Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სავალუტო ფონდმა ორი თვის ვადა მოგვცა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასულ კვირაში გაირკვა, რომ საქართველოს მთავრობის დელეგაცია ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის შეხვედრაზე არ გაემგზავრება.


სავალუტო ფონდმა ქართული დელეგაციის ვაშინგტონში ხლება და დამატებითი ხარჯების გაწევა მიზანშეუწონლად მიიჩნია, რადგან პირველი კვარტალის საბიუჯეტო შედეგებისა და რეკომენდაციების შესრულების ხარისხი ამ შეხვედრას სრულიად უსაგნოს ხდის.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და საქართველოს მთავრობის მრავალწლიანი ურთიერთობის მანძილზე ეს ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული პერიოდია. სავალუტო ფონდმა რეკომენდაციების შესასრულებლად მთავრობას კიდევ ორი თვის ვადა მისცა. ამჟამად ფონდის რეკომენდაციების უდიდესი და, რაც მთავარია, ძირითადი ნაწილი შეუსრულებელია, რაც, თავის მხრივ, არათუ ამ ორგანიზაციასთან კონსტრუქციული თანამშრომლობისა და შეღავათიანი კრედიტის მიღების შესაძლებლობას აყენებს ეჭვის ქვეშ, არამედ საქართველოს კრედიტორ ქვეყნებთან მოლაპარაკების წინ ყველაზე გავლენიანი პარტნიორის გარეშე დარჩენას უქადის და, მაშასადამე, ქვეყნის ბანკროტად გამოცხადების სრულიად რეალურ პერსპექტივას ქმნის.

მართალია, ფინანსთა სამინისტრო დღემდე ირწმუნება, რომ ფონდის მემორანდუმის შესრულებაში პრობლემები თითქმის არ არსებობს, მაგრამ სრულიად საპირისპიროს ამტკიცებენ დამოუკიდებელი ექსპერტები, რომელთა სკეფსისს თავად ფონდთან შეხვედრის გადადებაც აღრმავებს.

გოგიაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ პირველი კვარტალის საბიუჯეტო მაჩვენებლები შეასრულა, დაიცვა ფონდთან შეთანხმებული პარამეტრები, რაც ფინანსთა მინისტრს დონორებთან მოლაპარაკების საფუძველს აძლევს. იმავდროულად, ექსპერტები დაბეჯითებით ამტკიცებენ, რომ ბიუჯეტი, მინიმუმ, 18 მილიონი ლარით გაირღვა. თანაც სერიოზულ ეჭვს ბადებს ქაღალდზე შესრულებული მაჩვენებლების რეალურობაც. კვარტალის ბოლო დღეს შემდგარ "ფისკალურ სასწაულში" ბევრი წინასწარი ჩათვლებისა და ე.წ. "რასკრუტკების" ნაცად პრაქტიკას ხედავს. ექსპერტები ასახელებენ კონკრეტულ სტრუქტურებსაც, ვინც მთავრობას წინასწარ "დაეხმარა" და ერთბაშად რამდენიმე თვის მოსაკრებლები უწილადა ხაზინას. ასეთთა რიცხვში ყველაზე მეტად "საქართველოს რკინიგზა" ფიგურირებს, რომელსაც თურმე წინასწარ ზედმიწევნით ზუსტად აქვს დაანგარიშებული მომავალი ნახევარი წლის შემოსავლები და დღესვე შეუძლია ბიუჯეტს დაახლოებით 8 მილიონი ლარით "შეეწიოს". ვერაფერს იტყვი, ჩვენნაირ არასტაბილურ ქვეყანაში ამგვარი შესაშური სტაბილური გათვლები, უდავოდ, მიღწევაა. რკინიგზას არც ის კომპანიები ჩამორჩნენ, რომელთა ხელისუფლებასთან "რომანი" საზოგადოებისათვის დაფარული აღარ არის. საინტერესოა, რას მოიმოქმედებენ ეს ბიზნეს სტრუქტურები მომდევნო თვეებში, ან ვინ დაუბრუნებთ მათ უკან თანხას, თუ წინასწარ ნავარაუდევი მოგება დაგეგმილზე ნაკლები აღმოჩნდა?!

სხვათა შორის, ქართული საბიუჯეტო ხრიკები არც ფონდის ემისრებისათვის არის დაფარული, რადგან მათ, ჩვენი ხელისუფლებისაგან განსხვავებით, ციფრების შელამაზებისა და გეგმის ქაღალდზე შესრულების არანაირი მოტივაცია არ გააჩნიათ.

ბიუჯეტის მხრივ, პრობლემა რომც არ არსებობდეს, ფონდის გულის მოგება მაინც გაძნელდებოდა, რადგან თებერვლის მისიის სამახსოვრო მემორანდუმში დაფიქსირებული სხვა პირობებიც ღიად არის დარჩენილი. არ არის დაკმაყოფილებული და ჯერჯერობით არც არანაირი პერსპექტივა უჩანს აჭარიდან ცენტრალური ბიუჯეტისათვის კუთვნილი თანხების გადმორიცხვის პრობლემას.

არაფერი გაკეთებულა საბიუჯეტი ხარჯების შესამცირებლად, რასაც ფონდი თებერვლის მისიის დროს ითხოვდა, არ არის გამოცხადებული ტენდერი სამი უმსხვილესი სახელმწიფო საწარმოს საქმიანობის საერთაშორისო აუდიტის ჩასატარებლად. პარლამენტს ჯერ კიდევ საბოლოოდ არ მიუღია რამდენიმე კანონი, რომელიც ასევე ფიგურირებს რეკომენდაციებში.

ასე რომ, ფინანსთა მინისტრის ვაშინგტონური ვოიაჟის ჩაშლის მიზეზი სრულიად ნათელია. სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის ექსპერტს ლადო პაპავას მიაჩნია, რომ "სავალუტო ფონდში საქართველოს მთავრობას არაფერი ესაქმება, რადგან ის ვალდებულებები, რაც მან აიღო თებერვლის თვეში, არ შეუსრულებია. რაც შეეხება ბიუჯეტის შესრულებას, იმ თვალთმაქცობით, რითაც საზოგადოებას და საკუთარ თავს ატყუებენ, სავალუტო ფონდი არ მოტყუვდება."

ლამის ერთადერთი საკითხი, რაშიც საქართველოს მთავრობასა და სავალუტო ფონდს ერთიანი პოზიცია აქვთ, ეს "თავისუფალი ეკონომიკური ზონების შესახებ" კანონპროექტია, რომელიც ცოტა ხნის წინ "სპეციალურ ეკონომიკურ ზონებად" ტრასფორმირდა. მთავრობაც და ფონდიც ამ კანონის მიღების წინააღმდეგნი არიან. აქ ხელისუფლებას პოზიციას უმაგრებენ დამოუკიდებელი ექსპერტებიც, რომლებიც ამგვარი ზონების შექმნაში დიდ ეკონომიკურ ეფექტს ვერ ხედავენ, რეგიონებზე ცენტრის გავლენის კიდევ უფრო შესუსტების საშიშროებას კი გრძნობენ.

ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი გიორგი გაჩეჩილაძე კი კანონპროექტს "საშინელებას" უწოდებს და ფიქრობს, რომ სპეციალური ეკონომიკური ზონების შემოღება, სუსტი ადმინისტრირების პირობებში, კონტრაბანდისა და ჩრდილოვანი ეკონომიკის წილის ზრდას, აგრეთვე, ქვეყნის რეგიონების არასათანადო პირობებში ჩაყენებას გამოიწვევს.
ანუ, რეალურად არსებობს შიში, რომ ეკონომიკური სუბიექტები ერთი რეგიონიდან იმ ადგილებში გადაინაცვლებენ, სადაც "სპეციალური ეკონომიკური ზონაა".

ამ კამათში საინტერესო ისაა, რომ კანონის მხარდამჭერი ფრაქცია "აღორძინებაც" და ხელისუფლებაც, სკრუპულოზურ ეკონომიკურ გამოკვლევებზე დაფუძნებული არგუმენტების ნაცვლად, წმინდა პოლიტიკური მოტივებით ოპერირებენ. თავად ამგვარი ზონების შექმნის აუცილებლობა საქართველოში, მართლაც, სერიოზულ ეჭვს ბადებს, მაგრამ მთლად ეთიკურად არ გამოიყურება ის მეთოდები, რომელსაც ოპონენტები ამ კანონის გამო ერთმანეთთან კამათში იყენებენ.
XS
SM
MD
LG