Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამარჯობა! "ახალგაზრდული პროგრამის "


ეკა წამალაშვილი და დავით პაიჭაძე, თბილისი გამარჯობა! "ახალგაზრდული პროგრამის "

დღევანდელ გადაცემაში შევეცდებით წარმოდგენა შეგიქმნათ იმაზე, თუ როგორ ეუფლებიან ქართველი ახალგაზრდები ბიზნესის მართვას თბილისში მოქმედ ისეთ პრესტიჟულ სასწავლებელში, როგორიცაა "ESM", ანუ მართვის ევროპული სკოლა. იქ ამ რამდენიმე დღის წინ პირველკურსელებს ბიზნესპროექტების პრეზენტაცია ჰქონდათ. 11 ივნისს მე თავად დავესწარი ამ პროცესს, მოვუსმინე პედაგოგებისა და სტუდენტების დებატებს და მათ შორის ქართული უმაღლესი სასწავლებლებისთვის უჩვეულო დემოკრატიული ურთიერთობა შევნიშნე.
როგორ აჯამებენ ხსენებულ სკოლაში საკურსო პროგრამას, რა მოთხოვნების დაკმაყოფილება უწევთ იქ სტუდენტებს და, საერთოდ, როგორი ატმოსფერო სუფევს მათ საკურსო გამოცდაზე, ამაზე თავად მოგითხრობთ, შემდეგ კი დავით პაიჭაძე "ESM "- ის სტუდენტებს, თამთა შერმადინსა და დათო ნიშნიანიძეს, წარმოგიდგენთ.

ჩვენი გადაცემის სტუმრებმა თამთამ და დათომ, რომლებსაც მოგვიანებით წარმოგიდგენთ, საკურსო ბიზნესპროექტი პედაგოგებს და თანაკურსელებს 11 ივნისს წარუდგინეს. მე მათი წინამორბედი ჯგუფების ბიზნესგეგმების პრეზენტაციას დავესწარი და იმისათვის, რომ წარმოდგენა შეგიქმნათ, როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი, შემოგთავაზებთ "ESM"- ის პირველკურსელ მარიამ თაბაგართან საუბრის ჩანაწერს. მარიამს მას შემდეგ ვესაუბრე, რაც მან და მისმა მეგობრებმა საკუთარი პროექტის წარდგინება დაასრულეს და, შეფასების მოლოდინში, გვარიანადაც ღელავდნენ.

[მარიამ თაბაგარის ხმა] "სამ ჯგუფს აქვს თემა, სამივეს დამოუკიდებლად აქვს მოპოვებული ინფორმაცია და შემდეგ ვადარებთ ერთმანეთს. ერთგვარი კონკურენციასავით მიდის. საკმაოდ ვინერვიულე, რადგან ეს ჩემთვის პირველი პრეზენტაცია იყო. რამდენად კმაყოფილი ვარ ჩვენი პროექტით, ვერ გეტყვით. ალბათ, შესაძლებელი იყო უკეთესად მოვმზადებულიყავით."

მარიამისა და მისი მეგობრების მიერ მომზადებული ბიზნესგეგმა ხელსახოცების წარმოების მომგებიან წარმოებად აწყობის გეგმას წარმოადგენდა. მარიამმა მითხრა, რომ ამ პროექტზე მუშაობა მას და მის მეგობრებს ყველაზე მეტად ინფორმაციის მოპოვების კუთხით გაუჭირდათ. საკურსო ბიზნესპროექტებზე მუშაობისას "ESM" - ის სტუდენტებს ინფორმაციის მოპოვება დამოუკიდებლად მართებთ და, როგორც მარიამი ამბობს, ამ შემთხვევაში ჩვენში კარგად აპრობირებული "ნაცნობობის" მეთოდის გამოყენების გარეშე ძალიან რთულია ფონს გასვლა. ამა თუ იმ წარმოებაში ინფორმაციის მისაღებად მისული სტუდენტები საგადასახადო სამსახურის თანამშრომლები ჰგონიათ და წარმოების პროცესზე, საგადასახადო ვალდებულებებსა და მათ შესრულებაზე ნამდვილ ინფორმაციას, როგორც წესი, უმალავენ, თუმცა ისინი მაინც ახერხებენ რეალური წარმოდგენა შეიქმნან იმაზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის სფეროში ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ პირველკურსელები არიან, "ESM"- ის სტუდენტებმა პედაგოგების და თანაკურსელების წინაშე მშვენივრად აჩვენეს, რომ საკმაო წარმოდგენა აქვთ იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში წარმოების განვითარებას ეღობება წინ. ისიც კარგად იციან, რატომ არის ქართული პროდუქცია უხარისხო, მაგალითად, ჩაი. პირველკურსელთა ერთი ჯგუფის ბიზნესპროექტი სწორედ ქართული ჩაის, "ელიტარული შავის", წარმოების აწყობას ეხებოდა და ამ პროექტის პრეზენტაციაზე "კონკურენტების" სუსტ და ძლიერ მხარეებზე "ESM"-ის პირველკურსელმა რუსუდან ფურცელაძემ ასე იმსჯელა:

[რუსუდან ფურცელაძის ხმა] " ჩვენს კონკურენტებს ბაზარზე მყარი პოზიციები უკავიათ, რაც მათი ძლიერი მხარეა. მათ ჩაის წარმოება უჯდებათ იაფი, რადგან იყენებენ ჩაის ბუჩქის გაუხეშებულ ნაწილებს და საქართველოში არსებული არაკანონიერი ქმედებები ჩვენს კონკურენტებს საშუალებას აძლევს იაფად შემოიტანონ და ასევე იაფად გაყიდონ პროდუქცია, რადგან იყენებენ კონტრაბანდულ პროდუქციას.
კონკურენტების სუსტი მხარე არის ის, რომ მათი ჩაის ხარისხი არის დაბალი, ჩაის არა აქვს ძლიერი არომატი და ვერ ვიტყვით, რომ არის ეკოლოგიურად სუფთა. ველაპარაკეთ ლაბორანტებს და გავარკვიეთ, რომ ურევენ რაღაც მინარევებს, რომელთა შესახებ თვითონაც არაფერი იციან და ჩვენ როგორ უნდა გავიგოთ, ეკოლოგიურად რამდენად სუფთაა მათი პროდუქცია."

რუსუდანმა და მისმა მეგობრებმა პედაგოგებთან და თანაკურსელებთან დებატებისას დიდხანს ამტკიცეს, რომ შეძლებდნენ კონკურენტებთან გამკლავებას იმ უპირატესობით, რომ მაღალხარისხიან ჩაის დაამზადებდნენ. იყო საუბარი იმაზე, თუ მყიდველის მოსაზიდად როგორ გამოიყენებდნენ რეკლამას, როგორ ააწყობდნენ დისტრიბუციის ქსელს და ასე შემდეგ. "ელიტარული შავის" წარმოება სტუდენტებს ტყიბულში ჰქონდათ წარმოდგენილი. მათ პროექტზე საუბარს აღარ გავაგრძელებ. მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ პროექტის პრეზენტაციაზე ავტორები პედაგოგების, ასე ვთქვათ, ჩამჭრელ შეკითხვებს კონტრჩამჭრელი შეკითხვებით უპასუხებდნენ. ეს იყო დებატები, სადაც მხარეები თანაბარ პოზიციებზე იდგნენ და, რა თქმა უნდა, კორექტულობის ფარგლებში, ერთმანეთს თითქმის არაფერს არჩენდნენ. ამ დროს სტუდენტებს არ ეტყობოდათ, რომ ნერვიულობდნენ. ისინი პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ღელავდნენ, თუმცა საამისო მიზეზი არ ჰქონდათ. მათმა ერთ-ერთმა პედაგოგმა, რევაზ ვაჩნაძემ, წინასწარ გაგვიმხილა, რომ 11 ივნისს გამოკითხულ ჯგუფებს მაღალი შეფასებები ელოდათ.

[რევაზ ვაჩნაძის ხმა] "ამ პროექტის გაკეთებამ მათ უნდა დაანახვოს პრობლემები, რაც ბიზნესის ცალ-ცალკე სფეროში შეიძლება აღეძრათ. ბიზნესის კურსი ეს არის შესავალი კურსი, რომლითაც ჩვენ ბავშვს ვაგდებთ წყალში და შემდეგ მას ინტერესი უნდა მიეცეს, რომ გაცუროს. შესაბამისად, ჩვენც ხელს ვახმარებთ ხოლმე. "

დავით პაიჭაძის ინტერვიუ სტუდენტებთან: თამთა შერმადინთან და დათო ნიშნიანიძესთან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG