Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა ერაყში აღმშენებლობის პროცესი დაიწყო, და რუსი პარლამენტარის, სერგეი იუშენკოვის მკვლელობა -

ამ ორ საკითხს შევეხებით უცხოეთის პრესის დღევანდელ მიმოხილვაში. როგორც გაზეთ "უოლ სტრიტ ჯორნალის" მიმომხილველი ენ ეპლბაუმი მიიჩნევს ახლა, როცა აღმშენებლობის პროცესი დაიწყო, ერაყში, პოლიტიკური კლასის რევოლუციური გარდაქმნაა საჭირო. ენ ეპლბაუმი წერს:

"იმ პოლიტიკურმა რეფორმებმა, სამხრეთ აფრიკაში, ნაცისტურ გერმანიასა და სერბიაში რომ განხორციელდა თავის დროზე, მეგზურობა უნდა გაუწიოს დღეს ერაყელ ხალხს. და რაც მთავარია, პირველ რიგში საჯაროდ უნდა მოხდეს სადამ ჰუსეინის რეჟიმის პოლიტიკური შეფასება. ერაყის უახლესი ისტორია წამყვანმა ისტორიკოსებმა, მწერლებმა, პედაგოგებმა და პოლიტიკოსებმა უნდა დაწერონ. სისტემატურად უნდა გამოქვეყნდეს საარქივო მასალა, ხოლო პირადი დოსიეები ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ყველასთვის".

გაზეთი "ჩიკაგო ტრიბიუნი" აღშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაცია წინააღმდეგია ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის ძიების საქმეში გაეროს ექსპერტთა მონაწილეობისა. ხოლო ქალაქ მიუნხენში გამომავალმა გაზეთმა "ზიუდდოიჩე ცაიტუნგმა" ბაღდადში რუსეთის დაზვერვის საქმიანობასთან დაკავშირებული ფაქტები გამოამზეურა. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში წერს:

"ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე ცდილობდა რუსეთი წაეშალა ერაყში მისი საქმიანობის ნაკვალევი. და იგულისხმება არა რუსი სპეციალისტების მონაწილეობა ერაყის ნავთობსაბადოების დამუშავებაში, არამედ მრავალწლიანი თანამშრომლობა ბაღდადისა და მოსკოვის სპეცსამსახურებს შორის. სწორედ ამ კონტექსტში აღრიცხეს დასავლელმა ექსპერტებმა მარტის შუა რიცხვებში, რუსეთის საელჩოში, რუსეთის სადაზვერვო უწყებათა ორი საგანგებო ჯგუფის გამოჩენა ბაღდადში. სამუშაო ამ ორი ჯგუფის წევრებს ბევრი ჰქონდათ. ამ ადამიანებს პირველ რიგში უნდა მოესპოთ ან მოსკოვში ჩაეტანათ ერაყთან რუსეთის თანამშრომლობის ყოველი ნაკვალევი. ეს ეხებოდა ერაყში რუსეთის სპეცსამსახურების ნდობით აღჭურვილი პირების, აგრეთვე იმ რუსი აგენტების ვინაობას, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ეწეოდნენ მოსკოვის სასარგებლოდ ჯაშუშურ საქმიანობას. გარდა ამისა, ერაყის არქივებში საკმაოდ იყო დასავლეთის ქვეყნებისთვის საინტერესო მასალა, მაგრამ რუსი აგენტები კოალიციის ძალების შესვლამდე გამოჩნდნენ ბაღდადში. დასავლელი ექსპერტები ვარაუდობენ ამასთანავე, რომ რუსეთმა ერაყელი აგენტები დაიქირავა, რათა არაბულ ქვეყნებში მიავლინოს ჯაშუშური საქმიანობისთვის. რუსეთის სპეცსამსახურები საომარ მოქმედებათა დაწყების შემდეგაც განაგრძობდნენ ერაყში საქმიანობას. საიდუმლო მისიებს უკავშირებენ ამასთანავე თებერვალში, ევგენი პრიმაკოვის ვიზიტს ბაღდადში. პრიმაკოვი თავად იყო წარსულში "კაგებეს" წამყვანი აგენტი, თავისუფლად ფლობს არაბულ ენას და დიდხანს მუშაობდა ერაყში."

საუდის არაბეთის გაზეთი "ალ-ვათანი" გაოცებულია იმით, რომ არაბული სამყარო მშვიდად შეხვდა ერაყში სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობას.
გაზეთი წერს:

"უფრო მეტიც, მრავალმა არაბმა ახლა გააცნობიერა რაოდენ იყო შემცდარი და როგორ სძულდა სადამ ჰუსეინი და მისი რეჟიმი. მაგრამ ამ ადამიანებს არ ეყოთ გამბედაობა სადამის დაცემამდე ეღიარებინათ ეს. იმ უბრალო ფაქტის გამო, რომ ერაყის ყოფილი პრეზიდენტი ოპოზიციაში იყო შეერთებულ შტატებთან, სადამ ჰუსეინი, ბევრის თვალში, "არაბული ნაციონალიზმისა" და "არაბული სიმტკიცის" ცოცხალი სიმბოლო გახდა. ხოლო მას შემდეგ, რაც ერაყში დასრულდა ბაათის პარტიის მმართველობა, არაბებმა დაინახეს, რა შორს ყოფილა სადამ ჰუსეინი არაბული ნაციონალიზმისა და სიმტკიცისაგან".

ლიბანის გაზეთი "ალ-ნაჰარი" სიმშვიდისკენ მოუწოდებს არაბულ სამყაროს, რაც, გაზეთის აზრით, ერაყელ ხალხს დაეხმარება ახალი, დემოკრატიული, სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნის მშენებლობაში. გაზეთი დასძენს:

"სიმართლე ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე უნდა ითქვას: ერაყელი ხალხი არ აუჯანყდა მჩაგვრელ დიქტატორს, არ დაამხო სადამ ჰუსეინის რეჟიმი, და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ერაყში კოალიციის ძალების შეჭრა".

გაზეთ "ნიუ-იორკ პოსტის" ცნობით,
იმასთან დაკავშირებით, რომ მისი 3 მოკავშირე ერაყთან ომის წინააღმდეგ გამოვიდა, თეთრი სახლის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა საფრანგეთი - დასაჯოს, გერმანია - უგულვებელყოს, ხოლო რუსეთს - აპატიოს. "ნიუ-იორკ პოსტი" განაგრძობს:

"თუმცა, თეთრ სახლს ალბათ არ აწყენდა თავისი პოზიციის გადასინჯვა. ბაღდადის გათავისუფლებამ სადამ ჰუსეინის არაერთი და არც თუ უმნიშვნელო საიდუმლო გამოამზეურა. მათ შორის ყველაზე არასასიამოვნო და აღმაშფოთებელი, ალბათ დაზვერვის ის დოკუმენტებია, რომლებიც ცხადყოფს, რაოდენ მჭიდროდ თანამშრომლობდა ერაყი რუსეთთან. მოსკოვი და ბაღდადი სადაზვერვო ინფორმაციას უზიარებდნენ ერთმანეთს, უფრო მეტიც, გამოირკვა, რომ რუსეთი ერაყელ ჯაშუშებს წვრთნიდა მოსკოვში საგანგებოდ მოწყობილ სასწავლო ცენტრში. ცნობილი გახდა ამასთანავე, რომ მოსკოვმა ბაღდადს გადასცა სია პოტენციური დაქირავებული მკვლელებისა, რომლებსაც დასავლეთში, თავისი ბოროტი ზრახვების განსახორციელებლად გამოიყენებდა სადამ ჰუსეინი. თუმცა, აბა სხვა რა იყო მოსალოდნელი ვლადიმირ პუტინისგან, რომელმაც ნაცვლად იმისა, დაევიწყებინა კაგებეში გატარებული წარსული, ყოფილი კაგებეს აგენტები შემოიკრიბა ხელმძღვანელ თანამდებობებზე. ძნელია წარმოიდგინო უფრო მეტად მზაკვრული პოზიცია იმასთან შედარებით, საფრანგეთმა რომ დაიკავა ერაყის კრიზისში, თუმცა პუტინი ამ მხრივ, ბევრად წინ უსწრებს ჟაკ შირაკს. პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ სულში ჩახედა პუტინს და დაასკვნა, რომ შეიძლება ამ ადამიანის ნდობა. ბატონ ბუშს ალბათ არ აწყენდა, კიდევ ერთხელ ჩახედოს სულში რუსეთის პრეზიდენტს".

"რუსეთი - დამნაშავეობის ერა ჯერ არ დამთავრებულა" - ასეა დასათაურებული რუსი პარლამენტარის, სერგეი იუშენკოვის მკვლელობისადმი მიძღვნილი სტატია საფრანგეთის გაზეთ "მონდში". სტატიაში ვკითხულობთ:

"იუშენკოვი 17 აპრილს მოკლეს მოსკოვის შემოგარენში. იგი პატიოსანი ადამიანი იყო. ეს ტრაგიკული ფაქტი მრავლისმთქმელია პუტინის რუსეთში შექმნილ ვითარებაზე. ამ შეკვეთილი მკვლელობის მიზანი, როგორც ჩანს, თავისი პირდაპირობით გამორჩეული პოლიტიკოსის გაჩუმება იყო. იუშენკოვის დაღუპვა, მრავალი მიმომხილველისთვის, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების ნიშანია. "პოლიტიკური ტერორი თითქოს წარსულს ჩაბარდაო, მაგრამ ამ მკვლელობამ გვიჩვენა, რომ ეს ასე არაა" - განაცხადა მემარჯვენე ძალთა კავშირის ლიდერმა ბორის ნემცოვმა, რომელიც ვერ გარკვეულა, ვინ მართავს ქვეყანას - მაფია, ბანდიტები თუ პრეზიდენტი. იუშენკოვი - განვლილი 9 წლის მანძილზე მეცხრე, ხოლო პუტინის მმართველობის პერიოდში მოკლული მეორე დეპუტატია. იგი შედიოდა იმ კომისიაში, რომელიც ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყების წინ, 1999 წელს, საცხოვრებელი სახლების აფეთქების საქმეს იძიებდა. ეს კომისია მხარს უჭერდა იმ ვერსიას, რომლის თანახმადაც სახლების აფეთქებაში, უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელი ერია. შესაძლოა იუშენკოვისთვის ძალზედ ბევრი რამ იყო ცნობილი სპეცსამსახურების საქმიანობის შესახებ".
XS
SM
MD
LG