Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინა კვირის რუსეთის პრესაში ისევ აქტუალური იყო "გაზპრომის" თემა. გარდა


გიორგი კაკაბაძე, თბილისი წინა კვირის რუსეთის პრესაში ისევ აქტუალური იყო "გაზპრომის" თემა. გარდა ამისა, 9 ივნისის "ნეზავისიმაია გაზეტაში" გაანალიზებულია საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი პოლიტიკა.

გესაუბრებით აღნიშნული წერილების გარშემო.

"ნეზავისიმაია გაზეტა" წერს, რომ "საქართველოს ხელისუფალთა საშინაო პოლიტიკა, ადგილობრივ ექსპერტთა განმარტებით, მის უქონლობაში მდგომარეობს".
გაზეთის თქმით,

"ამიტომ შემთხვევითი კი არა, კანონზომიერიცაა რეგიონებთან ურთიერთობებში არსებული სირთულეები: აჭარის ფინანსური დაუმორჩილებლობა, ეთნო-სოციალურ ნიადაგზე ვითარების პერიოდული გამწვავება ნაციონალური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში, ქვეყნის კატასტროფულად დაბალი სოციალურ-ეკონომიკური დონე, თითქმის მილიარდიანი საგარეო ვალი და ნახევარმილიონიანი საშინაო ვალი ბიუჯეტის დაცულ მუხლებში".
"ხელისუფლების რეიტინგი, სხვადასხვა გამოკითხვის მიხედვით, უკიდურესად დაბალია. გაერთიანებული ოპოზიცია არ მალავს, რომ მომავალ არჩევნებში აპირებს ამ გარემოებით ისარგებლოს. მით უფრო, რომ ოპოზიციას დადებითი გამოცდილება აქვს: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არჩევნების დროს შევარდნაძის მოწინააღმდეგეებმა სწორედ რომ პოპულისტური ლოზუნგების შემწეობით გაიმარჯვეს. მაშინდელმა მარცხმა იმდენად შეაფიქრიანა პრეზიდენტი შევარდნაძე, რომელმაც პრაქტიკულად დაკარგა დედაქალაქზე კონტროლი, რომ მან გადაწყვიტა თავად გაძღოლოდა საპარლამენტო არჩევნებში პროსახელისუფლებო ბლოკს "ახალი საქართველოსთვის". თუმცა შეიძლება ეს საკმარისი არ აღმოჩნდეს".


"ნეზავისიმაია გაზეტა" წერს, რომ " საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც საგარეო პოლიტიკაში კომპლემენტარობისა და მრავალვექტორიანი კურსის დეკლარირებას ახდენს, სინამდვილეში თანმიმდევრულად ატარებს პროამერიკულ კურსს".
გაზეთის მიხედვით,


"ამის გამო სულ უფრო ხშირად იკვეთება აზრთა სხვადასხვაობა კონტინენტურ ევროპასთან. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოდ გამოვლინდა ერაყის კრიზისის დროს. ედუარდ შევარდნაძემ თავიდანვე უსიტყვოდ დაუჭირა მხარი სამხედრო ოპერაციას ერაყში, რითაც გამოიწვია გაღიზიანება როგორც "დემოკრატიის ექსპორტის" მოწინააღმდეგეებში, ისე ქვეყნის შიგნით".
წერილში ნათქვამია, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა, მათიას იორშმა და ევგენი კირილოვმა, "უაღრესად მკაცრ განცხადებაში ხაზი გაუსვეს იმ მძიმე სიტუაციას, რომელიც სუფევს ადამიანის უფლებების დაცვის, სიტყვისა და აღმსარებლობის თავისუფლების მხრივ, აღნიშნეს საპარლამენტო არჩევნების წინ ქვეყანაში არსებული არახელსაყრელი პოლიტიკური ფონი და ეჭვქვეშ დააყენეს მიზანშეწონილობა საქართველოს შემდგომი ყოფნისა ევროსაბჭოში, სადაც თავის დროზე ქვეყანა გარკვეული შენიშვნებით მიიღეს".


წინა კვირაში ისევ აქტუალური იყო ენერგოპრობლემატიკა. 10 ივნისის "გაზეტას" თქმით, "ანალიტიკოსები საკმაოდ ოპტიმისტურად აფასებენ "გაზპრომის" "ქართულ" პერსპექტივას.


ანალიტიკოსმა ვლადისლავ ტოპკომ "გაზეტას" განუცხადა, რომ "ნატოში შესვლასთან დაკავშირებული გეგმები ედუარდ შევარდნაძეს ხელს არ შეუშლის გაზი შეისყიდოს რუსეთის მონოპოლიისგან. ანალიტიკოსის თქმით, შევარდნაძის ძველი კავშირები მეტად მჭიდროა იმისათვის, რომ უარი თქვას რუსეთის კომპანიებთან მეგობრობაზე".
10 ივნისის გაზეთ "ვრემია ნოვოსტეის" თქმით კი,


" მოსკოვისკენ მორიგი შემობრუნება ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკაში უფრო მეტად მომავალი არჩევნების მოახლოებით უნდა იყოს განპირობებული. საქართველოს ენერგოდეფიციტის სერიოზული პრობლემების გადაჭრა მხოლოდ რუსეთთან თანამშრომლობითაა შესაძლებელი. ამან კი, თავის მხრივ, შესაძლოა, მნიშვნელოვნად განამტკიცოს მოქმედი პრეზიდენტის მდგომარეობა და ოპოზიციის შანსები შეასუსტოს".
XS
SM
MD
LG