Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვითარება გალის რაიონში იძაბება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი გალის რაიონში, სადაც რუსი მშვიდობისმყოფელები არიან განლაგებულნი, მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობა გრძელდება. 23 ივნისს გალის რაიონის სოფელ კოხარაში ეხუზბაიების ოჯახზე თავდასხმამ,

რომელსაც 63 წლის ქალბატონი ემსხვერპლა, კიდევ უფრო დაძაბა ვითარება არა მხოლოდ გალში, არამედ კონფლიქტის მოსაზღვრე სამეგრელოს რეგიონშიც. პარალელურად, სოხუმის ხელისუფლება გალში ქართული ტერორისტული ჯგუფის გადასვლის შესახებ აკეთებს განცხადებას და გალის რაიონში აფხაზური შეიარაღებული ქვედანაყოფები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში გადაჰყავს.


24 ივნისს ქართული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებდნენ სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს გალის რაიონში დივერსიულ-ტერორისტული ჯგუფის გადასვლის თაობაზე. უფრო კონკრეტულად, აფხაზური სპეცსამსახურების ოპერატიულ მონაცემებზე დაყრდნობით, სოხუმის ხელისუფლების თავდაცვის მინისტრი ვიაჩესლავ ერშბა აცხადებს, რომ 11 კაციანი დივერსიული ჯგუფი ზუგდიდის რაიონიდან გადავიდა სოფელ ლეკუხონაში. სოხუმის ხელისუფლებამ გალის რაიონში აფხაზური სამხედრო ქვედანაყოფები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა, პარალელურად, საქმის კურსში ჩააყენა რუსი მშვიდობისმყოფელები - სოფელი ლეკუხონა სამშვიდობოების მიერ კონტროლირებად ზონაში შედის.
სოხუმიდან მოსულ ინფორმაციაში მეტად საინტერესოდ გამოიყურება ცნობა გალის რაიონში აფხაზური ქვედანაყოფების სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის თაობაზე. არაერთგზის ხელმოწერილ და დადასტურებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ კონფლიქტში მონაწილე მხარეებს ეკრძალებათ უსაფრთხოების 12 კილომეტრიან ზონაში შეიარაღებული ნაწილების ყოლა. სოხუმის ხელისუფლება ამ შეთანხმებას არა მხოლოდ არღვევს, არამედ დემონსტრაციულად აცხადებს, რომ უსაფრთხოების ზონაში განლაგებული შეიარაღებული ნაწილები საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი.
საფიქრებელია, რომ სოხუმის ხელისუფლების საბრძოლო რიტორიკის გააქტიურების მიზეზად იქცა გასული კვირის ბოლოს პარლამენტის სხდომაზე საქართველოს უშიშროების მინისტრის ვალერი ხაბურძანიას განცხადება, აფხაზეთის კონფლიქტის სამშვიდობო მოლაპარაკებების პარალელურად, აფხაზეთის ძალისმიერი მეთოდებით დაბრუნების გეგმის არსებობის შესახებ. ამ განცხადებას სოხუმის ხელისუფლება აქტიურად გამოეხმაურა. სოხუმის ვიცე-პრეზიდენტის ვალერი არშბას პროგნოზით, აფხაზეთის კონფლიქტის ძალისმიერი მეთოდით მოგვარების მცდელობა საბოლოოდ დაშლის საქართველოს. მისივე აზრით, შევარდნაძე არჩევნების წინ ცდილობს ელექტორატი დაარწმუნოს, რომ შესწევს ძალა აფხაზეთის კოფნლიქტი მოაგვაროს.
სოხუმის ხელისუფლების კიდევ ერთი წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა კი მოითხოვს იმ შეთანხმების შესრულებას, რომლის თანახმადაც, უნდა დაისაჯოს ის პირი, ვინც კონფლიქტის ძალისმიერი მოგვარების შესახებ აკეთებს განცხადებებს.
საქართველო აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან გზას უჭერს მხარს - ასეთი განცხადება გააკეთა 24 ივნისს რადიო "იმედის" ეთერში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა. თუ ეს სენტენცია ახალი არ არის, ნამდვილად სიახლით გამოირჩევა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჰაიდი ტალიავინის განცხადება, რომ გაერო განიხილავს წინადადებებს გალის რაიონში გაეროს ეგიდით შერეული ადმინისრტაციის შექმნასთან დაკავშირებით. მისივე ვარაუდით, გამორიცხული არ არის, უახლოეს მომავალში გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ გაეროს მისიას სამოქალაქო პოლიციის ელემენტები დაემატოს.
XS
SM
MD
LG