Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთხშაბათს პეკინში მოლაპარაკება დაიწყება აშშ-ის, ჩრდილოეთი კორეისა და ჩინეთის ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის


ანდრო ეული, პრაღა 23 აპრილს პეკინში, სამმხრივი მოლაპარაკება დაიწყება აშშ-ის, ჩრდილოეთი კორეისა და ჩინეთის ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის, რათა კორეის ნახევარკუნძულზე ბოლო მოეღოს 6 თვის წინათ დაწყებულ დაძაბულობას,

რაც ფხენიანის მიერ ბირთვული პროგრამის განახლებამ, აგრეთვე ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან ცალმხრივმა გამოსვლამ გამოიწვია.


ვაშინგტონს სურს, რომ ფხენიანმა ერთხელ და სამუდამოდ შეწყვიტოს თავისი ბირთვული პროგრამა, რომელიც გასულ წელს განაახლა, რითაც 1994 წელს ხელმოწერილი შეთანხმება დაარღვია.

სამმხრივი მოლაპარაკების მოწყობა პეკინში მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ჩრდილოეთმა კორეამ ათი დღის წინათ შეარბილა თავისი პოზიცია და განაცხადა, რომ აშშ-თან ორმხრივი მოლაპარაკების ნაცვლად, რასაც დაჟინებით მოითხოვდა აქამდე, არ იქნება წინააღმდეგი მრავალმხრივი დიალოგისა, რათა კორეის ნახევარკუნძულზე განიმუხტოს დაძაბულობა.

მოელიან, რომ სამმხრივ მოლაპარაკებას პეკინში მოგვიანებით შესაძლოა სამხრეთი კორეა, იაპონია და რუსეთიც შეუერთდნენ. იაპონიის მთავრობის წარმომადგენელმა იასუო ფუკუდამ პეკინში დანიშნულ შეხვედრას პირველი წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა [იასუო ფუკუდას ხმა]: "მას შემდეგ, რაც სხვადასხვა ქვეყნებს შორის არაერთი დიალოგი გაიმართა, პეკინში მოლაპარაკება მოეწყობა შეერთებულ შტატებს, ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთს შორის. ესაა პირველი წინგადადგმული ნაბიჯი, რასაც იაპონიის მთავრობა მიესალმება და იმედოვნებს, რომ ჩრდილოეთი კორეის პრობლემა მშვიდობიანი გზით იქნება მოგვარებული.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ფილ რიკერმა განაცხადა, ვაშინგტონი იმის მომხრეა, რომ სამმხრივ მოლაპარაკებას, პეკინში, მოგვიანებით სამხრეთი კორეა, რუსეთი და იპონიაც შეუერთდნენ.

ჩრდილოეთი კორეის პოზიციის შერბილებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ექსპერტებში. ერთნი მიიჩნევენ, რომ ფხენიანმა ამით, კომპრომისისთვის მზადყოფნა გამოავლინა, მაშინ როცა სხვებს ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ ჩრდილოეთ კორეას, უბრალოდ, დროის მოგება სურს და სულაც არ აპირებს ბირთვული პროგრამის შეწყვეტას, ვინაიდან კარგად მოეხსენება, რომ მხოლოდ ბირთული იარაღით აიცილებს თავიდან შეერთებული შტატების მხრიდან მოსალოდნელ თავდასხმას.

ჯერჯერობით გაურკვეველია, რამდენად მოისურვებს ჩრდილოეთი კორეის მთავარი სავაჭრო პარტნიორი - ჩინეთი - ზეწოლა მოახდინოს ფხენიანზე, რათა კორეის ნახევარკუნძულზე განიმუხტოს დაძაბულობა.
გასული კვირის ბოლოს, ჩინეთის ელჩმა სეულში განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ აპირებს "შუამავლის როლი შეასრულოს" პეკინში დანიშნულ სამმხრივ მოლაპარაკებაში. "ეს ხომ, არსებითად ორი ქვეყნის, ჩრდილოეთი კორეისა და შეერთებული შტატების საქმეაო" - დასძინა ჩინეთის ელჩმა.
XS
SM
MD
LG