Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა სანკტ-პეტერბურგის დაარსების სამასი წლისთავი და "დიდი რვიანის" სამიტი საფრანგეთის ქალაქ ევიანში - ეს ორი საკითხი დომინირებს ამ დღეებში მსოფლიო პრესის ფურცლებზე.

როგორც გაზეთი "ნოიე ციურხერ ცაიტუნგი" აღნიშნავს სარედაქციო სტატიაში, შეხვედრაზე სანკტ-პეტერბურგში, ევროკავშირის ლიდერებმა გამოთქვეს მზადყოფნა - ერთობლივი ეკონომიკური სივრცე შექმნან რუსეთთან, თუმცა ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოება ახალ პრობლემებს უქმნის ჯერჯერობით რუს ექსპორტიორებს. გაზეთი განაგრძობს:

"უმაღლესი დონის შეხვედრაზე პეტერბურგში როგორც რუსეთმა, ასევე ევროკავშირმაც კვლავ განაცხადეს, რომ არ დაიშურებენ ძალისხმევას, რათა მომავალში ერთიანი ეკონომიკური სივრცე შეიქმნას ევროპაში. ერთობლივ დეკლარაციაში ერთობლივი სამართლებრივი, აგრეთვე უშიშროების, მეცნიერებისა და განათლების სფეროებიცაა მოხსენიებული. მაგრამ, გაურკვეველი ისაა, კონკრეტულად რაა ნაგულისხმევი, და როგორ უნდა შეიქმნას ეს ერთობლივი სივრცეები. ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება იმ კონკრეტული ზომების შესახებ, რამაც უნდა გააადვილოს ხალხის გადაადგილება რუსეთიდან ევროკავშირის ქვეყნებში და თანდათანობით გაუქმდეს სავიზო რეჟიმი. თქმა არ უნდა, რომ ეკონომიკური ინტეგრაცია დიდ მოგებას მოუტანდა რუსეთს, თუმცა მისი სრულუფლებიანი მიღება ევროკავშირში, თვალსაწიერ მომავალში არარეალურად გვეჩვენება".

საფრანგეთის გაზეთი "მონდი", სანკტ-პეტერბურგის სამიტზე რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის შეჯამებისას მიდის იმ დასკვნამდე, რომ რუსეთს ეპატია ერაყის საკითხში დაკავებული ანტიამერიკული პოზიცია. გაზეთი დასძენს:

"თუმცა ბუშს არაფერი უთქვამს, როგორც ეს რუსეთის პრეზიდენტთან მისი პირველი შეხვედრის შემდეგ მოხდა, პუტინის სულის შესახებ, სამაგიეროდ რუსეთის პრეზიდენტს თავისი კარგი მეგობარი უწოდა. დიპლომატებს მიაჩნიათ, რომ ამ ორი პრეზიდენტის შერიგება შემობრუნების წერტილი გახდა ამერიკა-რუსეთის ურთიერთობაში."

"პუტინი და პეტრე პირველი" - ასეა დასათაურებული კომენტარი შვეიცარიის გაზეთ "ნოიე ციურხერ ცაიტუნგში". გაზეთი წერს:

"მეფე პეტრე პირველს ჰქონდა პატივმოყვარე ოცნება: ევროპის დიდი ქვეყნების თანაბარ იმპერიად გადაექცია ჩამორჩენილი რუსეთი. იგი გახდა რუსეთის პირველი მეფე, ვინც ევროპაში იმოგზაურა, და სადაც მისთვის ნათელი გახდა, რომ უფრო დინამიურ დასავლეთს უნდა მიბაძო. სწორედ ამგვარი შემობრუნების სიმბოლო გახდა სანკტ-პეტერბურგის დაარსებაც. რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აღიზარდა პეტერბურგში, რომელსაც მაშინ ლენინგრადი ერქვა. მისი პოლიტიკური იდეები, შეიძლება ითქვას, არსებითად, პეტრე პირველისას ემთხვევა. თავდაპირველი ყოყმანის შემდეგ პუტინი, როგორც ჩანს დარწმუნდა იმაში, რომ რუსეთის განვითარება შეუძლებელია ნევროპასა და აშშ-თან კონსტრუქციული ურთიერთობის გარეშე. პეტრე პირველი ომებს აწარმოებდა მთელი თავისი მმართველობის მანძილზე. პუტინი, ხელისუფლების სათავეში მოსვლის დღიდან ჩეჩნეთში ომობს, თუმცა კარგა ხანია უკვე ყველამ დაინახა, რომ იარაღის ძალით შეუძლებელია ამ კონფლიქტის მოგვარება. და მაინც, პუტინი ჯიუტად უარყოფს ყოველგვარ მოლაპარაკებას ჩეჩენ სეპარატისტთა იმ ლიდერებთანაც კი, რომლებიც კომპრომისისთვის არიან მზად".

გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსის" მიმომხილველი ნიკოლას კრისტოფი აბსურდულს უწოდებს იმ ფაქტს, რომ "დიდი რვიანის" ლიდერებმა, უმაღლესი დონის შეხვედრაზე საფრანგეთის ქალაქ ევიანში გლობალური პრობლემების მოგვარება სცადეს ჩინეთის გარეშე; ჩინეთისა, რომელიც ეკონომიკურ სასწაულს ახდენს 21-ე საუკუნეში. ამერიკელი ჟურნალისტი განაგრძობს:

"მართალია, ჩინეთის შიდა ეროვნული პროდუქტი მის დევალვირებულ ვალუტაზე გადაანგარიშებით იზომება, თუმცა ჩინეთის ეკონომიკა, თავისი მოცულობით გაცილებით დიდია, ვიდრე "დიდი რვიანის" წევრების: კანადის ან იტალიისა, და თითქმის სამჯერ აღემატება რუსეთისას. იმ რამდენიმე საკითხში, რაც ევიანის სამიტზე იყო დღის წესრიგში, ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამით დაწყებული და დამთავრებული გლობალური დათბობით, გადამწყვეტი ხმა დღეს ჩინეთსა და აშშ-ს ეკუთვნის. და რაოდენ სასაცილოა, როცა "დიდ რვიანში" რუსეთის შეიყვანეს და არა ჩინეთი".
XS
SM
MD
LG