Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება


სომხეთს კვლავ საარჩევნო ციებ-ცხელება ეუფლება. ქვეყანა ემზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც 25 მაისს გაიმართება. სომხეთის პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს, მრავალი ყოფილი საბჭოთა

რესპუბლიკის პრეზიდენტებისგან განსხვავებით, არ ჰყავს საკუთარი პარტია და არასოდეს უცდია მისი შექმნა პრეზიდეტობის ხუთწლიანი პერიოდის მანძილზე. ამის სანაცვლოდ საპრეზიდენტო არჩევნებში ქოჩარიანი ემყარება მრავალრიცხოვანი მცირე პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერას. ეს პარტიები უმრავლესობას ქმნიან სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაციაში გატარებულ 21 პარტიაში. ქოჩარიანმა არაორაზროვნად განაცხადა, რომ ეცდება, ამ პარტიებმა უმრავლესობა მოიპოვონ მოახლოებულ არჩევნებში.

ერევნის უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე გამოსვლისას პრეზიდენტმა თქვა: [ქოჩარიანის ხმა] ”ჩვენ გვჭირდება ქმედითუნარიანი პარლამენტი, რომელიც პრეზიდენტის ოპოზიციაში არ იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემთვის – და, ჩემის აზრით, ქვეყნისთვისაც – მეტად სასურველია, გვყავდეს პარლამენტი, რომელშიც პრეზიდენტის მხარდამჭერ ძალებს მნიშვნელოვანი უმრავლესობა ექნებათ.”

პოლიტიკური ოპოზიცია სომხეთში მიიჩნევს, რომ ამ მიზნის მიღწევა ქოჩარიანს მხოლოდ არჩევნების მანიპულირების გზით შეუძლია. ოპოზიციურ ბლოკს, ”არტარუტიუნს”, რაც სამართლიანობას ნიშნავს, სათავეში უდგას პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სტეფან დემირჭიანი.

[დემირჭიანის ხმა] “არჩევნებში იმისთვის არ ვმონაწილეობთ, რომ რამდენიმე საპარლამენტო მანდატი მოვიპოვოთ. ჩვენ რადიკალურ ცვლილებებს ვესწრაფით. ამიტომ ”სამართლიანობას” უმრავლესობა უნდა ჰქონდეს ეროვნულ ასამბლეაში.”

დემირჭიანი და მისი მოკავშირეები ამტკიცებენ, რომ მათ გამარჯვება მოტყუებით აართვეს საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც ორ ტურად გაიმართა 19 თებერვალს და 5 მარტს. კენჭისყრის გაყალბების თაობაზე ოპოზიციის ბრალდებას წონა შემატეს დასავლელმა მეთვალყურეებმა. მათი დასკვნით, არჩევნები არ შეესაბამებოდა დემოკრატიულ სტანდარტებს.

თავად სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომაც კი მოუწოდა ხელისუფლებას, რომ ქოჩარიანის მიმართ ნდობის თაობაზე რეფერენდუმი ჩაეტარებინა. მაგრამ 48 წლის პრეზიდენტმა ეს მოწოდება განრისხებულმა უკუაგდო, თუმცა თავადაც აღიარა არჩევნებში მომხდარი რიგი დარღვევები.

მასობრივი გამოსვლები, რომლებმაც მოიცვა სომხეთი საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, შეიძლება კვლავაც დადგეს დღის წესრიგში მაისის ბოლოს. ყოველ შემთხვევაში, სომხეთში ცხელი დღეების მოლოდინში არიან.

სომხეთის 131-ადგილიან პარლამენტს ბევრად უფრო ნაკლები ძალაუფლება აქვს, ვიდრე პრეზიდენტს, რომელსაც მთავრობის დანიშვნა და დათხოვნა, აგრეთვე თავად პარლამენტის დაშლა შეუძლია საკუთარი სურვილით.

პარლამენტს უფლება აქვს უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადოს მთავრობას და პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი წამოიწყოს. სწორედ ამიტომ ცდილობს ქოჩარიანი, რომ უზენაესი საკანონმდებლო ორგანო ოპოზიციის ხელში არ აღმოჩნდეს.

25 მაისსავე გაიმართება რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე, რომლის პროექტი პრეზიდენტმა წარმოადგინა.

ქოჩარიანის მხარდამჭერი ყველაზე გავლენიანი ჯგუფია რესპუბლიკური პარტია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ანდრანიკ მარქარიანი უდგას სათავეში. ამ პარტიის საარჩევნო სიაში მთავრობის კაბინეტის კიდევ 8 წევრი შედის. მათ შორისაა ძლევამოსილი თავდაცვის მინსტრი სერჟ სარქისიანი. რესპუბლიკელებს ყველაზე დიდი ფრაქცია აქვთ ამჟამინდელ პარლამენტში.

მეორე მძლავრი პოლიტიკური დაჯგუფებაა სომხეთის რევოლუციური ფედერაცია, რომლის ძირითად კანდიდატთა შორისაა ქოჩარიანის აპარატის უფროსი, არტაშეს თუმანიანი.

გარდა ამისა, არჩევნებში მონაწილეობას იღებს ათამდე მცირე ზომის პარტია და დამოუკიდებელი კანდიდატები. ოპოზიციური ბლოკის მთავარი საზრუნავი ისაა, თუ რამდენად სამართლიანი იქნება არჩევნები.

[დემირჭიანის ხმა] ”ისე გულუბრყვილო არავინაა, რომ ფიქრობდეს, რომ ეს ხელისუფლება არ გააყალბებს არჩევნებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ვიბრძოლებთ. ჩვენ მანამდე ვიბრძოლებთ, სანამ არ გავიმარჯვებთ,” თქვა სპეფან დემირჭიანმა თავის ერთ-ერთ გამოსვლაში.

არჩევნების სამართლიანობა აფიქრებთ შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებსაც. ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ვალტერ შვიმერმა გააფრთხილა სომხეთი, რომ კიდევ ერთ გაყალბებულ არჩევნებს ”კატასტროფული” გავლენა ექნება ევროპასთან სომხეთის დაახლოებაზე. გასაკვირი არ არის, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ამჯერად სომხეთში არჩევნების მეთვალყურეთა ბევრად უფრო დიდ მისიას აგზავნის.
XS
SM
MD
LG