Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიუჯეტი 120 მილიონით "შეიკრიჭება"


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი როგორც მოსალოდნელი იყო, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარე მოლაპარაკება მეტისმეტად დაძაბული აღმოჩნდა. პაოლო ნოიჰაუსის თბილისური მისიის წინ ხელისუფლებაში ჯერ კიდევ იყო ილუზია,

რომ ფონდი, ადრეული წლების პრაქტიკის გათვალისწინებით, პოლიტიკურად და ეკონომიკურად დაძაბულ სიტუაციაში თვალს დახუჭავდა შეთანხმებული პროგრამიდან გადახვევაზე და მოახლოებული არჩევნების წინ საქართველოს ავანსად უბოძებდა ტრანშს. თუმცა უკვე მოლაპარაკების პირველი რაუნდიდან ცხადი გახდა, რომ მისიონერებს დათმობებზე წასვლა გაუჭირდებათ და ამის საბაბს მათ, პირველ რიგში, ჩვენი მთავრობა აძლევს.

წინა ვიზიტისას დატოვებული პროგრამის უმთავრესი მუხლები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტსა და ენერგოტარიფს ეხებოდა, კვლავ შეუსრულებელია. მთავრობამ ფონდის ჩამოსვლის წინ არათუ ვერ შეძლო საბიუჯეტო მოსაკრებლების ამოღების მაჩვენებლის ზრდა, პირიქით, ორი კვარტალის გეგმა სერიოზულად ჩააგდო. თუ ადრე მთავრობა ბიუჯეტთან მიმართებაში ფონდის პარამეტრების დაცვას მაინც ახერხებდა, ამჯერად ამ პარამეტრებიდან გადახვევამ ლამის 10 მილიონს მიაღწია, რაც უპრეცედენტო მოვლენა გახლავთ და რაც კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას.

ამ დღეებში გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2003 წლის პირველ 6 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლები 84 პროცენტითაა შესრულებული და გარღვევა თითქმის 90 მილიონს შეადგენს, ანუ, დაგეგმილი 529 მილიონი ლარის ნაცვლად, ბიუჯეტში 6 თვეში მხოლოდ 443 მილიონი შევიდა. განსაკუთრებული ჩამორჩენაა საბაჟოს კუთხით, რომელმაც ხაზინას 33 მილიონი დააკლო.

გასულ კვირაში კანცელარიაში და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში მიმდინარე პერმანენტული თათბირები, ძირითადად, ფონდთან მოლაპარაკებას ეძღვნებოდა. მედიის მტკიცებით, პრეზიდენტი შეუსრულებელი ბიუჯეტის გამო სერიოზულ საკადრო ცვლილებებს განახორციელებდა. პრესა პირველ სამიზნედ მირიან გოგიაშვილს ასახელებდა, რასაც კანცელარიის კორიდორებში მოარული ჭორები და ფინანსთა მინისტრისა და ავთანდილ ჯორბენაძის ბოლოდროინდელი დაპირისპირებაც ამაგრებდა, ქვეყნის პირველი ფინანსისტის თანამდებობაზე შესაძლო კანდიდატებიც დასახელდა, თუმცა პრეზიდენტმა მირიან გოგიაშვილიც და ეკონომიკური ბლოკის სხვა მინისტრებიც პოსტებზე დატოვა. საკადრო წმენდა მხოლოდ საბაჟოს შეეხო, სადაც თარხან-მოურავმა რეგიონალური საბაჟოების ყველა უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

არჩევნების წინ და ფონდთან გართულებული ურთიერთობის ფონზე საკადრო ცვლილებები, ალბათ, დღის წესრიგიდან არ არის მოხსნილი. ამას ემატება ბოლო კვირის სკანდალი, რომელიც პურის გაძვირებასთან იყო დაკავშირებული და რომელსაც სხვადასხვა წრეები სხვადასხვაგვარად ხსნიან. უძველესი პოლიტიკური თეზა "პური და სანახაობა" ამ შემთხვევაში საფრთხის ქვეშ დგება. სანახაობას საქართველოში რა გამოლევს, აი პურის გაძვირება კი პოლიტიკური კოლაფსის ტოლფასი შეიძლება აღმოჩნდეს ხელისუფლებისათვის. თუ ამას თან დაერთო ფონდის პროგრამის შეჩერება და პარიზის კლუბში ვალების გადავადებაზე საქართველოს პარტნიორის გარეშე დატოვება, ადვილი წარმოსადგენია ხელისუფლება რა მდგომარეობაში აღმოჩნდება.

სავალუტო ფონდი საქართველოს 7 ივლისს დატოვებს. მართალია, მათი სამახსოვრო მემორანდუმის პუნქტები ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ ამთავითვე ნათელია, რომ ამ რეკომენდაციებში აუცილებლად დარჩება "ძველი" რჩევები ენერგოტარიფის გაზრდის, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ამოღების, ბიუჯეტის სეკვესტრისა და ფისკალური წესრიგის დამყარების თაობაზე. ეს რეკომენდაციები ფონდის თითქმის ყველა მემორანდუმში მეორდება და მათ რეალიზებას საქართველოს მთავრობა თითქმის ვერასდროს ახერხებს.

მისიის ვიზიტის წინ ფინანსთა სამინისტრომ პაოლო ნოიჰაუსს ბიუჯეტის 85 მილიონიანი კორექტირების პროექტი დაახვედრა, თუმცა შეუსრულებელი საგეგმო მაჩვენებლების ფონზე ეს აშკარად არასაკმარისი აღმოჩნდა. მოლაპარაკების მსვლელობისას ფონდი დაახლოებით 135 მილიონიან სეკვესტრს ითხოვდა. ამ დროისათვის ფინანსთა სამინისტრო მისიას შემოსავლების ნაწილის 100 მილიონიან სეკვესტრს, ხოლო ხარჯების კუთხით 20 მილიონის შეკვეცას სთავაზობს. ჯერ არ არის ცნობილი, დათანხმდება თუ არა ფონდი ამ წინადადებას, თუმცა ნათელია, რომ თანხმობის შემთხვევაშიც სეკვესტრის განხორციელება შეიძლება მტკივნეული და შეუსრულებელი ამოცანა აღმოჩნდეს, რადგან ამ პროცედურას პარლამენტის თანხმობა სჭირდება, არჩევნების წინ კი კანონმდებლები მოერიდებიან ხარჯების მოკვეცას. ასევე გასაიდუმლოებულია, თუ რომელი მუხლების ხარჯზე "შეიკრიჭება" ბიუჯეტი. მირიან გოგიაშვილი აცხადებს, რომ სეკვესტრისაგან დაცული მუხლები დაზღვეული იქნება, მაგრამ ძნელი დასაჯერებელია 120 მილიონ ლარიანი შეკვეცა სოციალური პროგრამების გვერდის ავლით მოხერხდეს.

საკანონმდებლო ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს აგრეთვე ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომლის შინაარსიც ასევე გასაიდუმლოებულია და რომელსაც დაჟინებით მოითხოვს სავალუტო ფონდი. ასევე წარმოუდგენელია, რა გზით აპირებს ხელისუფლება ენერგოტარიფის ძველ დონეზე აღდგენას, მაშინ, როცა თავის დროზე მისი შემცირების ვერდიქტი საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა. ან რა გარანტია შეიძლება მისცეს ფინანსთა სამინისტრომ ფონდს ბიუჯეტის შესრულების თვალსაზრისით, როდესაც მარტო 6 თვეში გარღვევამ 90 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო დარჩენილი პერიოდი, ძირითადად, საარჩევნო ბატალიების ნიშნით ჩაივლის და ძნელი სავარაუდოა, პოლიტიკური ინტრიგებით გართულმა ხელისუფლებამ ფისკალური მობილიზაცია შეძლოს და, საარჩევნო კონიუნქტურის ცდუნების ნაცვლად, ადმინისტრირება გაამკაცროს. ყოველივე ეს გვაფიქრებინებს, რომ ფონდის პროგრამის შეჩერების საფრთხე სავსებით რეალურია. ერთადერთი კომპრომისი, რაც ნოიჰაუსის მისიამ შეიძლება დაუშვას, პროგრამის მცირე ხნით გადავადება და შემოდგომით, ახალი რევიზიის შემდეგ, დირექტორთა საბჭოზე მისი განხილვაა.

ბოლო პერიოდში ხელისუფლებაში მომძლავრებული "ანტიფონდისტური" განწყობის მიუხედავად, მისიას მკვეთრი კრიტიკა ჯერ არ დაუფიქსირებია, ამგვარი რამ, სავარაუდოდ, არც მისიის დასრულების შემდეგ არის მოსალოდნელი, რადგან სავალუტო ფონდი გახლავთ საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელიც არავის აძალებს მასთან თანამშრომლობას და მის რეკომენდაციებსაც რჩევის ფორმატი აქვს. არადა, ეს რჩევები სტანდარტულია და, ალბათ, ნებისმიერმა ნორმალურმა ხელისუფლებამ თავად, სხვისი კარნახის გარეშე, უნდა მოინდომოს, რომ რეალური ბიუჯეტი ჰქონდეს, საკუთარ მოსახლეობას ხელფასები და პენსიები დროულად დაურიგოს, მიწოდებული ელექტროენერგიის საფასური ამოიღოს, კორუფციას ებრძოლოს და ფისკალური წესრიგი დაამყაროს ქვეყანაში. სამწუხაროდ, ამგვარ პოლიტიკურ ნებას ჩვენი მთავრობა არათუ თვითონ არ ამჟღავნებს, კეთილისმსურველების რჩევებზეც არაადეკვატურად რეაგირებს, რითაც ისევ თავის თავს აგდებს უხერხულ მდგომარეობაში.
XS
SM
MD
LG