Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა ერაყი ომით მიყენებულ ჭრილობებს იშუშებს, გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიამ არ მოისურვა რუსეთის დაგმობა ჩეჩნეთში მიმდინარე ბარბაროსობის გამო,

და ანდრეი სახაროვის ქვრივი ელენა ბონერი წინ აღუდგა ხელისუფალთა გადაწყვეტილებას - ძეგლი აუგონ მოსკოვში ანდრეი სახაროვს - ამ საკითხებს შევეხებით უცხოეთის პრესის დღევანდელ მიმოხილვაში.

როგორც გაზეთი "ვაშინგტონ ტაიმსი" აღნიშნავს სარედაქციო სტატიაში, ახლა, როცა ერაყში აღმშენებლობის პერიოდი დაიწყო, ბაღდადს დრო უნდა მიეცეს საგარეო დავალიანების დასაფარად.
გაზეთი წერს:

"ერაყს, ნავთობისა და გაზის საკმარისი მარაგი გააჩნია იმისთვის, რათა აღადგინოს ინფრასტრუქტურა და მოგვიანებით ვალებიც გაისტუმროს. 2001 წელს, როცა იუგოსლავიაში დიქტატორი პრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩი დაამხეს, ბელგრადს ხუთი წლით გაუგრძელეს ვალების გასტუმრების ვადა, და იგივე უნდა მოხდეს დღეს ერაყთან მიმართებაში."

ეგვიპტელი მიმომხილველი სამირ რაღაბი გაოცებას ვერ მალავს იმის გამო, რომ ერაყში ასე სწრაფად დაემხო სადამ ჰუსეინის რეჟიმი. სტატიაში, რომელიც ქაიროში გამომავალმა გაზეთმა "ალღომჰურიამ" გამოაქვეყნა, ეგვიპტელი ჟურნალისტი წერს:

"ერთობ უცნაური ხალხია ერაყელები. ვინ წარმოიდგენდა, რომ ისინი, ვინც გუშინ სადამის მზეს ფიცულობდა და მზად იყო მისთვის თავი გაეწირა, დღეს სადამის ძეგლებს დაანგრევდა, დაწვავდა მის პორტრეტებს და პრეზიდენტის სასახლეებსაც გაძარცვავდა."

გაზეთი "ნიუ-იორკ ტაიმსი" გამოეხმაურა ცნობას იმის შესახებ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოსკოვში დადგას აკადემიკოს ანდრეი სახაროვის ძეგლი, რასაც სახაროვის ქვრივი ელენა ბონერი არ ეთანხმება. "ნიუ-იორკ ტაიმსისათვის" მიცემულ ინტერვიუში ბონერმა სახაროვის თაყვანისმცემლებს მოუწოდა - კაპიკი არ გაიღონ ძეგლის მშენებლობისთვის, რაც 600 ათასი დოლარი დაჯდება. ელენა ბონერი დასძენს:

"დღევანდელი რუსეთი არ ასახავს იმ იდეალებს, რისთვისაც ანდრეი სახაროვს 1975 წელს ნობელის სამშვიდობო პრემია მიენიჭა. დღევანდელი რუსეთი, რომლის მოსახლეობის ერთი მესამედი სიღატაკის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ქვეყანა, რომელიც სისხლიან ომს აწარმოებს ჩეჩნეთში, რასაც ათასობით რუსი ჯარისკაცისა და ათეული ათასობით ჩეჩენი მოქალაქის სიცოცხლე ეწირება, ასეთი რუსეთი ვერანაირად ვერ ჰპასუხობს სახაროვის ძეგლის იდეას."

გაზეთი "ვაშინგტონ პოსტი" აღშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიამ არ მოისურვა რუსეთის დაგმობა ჩეჩნეთში მიმდინარე ომთან დაკავშირებით.
სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

"ზედიზედ მეორე წელია უკვე ადამიანის უფლებათა კომისიას რუსეთი არ გაუკრიტიკებია. კომისიამ უარყო ევროპის ქვეყნების მიერ შეთავაზებული რეზოლუციის პროექტი, რომელიც მოუწოდებს მოსკოვს - ყურადღება მიაქციოს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს ჩეჩნეთში, სახელდობრ მოქალაქეთა გაუჩინარებას, წამებასა და სიკვდილით დასჯას ყოველგვარი გასამართლების გარეშე. რეზოლუციის პროექტს კომისიის 15-მა წევრმა-სახელმწიფომ, მათ შორის ევროკავშირის წევრებმა, აგერთვე აშშ-მა, კანადამ და ავსტრალიამ დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგი გამოვიდნენ თავად რუსეთი, ჩინეთი, კუბა, ბრაზილია, ინდოეთი და სხვები, სულ 21 ქვეყანა. 17-მა თავი შეიკავა".

ამავე საკითხს აშუქებს სარედაქციო სტატიაში გერმანიის გაზეთი "ფრანკფურტერ რუნდშაუც". გაზეთი წერს:

"კვლავ გადაურჩა რუსეთი კრიტიკას. უმრავლესობა წევრებისა გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიაში არ გმობს მოსკოვს იმ ბარბაროსობისთვის, რაც ჩეჩნეთში ხდება. რატომ, ალბათ იმიტომ, რომ გაეროს კომისიაში ისეთი ქვეყნებია წარმოდგენილი, სადაც არანაკლებ ირღვევა მოქალაქეობრივი უფლებები."
XS
SM
MD
LG