Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო კოლაფსის მიზეზები


დავით პაიჭაძე, თბილისი პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებები, დიდწილად, იმ პრეტენზიებზე პასუხებს წარმოადგენდა, რაც პარლამენტის სახელისუფლებო ფრაქციებს აქვთ სპიკერის მიმართ.

მე შევეცადე, პარლამენტარებთან საუბარში დამეკონკრეტებინა ეს პრეტენზიები, აგრეთვე გამერკვია, რამდენად საფუძვლიანია ისინი და სად თანხვდება ოპოზიციისა და ხელისუფლების პოზიციები.

ნინო ბურჯანაძე ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, მართალია, მკაცრად პასუხობდა სახელისუფლო ფრაქციათა პრეტენზიებს, მოქალაქეებს აფრთხილებდა დიქტატურის დამყარების შესაძლებლობის გამო, მაგრამ თავად დავის ფორმალურ საფუძველს არ შეხებია. რას ემართლებიან პრეზიდენტის მხარდამჭერი ფრაქციები სპიკერს, რა კონკრეტული მიზეზი აქვს მათ კრიტიკას, აბრალებენ თუ არა სპიკერატს რაიმე კონკრეტული კანონპროექტის ჩაგდებას? სახელისუფლო ჯგუფის ლიდერი ვიტალი ხაზარაძე ასეთ კანონპროექტს ვერ იხსენებს, სამაგიეროდ, სხვა პრეტენზიებს აყალიბებს [ხაზარაძის ხმა]: "აბსოლუტურად იგნორირებულია მისი მხრიდან რეგლამენტის დაცვა, რამაც, ფაქტობრივად, პარლამენტის პარალიზება გამოიწვია; აიღეთ პარლამენტის სხდომის ნებისმიერი დღე: სხდომა გახსნილი არ არის და იწყება პოლიტიკური დებატები, დღის წესრიგის დამტკიცებას დღეებს ანდომებენ, არც ერთ კანონპროექტზე არასოდეს არ არის გაწერილი დრო - რამდენი ხანი უნდა დასჭირდეს მას. ხასიათისა და განწყობის მიხედვით, როგორც ჩათვლიან საჭიროდ, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, იმდენ ხანს გასტანს ამა თუ იმ საკითხის განხილვა. ჩემთვის და ქვეყნისთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, შეგნებულად ხდება ეს თუ უუნარობის გამო. მაგრამ მე მაინც მაღელვებს ის, რომ შეგნებულად ხდება".

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიგი წერეთელი საპარლამენტო კრიზისს ხელოვნურს უწოდებს და მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხარდამჭერი ფრაქციები პარლამენტის ხელმძღვანელობას ვერ დააკისრებენ სრულ პასუხისმგებლობას ამ კრიზისის გამო [წერეთლის ხმა]: "იმიტომ, რომ პარლამენტის წევრების მობილიზებაზე პარლამენტის თავმჯდომარე და ვიცე-სპიკერები პასუხს არ აგებენ, ეს არ არის მათი ფუნქცია. თუმცა ისინი ხელმძღვანელები არიან და ცდილობენ, მოიყვანონ დეპუტატები. ისე კი, ეს ფრაქციების, ფრაქციათა თავმჯდომარეების ფუნქციაა".

ფაქტია, რომ პარლამენტის სხდომაზე მიუსვლელობა პოლიტიკურ ჯგუფთა ინტერესების დაცვის ერთ-ერთ ქმედით საშუალებად იქცა. ფრაქციებისა თუ პარტიათა საგრძნობი ნაწილის დღევანდელ ინტერესებს ეწინააღმდეგება პრეზიდენტის და მთავრობის ინიციატივათა არათუ გაზიარება - განხილვაც კი. მეორე მხრივ, შევარდნაძის მხარდამჭერი ჯგუფები არანაკლებ შედეგიანად იყენებენ ამავე იარაღს და ოპოზიციის ინიციატივათა ჩასაგდებად სხდომაზე არ მიდიან. ყველაზე მკაფიო მაგალითი ეკონომიკური სპეცზონების საკითხის შეუმდგარი განხილვაა.

წინასაარჩევნო პერიოდის მთავარი პრობლემა, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში უნდა მოევლოს, საარჩევნო კოდექსის ცვლილებებია. ვიცე-სპიკერი წერეთელი აღნიშნავს, რომ სახელისუფლებო ფრაქციებსა და დანარჩენ პოლიტიკურ ჯგუფებს ამ საკითხისადმი ზოგი მიდგომა საზიარო აქვთ [წერეთლის ხმა]: "ეს გახლავთ ამომრჩევლების რეგისტრაციასა და სიების შედგენასთან დაკავშირებული საკითხები. ეს უნდა იყოს გამჭვირვალე პროცესი, არსებობდეს სიების გადამოწმების შესაძლებლობა და გამოკვეთილი იყოს პასუხისმგებელი პირები.".

აქედან კი უთანხმოებათა რიგი იწყება. გიგი წერეთლის აზრით, საარჩევნო კოდექსთან, სახელდობრ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფორმირების წესთან მიმართებით პარლამენტში შეიძლება მიუღებელ წინადადებებზე დაუსრულებელი ჭიდილი დაიწყოს [წერთლის ხმა] "და შემდეგ მოვიდეს დრო, როცა იტყვიან, რაღა დროს კომისიების დაკომპლექტებაა, ვერც პროფესიულს მოვასწრებთ, ვერც პარტიულს და, მოდი, რაღაცნაირად შევაჯანჯღაროთ ეს კომისიის წევრები, კანონმდებლობა გავამკაცროთ, კოსმეტიკისთვის ვიღაც შეიძლება შეიცვალოს და, საბოლოოდ, დარჩეს ისევ იგივე შემადგენლობა".
XS
SM
MD
LG