Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული კვირის ქართული პრესის გმირად უნდა ჩაითვალოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო


თამარ ჩიქოვანი, თბილისი გასული კვირის ქართული პრესის გმირად უნდა ჩაითვალოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, რომლის შეხვედრამაც ქართული ინტელიგენციის ერთ ჯგუფთან არაერთ ჟურნალისტურ ვერსიას შეუქმნა საფუძველი.

4-10 ივლისის გაზეთ "ახალი ეპოქის" აზრით, ოპოზიციის გაერთიანების ფუჭი მცდელობების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარი დასაყრდენის ძიება დაიწყო. გაზეთი ეჭვს გამოთქვამს, რომ ნინო ბურჯანაძისადმი მხარდაჭერის დემონსტრირება ოპოზიციის გაერთიანებისთვის ყოფილიყოს ჩაფიქრებული. მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარესა და ნაციონალური მოძრაობის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი არცთუ უღრუბლო ურთიერთობის მიზეზების გათვალისწინებით, საეჭვოდ გამოიყურება იმის შესაძლებლობა, რომ ნაციონალთა ლიდერმა პარლამენტის უპარტიო თავმჯდომარისთვის "ინტელიგენტური მხარდაჭერა" დააფასოს და ანგარიში გაუწიოს. მით უმეტეს, რომ ნინო ბურჯანაძემ ხაზგასმით უარყო სააკაშვილის მთავარი რადიკალური წინასაარჩევნო ლოზუნგი "საქართველო შევარდნაძის გარეშე" და გამოამზეურა საკუთარი, რომელიც ასე ჟღერს: "რევოლუციური ცვლილებები რევოლუციის გარეშე". გაზეთი "ახალი ეპოქა" წერს:


"პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრამ ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, რომ მოქკავშირის ინტელიგენცია უკვე პოსტშევარდნაძისეული პერიოდისთვის ემზადება და ფსონს ნინო ბურჯანაძეზე აკეთებს. ფრაზები: "ის ღირსეულად წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე", "კარგად გამოდის", "რთული სიტუაციებიდან გამოსავალს პოულობს" და ასე შემდეგ, არა ერთხელ მოგვისმენია საქართველოს პრეზიდენტის ღირსებებზე იმავე ინტელიგენციის მსჯელობისას.
ნინო ბურჯანაძე "კომპრომისული ფიგურა" ბრძანდება. ალბათ, შემთხვევითი არ იყო, რომ მან ჯერ კიდევ ზურაბ ჟვანიას თავმჯდომარეობისას დატოვა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი, შემდეგ კი "მოქკავშირის" მანდატი. ბევრმა მაშინ საეჭვოდ აღიქვა ნინო ბურჯანაძის პროტესტის საფუძველი - არჩევნების წინ პრეზიდენტის "ისტორიულ სანაგვეზე" გამგზავნი ვახტანგ რჩეულიშვილის ვიცე-სპიკერად არჩევა. ამ ნაბიჯით ნინო ბურჯანაძემ ერთგულება გამოუცხადა პრეზიდენტს და განუდგა ზურაბ ჟვანიას, რომლის თანხმობის გარეშე "აღორძინების" ბლოკში თავშეფარებული სოციალისტთა ლიდერი ვერაფრით მოიზომებდა ადგილს პარლამენტის პრეზიდიუმში.
ზურაბ ჟვანიას "თვითლიკვიდაციის" შემდეგ ნინო ბურჯანაძე ყოფილი უფროსი პარტიული მეგობრის სავარძელს სწორედ იმიტომ დაეპატრონა, რომ "კომპრომისული ფიგურა" იყო.
პარლამენტის თავმჯდომარე დღესაც "კომპრომისული ფიგურის" სტატუსით სარგებლობს. ამიტომ, ყოველივეს გათვალისწინებით, ძნელი სავარაუდო არ არის, რომ 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას ნინო ბურჯანაძის "კომპრომისული ფიგურაც" ვიხილოთ, ერთი მხრივ, რადიკალური ოპოზიციის კანდიდატსა და, მეორე მხრივ კი, ედუარდ შევარდნაძის " ნომინალურ მემკვიდრესთან" ერთად. ასეთ პირობებში ვისზე დადებს ფსონს ხსენებული ინტელიგენცია, ახლა ძნელი მისახვედრია.
თუმცა ნინო ბურჯანაძემ ჯერ კიდევ 2 ნოემბრის "საპარლამენტო ტესტი" უნდა ჩააბაროს - სახელისუფლებო ძალებისა და რადიკალური ოპოზიციის შეტევებს გაუძლოს."


მთელი კვირის მანძილზე ქართული პრესა ყურადღებით ადევნებდა თვალყურს პარლამენტში მიმდინარე კონსულტაციებს საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით. და თუ პარლამენტში კონსენსუსი კვლავ არ იქნა მიღწეული, არსებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობა საკმაოდ ნაყოფიერი გახლდათ - 2 ივლისის "მთავარი გაზეთის" ცნობით, 1 ივლისს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში უკვე გაატარა არჩევნებში მონაწილეობის მსურველი ორი სუბიექტი - ლიბერალური პარტია და პოლიტიკური გაერთიანება "ერთობა." გარდა ამისა, წამოაყენა საკანონმდებლო ინიციატივა არჩევნებში მონაწილეობის მსურველთათვის გირაოს გადასახადის შემოღების შესახებ.
"მთავარი გაზეთის" ცნობით:


"თუ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პროექტი კანონად იქცა, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს 200, ხოლო პრეზიდენტობის კანდიდატს 20 000 ლარის გადახდა მოუწევს. პარტიებს სიაში შეყვანილ თითო წევრზე ასევე 200 ლარის გაღება დასჭირდებათ, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 10 ლარის გადახდაც საკმარისი იქნება, თუმცა ეს წესი არ იმოქმედებს დიდი ქალაქებისთვის, სადაც საკრებულოს წევრობის მსურველებს 100 ლარის გაღება მოუწევთ.
გირაოს გადასახადი უკან დაუბრუნდებათ მხოლოდ იმ პარტიებს, რომლებიც ხმების 4 პროცენტს მაინც დააგროვებენ და პრეზიდენტობის იმ კანდიდატებს, რომლებიც პირველ და მეორე ადგილზე მოახერხებენ გასვლას.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის გია ზესაშვილის განცხადებით, ამ კანონის ამოქმედება ამომრჩეველს მოუტანს სარგებელს, რადგან სუსტი პარტიები, ალბათ, უარს იტყვიან არჩევნებში მონაწილეობაზე. არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" პრესმდივანი თამარ ჟვანია მიიჩნევს, რომ ეს ცვლილება მისაღებია, რადგან დიდი პარტიების პატარა სატელიტები, რომლებიც არჩევნებში მხოლოდ იმიტომ მონაწილეობენ, რომ სხვებს წაართვან ხმები, გამოეთიშებიან საარჩევნო მარათონს.
გია ზესაშვილი აცხადებს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ახალი არაფერი გამოუგონია, ანალოგიურ გადასახადს იხდიან სხვა ქვეყნებშიც და ეს საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა. "მინდა გითხრათ, რომ დიდ ბრიტანეთში არჩევნებს ბიუჯეტიდან არ აფინანსებენ და კანდიდატების მიერ შემოტანილი თანხებით ტარდება," - უთხრა "მთავარ გაზეთს" ზესაშვილმა."



გასულ კვირას სახელმწიფო ბიუჯეტის საკითხი ასევე ერთ-ერთ ყველაზე დამაინტრიგებელ თემად იქცა ქართველი ჟურნალისტებისთვის. უფრო ზუსტად კი, იმის გარკვევა, რამდენად შეძლებს ოფიციალური თბილისი საერთაშორისო სავალუტო ფონდის დარწმუნებას საკუთარ კომპეტენტურობაში შეუსრულებელი ბიუჯეტისა და რეკომენდაციების ფონზე. 4 ივლისის "დილის გაზეთის" ცნობით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მემორანდუმის შავი ვერსია უკვე არსებობს:


"გუშინ სახელმწიფო მინისტრთან რამდენიმესაათიანი თათბირის შემდეგ თითქმის დაზუსტდა, რომ სეკვესტრი 130-134 მილიონი ლარია, 6 თვის გარღვევა - 119-125 მილიონი.
ყველაზე რთულად შესათანხმებელი, ცხადია, სეკვესტრში მოსახვედრი ხარჯების ნუსხაა. ფონდი კატეგორიული წინააღმდეგია საგარეო ვალდებულებებისა და დაცული მუხლების შეკვეცის და მთავრობას ხარჯების შემცირებას აჭარის ტრანსფერის 40-მილიონიანი შეკვეცის ხარჯზე სთავაზობს იმ ლოგიკური არგუმენტით, რომ ეს რეგიონი თანხას არ რიცხავს. ძნელი საწინასწარმეტყველო არ არის, რომ თუ მთავრობა დასთანხმდება ფონდის ამ შემოთავაზებას, აჭარა ამ ყველაფერს საბიუჯეტო ომის გამოცხადებად შეაფასებს. თუ ბიუჯეტის შემცირება სოციალური მუხლების ხარჯზე მოხდება, ხელისუფლება სოციალურ ნაღმზე აფეთქდება. ჯორბენაძის მთავრობას, ტრადიციულად, ორ - ცუდსა და უარეს - ალტერნატივას შორის უწევს არჩევანის გაკეთება და თან ცაიტნოტურ ვითარებაში.
საბაჟო წმენდის შემდეგ ნაკლები მასშტაბის, მაგრამ მაინც წმენდა განხორციელდა საგადასახადო დეპარტამენტში. ფინანსთა სამინისტროში გამართულ სულ რაღაც 20 წუთიან თათბირზე მოხსნეს რეგიონალური და რაიონული სამსახურების უფროსები, აგრეთვე იესე ზაუტაშვილის ორი მოადგილე. დავით თარხან-მოურავი წმენდის შემდეგ პრეზიდენტთან ერთად იალტაში გაფრინდა.

"პრეზიდენტ შევარდნაძეს იალტაში მხოლოდ ერთი პრეზიდენტი დახვდა," - წერს 3 ივლისის გაზეთი "რეზონანსი", რომლის თქმითაც, თუ აზერბაიჯანის პრეზიდენტის იალტაში ჩაუსვლელობა ცნობილი იყო, არავინ უწყის, რატომ არ ჩავიდნენ სუუამის სამიტზე უზბეკეთისა და მოლდოვას პირველი პირები. სამაგიეროდ, სამიტს ესწრება აშშ-ის სახელმწიფო მინისტრის თანაშემწის მოადგილე სტივენ პფაიფერი, რამაც სამიტის მსვლელობას ახალი სიცოცხლე შესძინა.
XS
SM
MD
LG