Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდგომარეობა ერაყში


ბაღდადში გრძელდება ბრძოლები. შეერთებული შტატების სამხედრო ხელმძღვანელობის ცნობით, კოალიციის ჯარები ბაღდადის შიგნით თავიანთ პოზიციებს აფართოებენ და ერაყელთა მხრიდან სუსტად

ორგანიზებულ წინააღმდეგობას აწყდებიან.

როგორც ჩვენი სპეციალური კორესპონდენტი რონ სინოვიცი იუწყება ბაღდადიდან, სამშაბათს გრძელდებოდა მოკავშირეთა ჯარების შეტევები ერაყის დედაქალაქის გარეუბნებიდან ცენტრის მიმართულებით.

სადამის სახელობის აეროპორტის აღებაზე ადრე ვიუწყებოდით. სამშაბათს შეერთებული შტატების ჯარებმა დაიკავეს რაშიდის აეროდრომი ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთში და ჩრდილოეთიდან ცენტრისკენ წაიწიეს.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რა ბედი ეწიათ სადამ ჰუსეინს და მის ვაჟებს. როგორც შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, ორშაბათს ღამით ამერიკის ავიაციამ დაბომბა არეალი, სადაც სადაზვერვო მონაცემების თანახმად, სადამ ჰუსეინი და მისი ორი ვაჟი იმყოფებოდნენ.

როგორც ჩვენი სპეციალური კორესპონდენტი იტყობინება ბაღდადიდან, სამშაბათს ამერიკის ჯარებმა ცემენტის ქარხნის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს ერაყის "ალ სამუდ-2" ტიპის რაკეტები, რომლებიც გაეროს განიარაღების ინსპექტორებს მხედველობიდან გამორჩენოდათ.

სამშაბათი ტრაგიკული დღე აღმოჩნდა ჟურნალისტებისთვის. არაბულენოვანმა ტელკომპანია "ალ ჯაზირამ" განაცხადა, რომ სამშაბათს დილით, ამერიკის ჯარების მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაიღუპა მისი კორესპონდენტი. კიდევ ერთი კორესპონდენტი დაიჭრა.

სამშაბათს დაიღუპა კიდევ ორი ჟურნალისტი. მას მერე რაც ამერიკის ტანკმა ცეცხლით უპასუხა ერაყელებს, მის მიერ ნასროლმა ჭურვმა იმსხვერპლა რეიტერის კორესპონდენტი და ესპანელი ოპერატორი, რომლებიც სასტუმრო "პალესტინაში" იმყოფებოდნენ.

საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები იტყობინებიან, რომ ბაღდადში კრიტიკულ ზღვარს აღწევს მედიკამენტებით მომარაგება. საერთაშორისო წითელი ჯვრის ორგნიზაციის წარმომადგენელმა ნადა დუმანიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მსხვერპლის რიცხვი შეიძლება გაიზარდოს წამლების უქონლობის გამო.

რაც შეეხება დიპლომატიურ ფრონტს, ჩრდილო ირლანდიაში, ბელფასტის მახლობლად, გაიმართა შეხვედრა შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშსა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერს შორის. შეხვედრა ერაყის ომს და ომის შემდგომ ქვეყნის აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხებოდა.

[ბუშის ხმა] "რაც შეიძლება სწრაფად დავუქვემდებარებთ სახელმწიფო უფლებამოსილებებს ერაყის გარდამავალ ხელისუფლებას, რომელშიც შევლენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ მყოფი ერაყელები. დროებითი ხელისუფლება იმოქმედებს მანამდე, სანამ ერაყელი ხალხი მუდმივი მთავრობის არჩევას შეძლებს."

მოლაპარაკებებზე ბუშმა აღნიშნა, რომ ომისშემდგომ ერაყში გაეროს როლი მნიშვნელოვანი იქნება. მაგრამ, ამერიკის პრეზიდენტის აზრით, ეს როლი ჰუმანიტარული სფეროთი უნდა შემოიფარგლოს.

მისი მთავარი მოკავშირე ტონი ბლერი კი მიიჩნევს, რომ გაერომ გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს ომისშემდგომი ერაყის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

მიუხედავად აზრთა ამ სხვადასხვაობისა, მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ ბუშის განცხადება მაინც განხილულ იქნება, როგორც იმის ნიშანი, რომ იგი მაინც უგდებს ყურს თავის მოკავშირეებს.
XS
SM
MD
LG