Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა მასობრივი საფლავების აღმოჩენა ერაყში, ახალ ევროპაში" ვაშინგტონი ერთგულ მოკავშირეებს ნახულობს, ამ საკითხებს გავაშუქებთ უცხოეთის პრესის დღევანდელ მიმოხილვაში.


როგორც გაზეთი "ვაშინგტონ პოსტი" აღნიშნავს სარედაქციო სტატიაში, მართალია დღემდე ვერ ნახეს სად გადამალა სადამ ჰუსეინმა თავისი მასობრივი განადგურების იარაღი, სამაგიეროდ ავადსახსენებელ მასობრივ საფლავებს ერაყის თითქმის ყველა კუთხეში ნახულობენ. გაზეთი განაგრძობს:

"ჩრდილოეთ ერაყის ქალაქ ქირქუქიდან, სამხრეთში ბასრამდე, სულ ცოტა ათი ასეთი საფლავი ნახეს ერაყში განვლილი ერთი თვის მანძილზე. ყველაზე დიდი საფლავი, სადაც 3,200-დე გვამია ჩამარხული, დაბა ჰილას მახლობლად ნახეს გასულ კვირაში. ადგილზე მისული ჟურნალისტები გაოგნებულები დარჩნენ ნანახით, და თან შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ საფლავს ერაყელები მიაწყდნენ თავიანთი ახლობლებისა და ნათესავების ნეშტების მოსაძიებლად, ხოლო საფლავების უკონტროლო გათხრა ხომ განადგურებით ემუქრება მნიშვნელოვან სამართლებრივ მტკიცებულებებს. ერაყის ტერიტორიაზე მასობრივი საფლავების აღმოჩენამ კიდევ უფრო სარწმუნო გახადა ვაშინგტონის მტკიცება, რომ სადამ ჰუსეინის დამხობა აუცილებელი იყო."

ხუთშაბათს სოფიას, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი ეწვია, და როგორც გაზეთი "უოლ სტრიტ ჯორნალი" შენიშნავს სარედაქციო სტატიაში, ამ ხანმოკლე ვიზიტმა ცხადყო, რომ ერაყში ომის დამთავრების ექო ბევრად გასცა ახლო აღმოსავლეთის რეგიონს.
გაზეთი წერს:

"ჯერ ერთი, აშშ-ის დიპლომატიური უწყების მეთაურმა პირველი შეჩერება ევროპაში მოგზაურობისას ერაყში ომის დამთავრების შემდეგ, ბულგარეთის დედაქალაქში გააკეთა და არა ბრიუსელში, პარიზსა თუ ბერლინში. ბალკანეთის ეს მშვიდობიანი ქვეყანა, რომელიც ნატოს წევრიც კი ვერ გახდება 2004 წლამდე, გაცილებით უფრო სანდრო მეგობარი აღმოჩნდა შეერთებული შტატებისა, ვიდრე ნატოს დამაარსებელი წევრები: საფრანგეთი და ბელგია, ყოველ ღონეს რომ ხმარობდნენ ერაყთან ომის დაწყების წინააღმდეგ განვლილი ხუთი თვის მანძილზე. "ძველმა" ევროპელებმა კრიტიკის ქარცეცხლში მოაქციეს "ახალი ევროპის" წევრი ბულგარეთი იმის გამო, რომ შეერთებულ შტატებს მიემხრო ერაყის კონფლიქტში. საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა ბულგარელებს უთხრა, რომ მათი ქვეყნის მიღება ევროკავშირში, საფრთხეშია. "მაგრამ, ბულგარეთი თავის პოზიციაზე დარჩა, და ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ ამას" - განაცხადა ხუთშაბათს სოფიაში კოლინ პაუელმა. სულ მალე ბულგარეთში შესაძლოა ამერიკის 118,000-კაციანი ჯარი განთავსდეს. ეს სამხედრო კონტინგენტი დასავლეთ ევროპის ქვეყნებშია განთავსებული, უმეტესწილად გერმანიაში, რომელიც აშშ-ის არასანდო პარტნიორი აღმოჩნდა ამ ბოლო დროს".

გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსის" აზრით ის, რაც მეზობელ ავღანეთში ხდება ნაკლებად უნდა იყოს გამამხნევებელი ერაყელებისთვის, რომლებიც თავიანთი ქვეყნის მომავალზე ფიქრობენ. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში წერს:

"თითქმის 18 თვემ განვლო მას შედმეგ, რაც ამერიკის თაოსნობით შექმნილმა მრავალეროვანმა კოალიციამ ავღანეთში თალიბების რეჟიმი დაამხო, მაგრამ ქვეყანაში ბოლო არ უჩანს ძალადობას. აღდგენითი პროგრამის დაგეგმვისას ავღანეთში, ორი სერიოზული შეცდომა იქნა დაშვებული: აშშ-ის ადმინისტრაციამ სათანადო ყურადღება არ დაუთმო უშიშროების პრობლემას, და ვერც სათანადოდ შეაფასა მოცულობა იმ აუცილებელი დახმარებისა, რაც ჰუმანიტარული პრობლემის, აგრეთვე აღდგენითი სამუშაოების შესასრულებლად იყო საჭირო. იმის გამო, რომ ქვეყანა სერიოზულ პრობლემას დაუპირისპირდა უშიშროების მხრივ, ავღანეთს კერძო ინვესტორები ერიდებიან და ქვეყანაში ეკონომიკის აღდგენა ფერხდება. იმის გამო, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ავღანეთში უმუშევარია, ის დახმარება, რასაც ქვეყანა ღებულობს, თითქმის მთლიანად, მოსახლეობის სურსათითა და მედიკამენტებით მომარაგებას ხმარდება. ვაშინგტონის მთელი ძალისხმევა ავღანეთში, უშიშროების პრობლემის მოგვარებისკენ უნდა იყოს მიმართული, ხოლო ერაყში, იგივე შეცდომები არ უნდა იქნეს დაშვებული".

გაზეთ "ლიბერასიონში", მისი ყოფილი რედაქტორი ჟაკ ამალრიკი წერს, რომ შეერთებული შტატებისთვის რთული აღმოჩნდა ერაყში წესრიგისა და კანონიერების აღდგენა. "ერთმა თვემ განვლო მას შემდეგ, რაც კოალიციის ძალებმა ერაყი დაიპყრეს, აღნიშნავს ფრანგი ჟურნალისტი, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა დღემდე ვერ შესძლო ბაღდადში წესრიგის აღდგენა.
XS
SM
MD
LG