Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი სინანულს გამოთქვამს ღაზის სექტორში მომხდარი ინციდენტის გამო


ანდრო ეული, პრაღა შეერთებულმა შტატებმა თავშეკავებისკენ მოუწოდა ისრაელის ჯარის სარდლობას მას შემდეგ, რაც ღაზის სექტორში განხორციელებული რეიდის დროს, 1 მაისს, 2 წლის ბიჭუნა და კიდევ 11 პალესტინელი იქნა მოკლული.

"ჩვენ ღრმა სინანულს გამოვთქვამთ ღაზის სექტორში მშვიდობიან მოქალაქეთა დაღუპვის გამო" - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯოუ-ენ პროკოპოვიჩმა.


როგორც პროკოპოვიჩმა აღნიშნა, აშშ ცნობს ისრაელის უფლებას - თავი დაიცვას თვითმკვლელ ტერორისტთა თავდასხმებისაგან, და იმავდროულად ისრაელის მთავრობას მოუწოდებს - ყოველი ღონე იხმაროს იმისთვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეთა მხრიდან.

პალესტინელთა ავტონომიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა მაჰმუდ აბასმა მძაფრად დაგმო ისრაელის ჯარის მოქმედება ღაზის სექტორში. პალესტინელთა ახალი კაბინეტის პირველი სხდომის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ამგვარი აქციები, ახლო აღმოსავლეთში, სამშვიდობო გეგმის განხორციელებას აბრკოლებს. აშშ-ის, გაეროს, ევროკავშირისა და რუსეთის ერთობლივი ძალისხმევით შემუშავებული ეს სამშვიდობო გეგმა, რომელიც "საგზაო რუკის" სახელით გახდა ცნობილი, ოთხშაბათს გამოაქვეყნა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა.

ამ გეგმის თანახმად, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში დაპირისპირებულმა მხარეებმა, პირველ რიგში ბოლო უნდა მოუღონ ყოველგვარ ძალადობას, რაც თავის მხრივ, პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსების მთავარი წინაპირობა გახდება.

ისრაელის სარდლობამ განაცხადა, რომ სამხედრო რეიდი ღაზის სექტორში, საპასუხო აქცია იყო ექსტრემისტული დაჯგუფება "ჰამასის" მიერ თელ-ავივში ოთხშაბათს განხორციელებულ ტერაქტზე. თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილმა აფეთქებამ, თელ-ავივში, 3 ისრაელი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ისრაელის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვიდრე პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელობა არ მოუღებს ბოლოს ექსტრემისტთა ძალადობას, ისრაელის ჯარის რეიდები პალესტინელთა დასახლებულ პუნქტებში კვლავაც გაგრძელდება.

პარასკევს, 2 მაისს, ისრაელის ჯარმა ხანმოკლე რეიდი განახორციელა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ქალაქ ტულკარმსა და მის მიმდებარე, პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკში. ამ რეიდის დროს აფეთქებულ იქნა სახლები 2 ტერორისტისა, რომლებიც ნაბლუსის რაიონში ებრაულ დასახლებაზე ამას წინათ მომხდარ თავდასხმაში მონაწილეობდნენ. დაკავებულია ტერორიზმში ეჭვმიტანილი 22 პალესტინელი. ისრაელის სარდლობამ იმავდროულად, პალესტინელთა რამდენიმე დასახლებულ პუნქტში კომენდანტის საათი გააუქმა.
XS
SM
MD
LG