Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ირანის ბირთვულ პროგრამას იხილავს


ანდრო ეული, პრაღა ვენაში დაფუძნებული გაეროს უწყების, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელობა მეორე დღეა იხილავს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ პრობლემას,

ხოლო ხსენებული სააგენტოს დირექტორი მოჰამედ ელ-ბარადეი თეირანს მოუწოდებს - ხელი მოაწეროს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებასთან დართულ დამატებით ოქმს, რაც სააგენტოს ექსპერტებს მისცემდა შესაძლებლობას - ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეამოწმონ ირანში ნებისმიერი ბირთვული ობიექტი.

როგორც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს პრეს-მდივანმა მელისა ფლემინგმა განაცხადა ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში, დამატებითი ოქმის ხელმოწერას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, ვინაიდან სააგენტოს ექსპერტებს მიეცემათ უფლება, არა მარტო ირანის მიერ დასახელებული საწარმოები, არამედ ნებისმიერი ობიექტი შეამოწმონ ირანში როცა კი მოესურვებათ.

1991 წელს შედგენილი ეს დამატებითი ოქმი უკვე 30, მათ შორის ევროკავშირის 15-ვე წევრი-ქვეყნის მიერაა რატიფიცირებული; ევროკავშირისა, რომელიც ორშაბათს შეუერთდა იმ ქვეყნებს, ოქმის ხელმოწერისკენ რომ მოუწოდებენ თეირანს. ევროკავშირი, ირანის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია.

ახლა უკვე რუსეთიც მოუწოდებს ირანს, ხელი მოაწეროს ხსენებულ ოქმს, რომელსაც სხვებთან ერთად მოსკოვმაც მოაწერა ხელი. როგორც ცნობილია რუსეთი, ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში ეხმარება ირანს. მოელიან, რომ ბუშერის ატომური ექეტროსადგური 2005 წელს ამოქმედდება.

აშშ-მა არაერთგზის მოუწოდა მოსკოვს გააუქმოს ხსენებული სადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით ირანთან დადებული 800 მილიონი დოლარის გარიგება. ვაშინგტონი შეშფოთებულია იმის გამო, რომ ბუშერის სადგურის ასამოქმედებლად მიღებული ტექნოლოგია და საწვავი ირანმა შესაძლოა ბირთვული იარაღის შესაქმნელად გამოიყენოს.

მოსკოვმა ყურად არ იღო ვაშინგტონის მოწოდება და განაგრძობს ირანისთვის ბირთვული ტექნოლოგიის მიწოდებას, მაგრამ როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, რუსეთს აწყობს, თუკი ირანი ხელს მოაწერს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებასთან დართულ დამატებით ოქმს,
ვინაიდან ეს შეანელებს შეერთებული შტატების ზეწოლას მოსკოვზე.

ირანი ჯერჯერობით უარს ამბობს ოქმის ხელმოწერაზე და აცხადებს, რომ სურს გარანტიის მიღება, რომ მისთვის ხელმისაწვდომი გახდება დასავლეთში სამოქალაქო დანიშნულების ბირთვული ტექნოლოგია. პრესკონფერენციაზე თეირანში, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჰამიდ რეზა ასეფიმ განაცხადა, რომ ირანი მზადაა გააგრძელოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი მიუკერძოებელი იქნება ირანის მიმართ.
XS
SM
MD
LG