Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში მუშაობა დაიწყო დსთ-ს შინაგან საქმეთა მინისტრთა სამიტმა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 29 აპრილს თბილისში დაწყებულ დსთ-ს წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების საბჭოს მუშაობაში მხოლოდ თურქმენეთი არ მონაწილეობს. ორი დღის განმავლობაში 7 მინისტრი და სამი

მინისტრის პირველი მოადგილე ტერორიზმთან ბრძოლის ერთობლივ ამოცანებზე იმსჯელებენ. დსთ-ს პირველი პოლიციელების გარდა, შეხვედრაში ინტერპოლის გენერალური მდივანი კენეტ ნობლიც მონაწილეობს.

ოფიციალური ინფორმაციით, 29 აპრილს თბილისში დაწყებულ შეხვედრაზე მართლაც მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება, იქნება ეს ტერორიზმთან და ნარკობიზნესთან ბრძოლა თუ არალეგალური მიგრაციის თავიდან აცილების მექანიზმები. თუმცა, გულახდილად რომ ითქვას, თავად ამ პრობლემების გარდა, უდავოდ, ყურადღებას იმსახურებს ის აქტიურობა, რაც ერაყში ომის დაწყების დღიდან დსთ-ს სივრცეში შეიმჩნევა. ამის მაგალითად თუნდაც ბოლო ერთი კვირის მოვლენების გახსენებაც კმარა: მოსკოვში გაიმართა დსთ-ს მთავრობის მეთაურთა შეხვედრა, იმავე პერიოდში მოსკოვი მასპინძლობდა დსთ-ს უშიშროების მინისტრებსაც, დუშამბეში დსთ-ს 6 წევრი ქვეყნის პრეზიდენტებმა კოლექტიური უშიშროების ხელშეკრულება გააფორმეს. თბილისში დსთ-ს შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის პარალელურად, 30 აპრილს ასევე თბილისში გაიმართება კავკასიური ოთხეულის - საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის პარლამენტის თავმჯდომარეების შეხვედრა.
ბუნებრივია, რომ ასეთი აქტიურობა დსთ-ში ნამდვილად ვერ ჩაითვლება ჩვეულებრივ მოვლენად. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ სულ უფრო ხმამაღლა გამოითქმის მოსაზრება დსთ-ს, როგორც რეგიონალური ორგანიზაციის, არაეფექტურობის შესახებ. მართლაც, საბჭოთა იმპერიის ნანგრევებზე შექმნილ ამ კავშირს რეალურად არც ერთი ის პრობლემა არ მოუგვარებია, რომელიც მისი წევრი სახელმწიფოების განვითარებას ხელს უშლის.
თუმცა ახლა, როცა ერაყის ომის შედეგად რეგიონში საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა, რუს ექსპერტთა აზრით, რუსეთის პრეზიდენტი მაქსიმალურად ცდილობს პოზიციების შენარჩუნებას პოსტსაბჭოურ სივრცეში. როგორც ინტერნეტული გამოცემა "სტრანასთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს დსთ-ს ინსტიტუტის დირექტორი კონსტანტინ ზატულინი, ერაყის მოვლენებისას, როცა საქართველო, აზერბაიჯანი, უკრაინა და უზბეკეთი ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერდა ოფიციალური ვაშინგტონის პოლიტიკას, კარგად გამოჩნდა დსთ-ს წევრი სახელმწიფოების სრულიად განსხვავებული პოზიციები. მისივე შენიშვნით, რუსეთის პოლიტიკა არ გაუზიარებიათ არც იმ სახელმწიფოებს, რომლებიც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებაში შედიან - მაგალითად, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს, სადაც უკვე ამერიკული სამხედრო ბაზებია განლაგებული. შესაბამისად, ზატულინის აზრით, რუსეთის ინტერესებში შედის დსთ-ს თავისებური რევიზიის ჩატარება, რათა არ მოხდეს პოსტსაბჭოთა სივრცის შემდგომი ეროზია.
იმის გათვალისწინებით, რომ დსთ-ს ინსტიტუტის დირექტორი კონსტანტინ ზატულინი ხშირად ოფიციალური კრემლის ინიციატივებს ახმოვანებს, სავარაუდოა, რომ უახლოეს ხანში აქტიურობა დსთ-ს მასშტაბით კიდევ უფრო გაიზარდოს. თუმცა, გულახდილად რომ ითქვას, საქართველოს მოქალაქეებისთვის დღეს დსთ-ს ყოფნა-არყოფნაზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, რით დასრულდება 30 აპრილს საფეხბურთო მატჩი რუსეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის. ამ შეხვედრის პოლიტიკურ სარჩულზე თუნდაც ის ფაქტი მიუთითებს, რომ მას დაესწრება ყველა მაღალჩინოსანი რუსი ჩინოვნიკი, ვისაც კი, სხვადასხვა შეხვედრის საბაბით, ამ დღეს თბილისში ყოფნა მოუწევს.
XS
SM
MD
LG