, ადამიანთა უცხოეთში სამუშოდ გასაგზავნად პარლამენტის თანხმობა იქნება საჭირო. იგივე მოთხოვნა ეხება უცხოეთში ქართველი სამხედროების გაგზავნასაც: პარლამენტის თანხობის გარეშე ქართველი სამხედროები ერაყში ვერ გაემგზავრებიან.
სამაგიეროდ, ერაყში ომის დასრულების შემდეგ კარგი ნიადაგი შეექმნებათ იმ კერძო ფირმებს, ვინც აქამდე, ყოველგვარი კანონის გვერდის ავლით, ჰპირდებოდა და ჰპირდება სამუშოს მუშახელს სხვადასხვა ქვეყანაში. თუ გავითვალისწინებთ, რომ, დასაქმების თვალსაზრისით, საქართველოში კლავინდებურად მძიმე მდგომარეობაა, ერაყში წასვლის მსურველთა ნაკლებობა ნამდვილად არ იქნება.
XS
SM
MD
LG