Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამარჯობა! "ახალგაზრდული პროგრამის"


ეკა წამალაშვილი და დავით პაიჭაძე, თბილისი გამარჯობა! "ახალგაზრდული პროგრამის"

დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ახალგაზრდებისა და მათი პრობლემებისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებაზე, იმაზე, არსებობს თუ არა საქართველოში სახელმწიფოებრივი მიდგომა მომავლის, ანუ ახალგაზრდობის, მიმართ და, თუ არსებობს, რას წარმოადგენს ის. ამის გარკვევას და იმასაც, თუ რისთვის არსებობს "ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტი", ამ სახელმწიფო სტრუქტურის ხელმძღვანელ ზურაბ გაიპარაშვილთან საუბრით შევეცდებით, შემდეგ კი დავით პაიჭაძე გაგაცნობთ ახალგაზრდების მოსაზრებებს სახელმწიფოს ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ. ზურაბ გაიპარაშვილი ირწმუნება, რომ ხელისუფლებას საქართველოში აქვს ახალგაზრდების პრობლემების მოგვარების ნება და, შეძლებისდაგვარად, ახორციელებს კიდეც მას. კერძოდ, რას და როგორ, ამის შესახებ "ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის" ხელმძღვანელთან ინტერვიუს გთავაზობთ.


ინტერვიუ ზურაბ გაიპარაშვილთან

ზურაბ გაიპარაშვილმა ჩვენთან საუბრისას აღიარა, რომ საქართველოში ახალგაზრდების მნიშვნელოვან ნაწილს მკაფიო წარმოდგენა არ უნდა ჰქონდეს "ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის" არსებობისა და მისი საქმიანობის შესახებ. მიზეზად დაასახელა ის, რომ, ცნობილი გარემოებების გამო, დეპარტამენტი ფართომასშტაბიან ღონისძიებებს ვერ ატარებს. ვნახოთ, რას ფიქრობენ თავად ახალგაზრდები. დაპირებისამებრ, სახელმწიფოს ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ მათ მოსაზრებებს დავით პაიჭაძე გაგაცნობთ.



დავით პაიჭაძე:

ვერ ვიტყვით, რომ ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტი, მართლაც, ის სახელმწიფო უწყებაა, რომლის არათუ საქმენი, არამედ არსებობაც ფართოდ არის ცნობილი საზოგადოებისათვის. ვერც იმას ვიტყვით, რომ დეპარტამენტის საქმეთა გაცნობა მოქალაქეეებისათვის დიდად აამაღლებს ან, პირიქით, დასცემს მის ავტორიტეტს. დღეს ძნელია, ვინმე განაწყო სახელმწიფო უწყებათა სასარგებლოდ, მით უმეტეს, ისეთი უწყების, რომელსაც, მისი ხელმძღვანელობის ოპონენტთა აღიარებითაც კი, მოკრძალებული შესაძლებლობები და გაქანება აქვს.

რაც შეეხება ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის კრიტიკოსებს, მათი მოძებნა შეიძლება საქართველოში მოქმედ არაერთ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში, მაგალითად, ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალურ საბჭოში, რომელიც წლების წინ უფრო ძლიერი გაერთიანება იყო, ვიდრე ახლა. საბჭოს გამგეობის წევრებს დღესდღეობით პრაქტიკულად ახლოს აღარ აკარებენ ადგილებს, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება. მათი მოწოდებები მთავრობის, სახელმწიფო კანცელარიისა და პრეზიდენტისადმი შეუსმენელია. ნაციონალურ საბჭოს გავლენა აღარ აქვს ახალგაზრდულ პოლიტიკაზე ქვეყანაში. არსებობს კიდევ პრეზიდენტის ახალგაზრდული საბჭო, რომლის წევრებმაც ორიოდე დღის წინ ღიად მიმართეს შევარდნაძეს და მიმართვაში ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის მისამართით არ დაიშურეს ისეთი გამოთქმები, როგორიცაა "არნახული პასიურობა" და "გაუგებარი ფუნქციები". ახალგაზრდები საბჭოს შეკრებას მოითხოვდნენ რამდენიმე კონკრეტულ პრობლემაზე - იქნება ეს სტუდენტური დღეები თუ საპარლამენტო არჩევნები - სამსჯელოდ. ჩემთან საუბრისას პრეზიდენტის ახალგაზრდობის საბჭოსა და, ამავე დროს, ახალგაზრდული ორგანიზაციების ნაციონალური საბჭოს წევრმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდკავშირის თავმჯდომარემ ლევან ჯაფარიძემ მოკლედ ასე შეაფასა ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის საქმიანობა [ჯაფარიძის ხმა]: "ჯერ ერთი, ძალიან მცირე შესაძლებლობები აქვთ და არ ცდილობენ მათ გაზრდას. მეორე, არსებული შესაძლებლობებით მეტი კარგი საქმის კეთება შეიძლება. მესამე, ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტი, თამამად ვიტყვი, ახალგაზრდებს უპირისპირებს ერთმანეთს, მათი კონსოლიდაციის ნაცვლად. ასევე, როცა ფინანსთა მინისტრი 30 წლისაა, 40 წლამდე არიან ეკონომიკის, შინაგან საქმეთა და კულტურის მინისტრები, უხერხულია, ახალგაზრდობის მინისტრი 50 წლამდე ასაკში რომ გეყოლება. გთხოვთ, პიროვნული მომენტი გამორიცხოთ: თუ პრეზიდენტს მოსწონს, დააწინაურონ, ვინც უნდათ, ის მოიყვანონ, ოღონდ ახალგაზრდა იყოს და საქმე გააკეთოს".

ლევან ჯაფარიძის ბოლო არგუმენტი, მისი მტკიცების საპირისპიროდ, ალბათ, სწორედ პიროვნული ხასიათისაა. ამიტომაც მე ვთხოვე მას, უფრო ვრცლად ელაპარაკა სხვა არგუმენტების შესახებ. სახელდობრ, ცოტა მოულოდნელი იყო იმის გაგონება, რომ ისეთი უწყინარი უწყება, როგორიც ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტია, ახალგაზრდებს ერთმანეთთან აპირისპირებს. განა რა ძალი შესწევს საამისოდ ამ სამსახურს, ან რატომ და როგორ უნდა აკეთებდეს ამას? ლევან ჯაფარიძის აზრით [ჯაფარიძის ხმა], "როცა ახალგაზრდობა ქუჩაში გამოდის და აქციას მართავს, მე მგონია, პოლიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრის დახვედრას, ჯობს, ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი დახვდეს, მოისმინოს, რას ითხოვენ, ჩასწვდეს კონკრეტულ საკითხებს და შეეცადოს გადაჭრას. არადა, აქამდე რაც აქციები ჩატარდა, სულ პოლიციელები ხვდებოდნენ ახალგაზრდებს. მე საკითხს ვსვამ ასე: სპორტსმენს რომ ეკითხები, შენი დარგის მინისტრი ვინ არისო, გპასუხობს, რომ მეძმარიაშვილია. იმავე კითხვაზე ჯარისკაცი თევზაძეს გეტყვის. აბა, ჰკითხეთ ახალგაზრდობას, ვინ არის ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი და ნახავთ, თუ იციან. ანუ ხალხში და ახალგაზრდობაში ცოტა ავტორიტეტი უნდა გქონდეს. რაც შეეხება დაპირისპირების მაგალითს, ჩვენი ხელმოწერებით წერილი რომ გავუგზავნეთ პრეზიდენტს, ყველა ხელმომწერს ან რაღაცას დაჰპირდნენ, ან დაემუქრნენ, ან რაიმე ფორმით ზეწოლას შეეცადნენ. ეს გაკეთდა ახალგაზრდული დეპარტამენტიდან.".

ლევან ჯაფარიძე დეპარტამენტს საყვედურობს უყურადღებობას არასრულწლოვან დამნაშავეთა მიმართ, რომლებიც ავჭალის კოლონიაში სხედან. ამ სახელმწიფო სამსახურის კომპეტენცია არა მარტო სტუდენტებს, არამედ უმცროსი ასაკის ბავშვებსაც სწვდება. [ჯაფარიძის ხმა]: "იგივე "ძეგლი - 2002" არ დაფინანსდა. "ძეგლი 2002" ნიშნავს, რომ სტუდენტი მიდის ეკლესიაზე სამუშაოდ. ახლა, ეგ თუ არ გააკეთე, აბა, რა უნდა გააკეთო?"

მოკლედ, სახელმწიფოს ახალგაზრდულ პოლიტიკაზე ლაპარაკის დროსაც ორი მიდგომა იჩენს თავს: ხელისუფლება აცხადებს, რომ სახსრები არ ჰყოფნის პოლიტიკის სრულფასოვანი წარმართვისათვის, ხოლო ოპონენტები ამტკიცებენ, რომ არსებული ფულისა და უფლებების გამოყენება უკეთ და უფრო შედეგიანად შეიძლება.
XS
SM
MD
LG