Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ გადადგა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე


დავით პაიჭაძე, თბილისი ორშაბათს, 7 აპრილს, თანამდებობიდან გადადგა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელთა აღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე პაატა მხეიძე. სახელმწიფო თანამდებობათა

ჩამონათვალში ეს არის ერთ-ერთი პოსტი, რომელსაც, სხვა პოსტებთან შედარებით, ხშირად ტოვებენ - ხან ნებით, ხან ზემდგომთა ბრძანებით. პაატა მხეიძის შესახებ, კარგა ხანია, არაოფიციალურად ცნობილი იყო, რომ ის დეპუტატობას მიელტვოდა.

არაფორმალური ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა პაატა მხეიძემ: მან განაცხადა, რომ თერჯოლაში აპირებს კენჭისყრას მაჟორიტარ დეპუტატად. იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე სასჯელთა აღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე შეეცადა წარმოეჩინა დამსახურება, რომელიც მას მიუძღვის ამ სისტემაში 15 თვის მუშაობის მანძილზე. მხეიძის პოზიტიურ ნაბიჯებზე ჩემთან საუბარში ილაპარაკა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ კახა კობერიძემაც. მისი აზრით, მხეიძის მუშაობისას პენიტენციალური სისტემა არ ჩაკეტილა, საზოგადოებისთვის მისაწვდომი იყო ინფორმაცია იქაურობის შესახებ, მხეიძემვე მოიზიდა ახალგაზრდა კადრები, რომელთა დიდი ნაწილი ვერ შეეგუა სახელმწიფო სამსახურს ციხეებში და დატოვა ის; შეიქმნა სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის კონცეფცია, გაგრძელდა მართვისა და მომარაგების სისტემათა დეცენტრალიზაცია. გარდა ამისა, სასჯელაღსრულების სამსახურს გამოეყო სამედიცინო სამსახური. [კახა კობერიძის ხმა]: "თუმცა სისტემაში არსებულ პრობლემათა უმრავლესობა მთელი სიცხადით დგას და, მე ვერ ვიტყვი, რომ ამ პრობლემების გადაჭრა ან აღმოფხვრა მოხერხდა ამ წელიწადსა და სამ თვეში ან რადიკალური ცვლილებებია მოსალოდნელი მომავალში".


პაატა მხეიძის საქმიანობის შეფასება ვთხოვე უფლებადამცავ გელა ნიკოლაიშვილს, ორგანიზაციიდან "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის". მან თქვა, რომ სასჯელაღსრულების დეპრატამენტის თავმჯდომარედ ყოფნისას პაატა მხეიძე ნამდვილად ცდილობდა [გელა ნიკოლაიშვილის ხმა]: "რაღაც შეეცვალა, მაგრამ რეალური შედეგები ამას არ გვაჩვენებს. იქ არაფერი შეცვლილა, იმავე შინაგანი ატმოსფეროს თვალსაზირისით, ყოფითი პირობების თვალსაზრისით. ზოგადად, ვერ ვიტყვი, რომ მხეიძემ ბევრი რამ გააფუჭა. ერთი უარყოფითი მოვლენა ძველი კადრების დაბრუნება იყო, ანუ იმათი, თვითონ გამოცდილ კადრებს რომ უწოდებს. ეს კადრები ვერ შეცვლიდნენ სიტუაციას, რადგან თავად შექმნეს ის. ".

თავად პაატა მხეიძე კი, ჩანს, უკვე შეუდგა დეპუტატობისათვის მზადებას. მისი სიტყვა-პასუხი ბრიფინგზე დიპლომატიურობითა და ზომიერი სიმტკიცით გამოირჩეოდა. პაატა მხეიძემ უპასუხა შეკითხვებს, შეამცირა თუ არა კრიმინალური სამყაროს გავლენა ციხეებსა და კოლონიებში, რამდენად მოელის კრიმინალური სამყაროს მასთან დაპირისპირებას არჩევნების დროს (უნდა ითქვას, რომ არ მოელის), ან რატომ ვერაფერს გახდა ზონებში ქურდებთან, მათთვის საგანგებო, ანუ კომფორტული, პირობების მოშლის თვალსაზრისით; ამ ბოლო საკითხზე ექს-თავმჯდომარე ასე ლაპარაკობს [მხეიძის ხმა]: "როგორც საზოგადოება თვითონ მიუჩენს ადგილს - ვის პრესტიჟულს, ვის მეორეხარისხოვანს - ასეა ეს ყველაფერი, თან უფრო დიდი გაგებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. სისტემაში, რომელიც ჩაკეტილია და მართავენ დაუწერელი ქურდული კანონებით, ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს, ვინც თავისი პატიმარი მეგობრის ცოლს შეეხო უდიერად, ან ცოტა უღირსად, გაყიდა სული, მოსთხოვონ პასუხი და უთხრან, რომ შენი ადგილი აქ კი არ არის, არამედ სადღაც კუთხეში. დაახლოებით ასე ხდება და ეს ჩემთვის, როგორც კაცურად, ისე პროფესიონალურად, აბსოლუტურად მისაღებია".[

პაატა მხეიძეს შეუძლია უშიშრად იყაროს კენჭი. მისი არც ერთი პასუხი ქურდებს არ ეწყინებათ.
XS
SM
MD
LG