Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ უცხადებს საპარლამენტო ოპოზიცია ბოიკოტს პარლამენტს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 17 ივნისს, რამდენიმე ცდის მიუხედავად, პარლამენტის სესია ვერ გაიხსნა. მიზეზი ბანალურია - საპარლამენტო ოპოზიციის ერთი ჯგუფი კვლავ ბოიკოტს უცხადებს პარლამენტის სხდომებს.

თემატური უმრავლესობა კი სხდომის დაწყებისთვის აუცილებელ ხმებს ვერ აგროვებს. არადა, საგაზაფხულო სხდომის ბოლო სასესიო კვირის დღის წესრიგში წინა დღით პარლამენტის ბიურომ 57 განსახილველი საკითხი შეიტანა. როგორც ჩანს, პარლამენტს არაერთხელ მოუწევს რიგგარეშე და საგანგებო სხდომებზე შეკრება. რატომ უცხადებს საპარლამენტო ოპოზიცია ბოიკოტს პარლამენტის სხდომებს?


შეგახსენებთ: საპარლამენტო ოპოზიციის მიერ პარლამენტის სხდომებისთვის ბოიკოტის გამოცხადების მიზეზად იქცა მაისის ბოლოს პარლამენტში ცენტრალური საარჩევნო კომისიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ჩაგდება. იმასაც შეგახსენებთ, რომ, ოპოზიციის აზრით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გაუქმება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესზე შეთანხმების წინაპირობა იქნებოდა. განსხვავებული პოზიცია აქვს თემატურ უმრავლესობას, რომელსაც არცთუ უსაფუძვლოდ მიაჩნია, რომ არსებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის გაუქმება ოპოზიციისთვის დამატებით ბერკეტად იქცეოდა ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის შემუშავების დროს საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად. ასეა თუ ისე, ოპოზიცია სხდომებზე არ ცხადდება, პარალელურად კი, ახალ პირობებს აყენებს სხდომაზე დასასწრებად. მაგალითად, გაერთიანებული დემოკრატები კატეგორიულად მოითხოვენ პარლამენტის დღის წესრიგში ჩაერთოს ხელისუფლების მიერ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების გეგმა. გიორგი ბარამიძის განცხადებით, ეს გეგმა პარლამენტში, მინიმუმ, სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ უნდა წარმოადგინოს. სხვა მოთხოვნა აქვს ტრადიციონალისტთა კავშირს, რომელსაც საარჩევნო კანონმდებლობის განხილვის დაწყებამდე აუცილებლად მიაჩნია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა - ეს ცვლილებები ქვეყნის სამხარეო მოწყობის პრინციპებს განსაზღვრავს. თუ ამ პროექტს პარლამენტი არ განიხილავს, ტრადიციოანლისტთა კავშირი სხდომათა დარბაზის დატოვებით იმუქრება.
ორივე მოთხოვნა პარლამენტის ბიურომ 16 ივნისს დააკმაყოფილა და ამ კვირის დღის წესრიგში შეიტანა, მაგრამ 17 ივნისს კვორუმის შეკრება სესიის გასახსნელად მაინც ვერ მოხერხდა.
აშშ-იდან დაბრუნებული პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით, დახურულ კარს მიღმა იმართება ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესთან დაკავშირებული კონსულტაციები. მართალია, თავად ნინო ბურჯანაძე იმედს არ კარგავს და ფრთხილად შენიშნავს, რომ ოპონენტთა პოზიციები ნელნელა უახლოვდება ერთმანეთს, მაგრამ კონსულტაციების მონაწილეთა კომენტარები სულ სხვა შთაბეჭდილებას ტოვებს და ერთი საბავშვო თამაშის ასოციაციას ბადებს, გზაზე მიმავალი კაცის ამბავს რომ ეხება. რატომ უნდა იყოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 20 კაცით დაკომპლექტებული და მათგან სახელისუფლებო ძალებს რატომ უნდა ეკუთვნოდეთ 6 ადგილი - ეს ოპოზიციის ვერსიაა - ან 8 - ამას უკვე მოქალაქეთა კავშირი ითხოვს, - სრულიად გაუგებარია.
XS
SM
MD
LG